საზოგადოება

ქართული ლიტერატურული კრიტიკა „ცოცხლდება“!

მწერალთა სახლში სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების (საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი) ინიციატივით გაიმართა საქმიანი დისკუსია თემაზე: „თანამედროვე ქართული მწერლობის ტენდენციები“.

ივერიონი“ მიესალმება ღია დისკუსიის დაწყებას თანამედროვე ქართულ მწერლობაში არსებულ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით. ამასთან, გუშინდელი საღამო გვაძლევს იმედს, რომ ასეთ ტიპის შეხვედრები ტრადიციად იქცევა და მსჯელობა თანამედროვე ქართული მწერლობის ზოგადი ტენდენციებიდან კონკრეტულზე გადავა.

მომხსენებლებმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა: ლიტერატურის კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ, მწერალმა და კრიტიკოსმა გია არგანაშვილმა და ახალგაზრდა კრიტიკოსმა ლევან ბებურიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს აშკარად დაანახეს, რომ ქართული ლიტერატურული კრიტიკა „ცოცხალია“. დავინახეთ ისიც, რომ აუცილებელია ორგანიზებული ხასიათი მიეცეს ასეთი ტიპის დისკუსიებს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც გემოვნებიანი მკითხველის ჩამოყალიბებას, ასევე, ქართული ლიტერატურის განვითარებასაც.

დისკუსია საინტერესო კითხვა-პასუხებში გადაიზარდა, სადაც ნათლად გამოიკვეთა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული ლიტერატურა საბოლოო დეგრადირების გზას არ დაადგეს!

საღამოზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდა კრიტიკოსის, ფილოლოგიის დოქტორის, ლევან ბებურიშვილისმოხსენებამ „ქართული მწერლობის ისტორიული მისია და თანამედროვეობა“, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ.

ქართული მწერლობის ისტორიული მისია და თანამედროვეობა

ქართულ მწერლობას განგებამ განსაკუთრებული ისტორიული მისია დააკისრა – ქართველი ერის ზნეობრივი წინამძღოლობა. მშობლიური ლიტერატურა ქართველი მკითხველისათვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის წყარო, გართობისა და თავშექცევის საშუალება.

ქართველი მკითხველი მშობლიურ მწერლობაში ყოველთვის ეძებდა პასუხებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზნეობრივ, ეროვნულ და სოციალურ საკითხებზე. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ ლიტერატურაში ვლინდებოდა ქართველი კაცის ჩახშული ტკივილი, მისი სულიერი მისწრაფება. მწერლობა ოდითგანვე ზნეობრივ დარაჯად ედგა ერს, აყურადებდა მის გულისცემას და მისი გულის ერთი მოძრაობაც არ გამოჰპარვია. ქართული კულტურის გაცნობისას უცხოელი მკვლევარებიც უმალ ამჩნევენ იმ გარემოებას, რომ „საქართველოში ღირებულებები… ზნეობრივ-მხატვრულ მახსოვრობაში ძევს“ (გ. გაჩევი).

მწერლობის ეროვნულ-საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხი თეორიულად ახალი ქართული ლიტერატურის კლასიკოსებმა დაამუშავეს. XIX საუკუნეში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვისა და საეკლესიო ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ერის სულიერი წინამძღოლობის მისია ქართულმა ლიტერატურამ იტვირთა. არსებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა და კულტურულმა ვითარებამ დიდწილად განსაზღვრა ქართველი მწერლის განსაკუთრებული სტატუსი და გამორჩეული პასუხისმგებლობა დააკისრა მას. იაკობ გოგებაშვილი წერდა: „თუ ქართველი მწერალი მგოსანია, საკმარისი არ არის იგი გენიალური პოეტი იყოს, – უკიდურესად საჭიროა, რომ ეს გენიალური პოეტი იყოს აგრეთვე გენიალური მოძღვარი, გენიალური პედაგოგი თავისი ერისათვის“. 

