მსოფლიო

ფხენიანი აშშ-ს ემუქრება – რომელი