ამ ზნეობრივ-მოქალაქეობრივი სულისკვეთებით სუნთქავს მეოცე საუკუნის ქართული მწერლობაც. უახლესი ლიტერატურის კლასიკოსებს შესანიშნავად ჰქონდათ გათავისებული ქართველი მწერლის განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგნება. „ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს“,– აცხადებდა მიხეილ ჯავახიშვილი. კომუნისტური ტოტალიტარიზმის, არნახული სულიერი კრიზისის ეპოქაში სწორედ ლიტერატურამ მოახერხა, განეცხოველებინა ჰუმანისტური იდეალები და ზნეობრივი სახე შეენარჩუნებინა ადამიანისთვის.

პოსტსაბჭოთა ეპოქაში თანდათან დაიწყო მწერლობის დესაკრალიზაციის პროცესი. თანამედროვე ტელემწერლებმა და მომწერლო ლიბერტარიანელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ როგორმე საბჭოთა კლიშედ გამოეცხადებინათ მწერლის, როგორც გამორჩეული სოციალური და ეროვნული სტატუსის მქონე პიროვნების, კონცეფცია. ყოველივე ამის შემხედვარე, გულისტკივილს ვერ ფარავდა ოთარ ჭილაძე: „ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა განთავისუფლებისთანავე… უარი თქვა მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე, ანუ, ჩვენი ისტორიული პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნია და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად „თანამედროვე“ და „აქტუალური“ თემებით დაინტერესდა, როგორიცაა, თუნდაც, ჰომოსექსუალზმი, კოსმოპოლიტიზმი თუ გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა. ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ, თავისუფალი ადამიანისათვის. დღეს კი, მეტ-ნაკლებად თავისუფალ საქართველოში მონებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება“.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწერლის სოციალური სტატუსის დაკნინებას ხელი შეუწყეს არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, არამედ უფროსი თაობის ავტორებმაც, რომელთაც თავიანთი კონფორმიზმის გამო გაიტეხეს სახელი. 90-იან წლებში არაერთი სახელმოხვეჭილი მწერალი შავს თეთრად ასაღებდა და არ იშლიდა ქვეყნის კატასტროფის პირას მიმყვანი ხელისუფლის მეხოტბეობას. ამ პერიოდში მწერალთა კავშირი, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ერთ-ერთ დეპარტამენტს წარმოადგენდა და როდესაც ამ ორგანიზაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელი მთელი კავშირის სახელით ქვეშევრდომულ ერთგულებას ეფიცებოდა პოლიტიკურად გაკოტრებულ, საკუთარ ქვეყანაში წარუმატებელ „მსოფლიო დონის პოლიტიკოსს“, უფროსი თაობის მწერალთაგან, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არავის შეუწუხებია თავი, რომ გამიჯვნოდა საკუთარი თავმჯდომარის პოზიციას! 

არადა, ამ ურთულესი ვითარების ჟამს სწორედ მწერლისგან მოელოდა ხალხი მართალი სიტყვის თქმას. ქართველი მკითხველი თანდათან დარწმუნდა, რომ, სამწუხაროდ, ბევრ სახელმოხვეჭილ შემოქმედს მხოლოდ ქაღალდზე შეეძლო ერისკაცობა და პლურალისტულ გარემოშიც კი ვერ ახერხებდა კონფორმიზმისგან გათავისუფლებას. ამ გარემოებამ დიდად დასცა საზოგადოებაში მწერლისა და მწერლობის ავტორიტეტი.

დგას თუ არა დღეისათვის იმის საჭიროება, რომ ლიტერატურა ასრულებდეს ერისთვის სულიერი საზრდოს მიმწოდებლის ფუნქციას? ეკისრება თუ არა ქართველ მწერალს რაიმე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თანამედროვეობაში? საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი ახალი თაობის მწერლებს, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ მოღვაწეობას ამ თვალსაზრისით და, საზოგადოდ, გრძნობენ თუ არა ქართველი მწერლის კალმის სიმძიმეს. 

თანამედროვე პოპულარული ახალგაზრდა ავტორების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მწერალი მხოლოდ „ესთეტიკურ ფასეულობებზე უნდა იყოს ორიენტირებული“, მას არაფერი ესაქმება ერის წინამძღოლობასთან, ლიტერატურის დანიშნულების ტრადიციული გაგება კი დროს გაჰყვა თან. მათი აზრით, ერის ბედზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა ლიტერატურისა. მწერლის მოვალეობა მხოლოდ ისაა, რომ მკითხველისთვის თავშესაქცევი ნაწარმოებები თხზას.

ამგვარად, განმსჯელთ ტყუილად ჰგონიათ, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებამ ეროვნული პრობლემა თავისთავად გადაჭრა. თანამედროვეობამ ბევრად უფრო მწვავედ, სრულიად ახალ ჭრილში დააყენა წინაშე ნაციონალური იდენტობის შენარჩუნების საკითხი. ეპოქის პარადოქსია ის, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ ახერხებს ეროვნულ საფუძველზე წარმართოს საშინაო პოლიტიკა. ასეთ ვითარებაში ქართველ მწერალს ვერ ექნება იმის ფუფუნება, რომ არ აღელვებდეს ერისა და სამშობლოს ბედი. „ვით დაიძინოს… მშვიდი ძილი არ უწერია… იმას საფლავში, ვისი ერიც მცირე ერია!“ (გივი გეგეჭკორი). 

ქვეყანას მწერლის მხრიდან თანადგომა და მართალი სიტყვის შეშველება სჭირდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გარე ძალის მიერაა ოკუპირებული, არამედ მაშინაც, როცა იგი დამოუკიდებელია, მაგრამ სამარცხვინო პოლიტიკური ელიტა ჰყავს. რუსზე დიდი მტერი ქვეყნის მწამვლელი თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსია, – მთავარი წილის დამდები ქვეყნის გაჩანაგებასა და გაუბედურებაში!

როგორ შეიძლება, რომ თანამედროვე ეპოქაში მწერალი ასრულებდეს ეროვნულ ფუნქციას? ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ ხელოვანი აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მით უმეტეს მიზანშეწონილი არაა ეს იმის გათვალისწინებით, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მწერალთაგან ვინც კი პოლიტიკაში გაერია, თითქმის ყველამ მარცხი იწვნია და ის ზნეობრივი უპირატესობაც გაფლანგა, რაც თანამემამულეთა თვალში პოლიტიკაში წასვლამდე ჰქონდა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ თანამედროვე ქართველ მწერალთა უმეტესობა ცუდად ერკვევა პოლიტიკაში და ამიტომ უმჯობესიც იქნება, თუ მწერალი ამგვარი აქტივობისგან თავს შეიკავებს. სავსებით შესაძლებელია, მწერალი არ ერეოდეს პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ იყოს ნამდვილი მოქალაქე და ზნეობრივი ავტორიტეტი. უახლოეს წარსულში ასეთი მწერლის ერთ-ერთი მაგალითი იყო ოთარ ჭილაძე.

მწერლის მოღვაწეობისთვის ეროვნული მნიშვნელობის მინიჭება არც იმას გულისხმობს, რომ მას ვინმე ავალდებულებს, თავის შემოქმედებაში მხოლოდ აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას დაუთმოს ყურადღება. მშვენივრად წერს თამაზ ვასაძე: „მწერალი ასრულებს საზოგადოებრივ და ეროვნულ ფუნქციას ამის საგანგებო მცდელობის, დეკლარირებისა და სავალდებულო ნორმად დაწესების გარეშეც, როცა იგი ნამდვილი მწერალია, ანუ… სამყაროს ღრმა მჭვრეტელი და ჭეშმარიტების წრფელი მაძიებელია, რომელიც ახალ, სიმართლის ნათელმყოფელ სინამდვილეს ქმნის. ამ სინამდვილის უშუალო და ძალდაუტანებელი, სიღრმისეული ზეგავლენა მკითხველის ქვეცნობიერებაზე და ცნობიერებაზე ეხმარება მას, იქცეს თვითმყოფად პიროვნებად – მოსწყდეს მასობრივ ცნობიერებას, მოიპოვოს ავტონომიური თვლთახედვა, თვითშეგნება სულიერი სამყარო. საზოგადოებრივი და ეროვნული თვალსაზრისით ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ კი ძნელი წარმოსადგენია“. 

ნებისმიერი ადამიანის (მათ შორის, მწერლის) მოღვაწეობას ეროვნული მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, იმ შემთხვევაში აქვს, როდესაც იგი, კეთილსინდისიერად, მაღალპროფესიულ დონეზე იღვწის საკუთარ სფეროში. პრობლემის თავი და თავი კი სწორედ ისაა, რომ თანამედროვე ქართველ მწერალთა დიდი ნაწილი სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდება თავის საქმიანობას.

ჯერ კიდევ საუკუნის წინათ წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი: „მთელი ჩვენი ყურადღება იქით უნდა იყვეს მიპყრობილი, რომ ქართველ მწერალს შევაგნებინოთ შემოქმედებისათვის ესთეტიკურად დიდი პასუხისმგებლობა“. თუ შემოქმედებითი პასუხისმგებლობის დეფიციტზე მიდგა საქმე, ჩვენი დრო ამ თვალსაზრისით, ალბათ, სრულიად გამორჩეულია.

მწერალი არსებობს ენობრივ სამყაროში, ამდენად, მისი შემოქმედებითი უპასუხისმგებლობის უპირველესი ნიშანია ზერელე მოპყრობა მშობლიური ენისადმი. ზოგი რამ შეიძლება ეპატიოს მწერალს, მაგრამ ენისადმი გულგრილობა მისთვის მიუტევებელი დანაშაულია. თანამედროვე მწერალთა დიდ ნაწილს არ აქვს წერის ელემენტარული კულტურა, მშობლიური ენის ბუნებრივი გრძნობა, რომ აღარაფერი ვთქვათ გრამატიკის სრულ უცოდინრობაზე. მათ ტექსტებს ნაკლებად ემჩნევა შრომის, გარჯის კვალი. ისევე როგორც ყველა ამ ქვეყანაში, თანამედროვე მწერალიც ხალტურაზეა გადასული და თავს ნაკლებად იწუხებს ორიგინალური სტილის ძიებით, ენის დახვეწით, ტექსტის მხატვრული სრულყოფით, რადგან მიეჩვია, რომ მისი ნაწერი ამის გარეშეც იოლად საღდება და არავითარი დაბრკოლება არ ხვდება ჟურნალსა თუ გამომცემლობაში.

თანამედროვე ახალგაზრდა ავტორთა ნაწარმოებების კითხვისას აშკარად იგრძნობა ეროვნული სულის დეფიციტი, გულგრილობა აქტუალური ზნეობრივი და მოქალაქეობრივი პრობლემებისადმი. არადა, შეუძლებელია, ეს საკითხები პირდაპირ თვალში არ ეჩხირებოდეს მას, ვისაც თანამედროვეობის თემატიკაზე წერა განუზრახავს. ისევ ოთარ ჭილაძის სიტყვებს გავიხსენებთ: „ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ქართულად წერენ, მაგრამ ქართული ეროვნული სულისკვეთება არ გააჩნიათ. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჰემინგუეის ნაბიჭვრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ყაზბეგის კანონიერ მემკვიდრეებს“.  

ეროვნული სული ვერ ექნება მას, ვინც საფუძვლიანად არ იცნობს და პატივს არ სცემს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. თანამედროვე, ნეოლიბერალური ფრთის მწერალთა თვალში ქართული კულტურა არსებითად პროვინციალიზმის გამოვლინებაა და,  შესაბამისად, განსაკუთრებულ პატივისცემას არ იმსახურებს. ამგვარ „ინტელექტუალთა“ „ევროპეიზმი“ მხოლოდ ეროვნული თვითკრიტიკითა და უმცირესობების უფლებებზე განუწყვეტელი ღაღადისით შემოიფარგლება. სწორედ ამიტომაცაა მათი შემოქმედება სულიერი სიბერწის ნიშნით აღბეჭდილი.

თანამედროვე ახალგაზრდა მწერლებს აკლიათ თეორიული მომზადება, თვალთახედვის სიფართოვე და აზროვნების სიღრმე. ამის გამო არ ძალუძთ, რომ სათანადო დონეზე შეეჭიდონ აქტუალურ ეთიკურ პრობლემებს, ზოგად ფილოსოფიურ საკითხებს. თანამედროვე ავტორები გატაცებულნი არიან წვრილთემიანობით. შეიძლება ზოგიერთ მათგანს ნიჭი არც აკლია, მაგრამ არ მოეპოვება მთავარი – გულის სიმხურვალე, გულის ცეცხლი, რის გარეშეც დიდი ლიტერატურა არ იქმნება. თანამედროვე ავტორები ცდილობენ წარმტაცი სიუჟეტით, ჭრელაჭრულა ამბებით დაატყვევონ მკითხველი, მაგრამ ვერ აღწევენ მხატვრულ ეფექტს, რადგან არ აქვთ მნიშვნელოვანი სათქმელი. საპირისპიროდ ამისა, შეიძლება მწერალმა სრულიად უფერული სიუჟეტი შემოგვთავაზოს (ამის ნიმუშია ილიას „კაცია-ადამიანი?!“, სადაც, ფაქტობრივად, არაფერი ხდება), მაგრამ ნაწარმოები სულმოუთქმელად იკითხებოდეს და ჰქონდეს ესთეტიკური ზემოქმედების საოცარი ძალა სწორედ იმის გამო, რომ სავსეა დიდი, მნიშვნელოვანი სათქმელით. როდესაც ვკითხულობთ ილიას, ვაჟას, მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებებს, ვგრძნობთ, რომ ამ მწერალთა თითოეული ფრაზა უდიდესი ენერგიითაა დამუხტული, თითოეული სიტყვა გულის სისხლითაა ნაწერი. „ჯაყოს … ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული სისხლში მქონდა ამოვლებული“, – იგონებდა მიხეილ ჯავახიშვილი. სწორედ ასეთი შინაგანი წვა ბადებს დიდ მხატვრულ ქმნილებას. გულგრილი ადამიანი ვერასოდეს შექმნის რაიმე ღირებულს!

თანამედროვე მწერალთა შემოქმედებითი უპასუხისმგებლობა უმთავრესად იმითაა განპირობებული, რომ ჩვენში სათანადოდ აღარ ფასდება მწერლის შრომა. ამის გამო თავად მწერალსაც გაუცივდა გული ლიტერატურისადმი. თუ საბჭოთა ეპოქაში მწერალს სახელმწიფოსგან ჰქონდა სოციალური მხარდაჭერა, დღეს მას ესეც აღარ მოეპოვება. საბჭოთა რეჟიმს საზოგადოებრივი აზროვნების სამართავად ესაჭიროებოდა საკუთარი მწერალთა ორგანიზაცია და სწორედ ამიტომაც დაუყვედრებლად ინახავდა მას. რაც შეეხება თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მას არ აქვს ეროვნული იდეოლოგია და, შესაბამისად, არც არაფერში სჭირდება მწერლობა;  ხოლო თუ მაინცდამაინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მიდგა საქმე, დღეს სახელმწიფო ამას მწერლობის დახმარების გარეშე, სხვა საშუალებებითაც შესანიშნავად მოახერხებს. 

თანამედროვე საქართველოში მწერალი ვერ იარსებებს სოციალური მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი შრომით, გაყიდული წიგნებიდან მიღებული შემოსავლით. ქართული წიგნის ბაზარი ძალიან მცირეა, ხალხის კულტურული მოთხოვნილებები და მატერიალური დონე კი – დაბალი, რაც აისახება წიგნის ტირაჟსა და რეალიზაციაზე. კულტურის სამინისტროს ერთჯერადი ღონისძიებები და აქციები არსებითად ვერ ცვლის  სიტუაციას.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს გალაკტიონ ტაბიძის სიტყვები: „პატარა ერში მწერლობა თავის განწირვას ნიშნავს“. დღეს, ისე როგორც არასდროს, ლიტერატურის სფეროში პირნათლად მოღვაწეობა შემოქმედისგან მოითხოვს დიდი მსხვერპლის გაღებას. ლიტერატურისთვის თავგადადებულ თანამედროვე ავტორს მრავალი სირთულე მოელის: მატერიალური გაჭირვება, თანამოკლამეთა მხრიდან იგნორირება, შრომის დაუფასებლობა. ამ ყოველივეს სულგრძელობით ატანას კი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ იცის ფასი შემოქმედებითი პროცესის თანამდევი სიხარულისა, თუ მწერლობა მისი სასიცოცხლო მოთხოვნილება, მისი არსებობის ფორმაა.

მხოლოდ დიდი გულის მქონე შემოქმედი, ვინც საკუთარ სულში გამოატარებს ერის ტკივილებს, შეძლებს სადღეისოდ თვითმყოფადი მწერლური სიტყვის თქმას. სწორედ ასეთი ავტორის გამოჩენას ელის თანამედროვე ლიტერატურის ასპარეზი.

წყარო: iverioni.com.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close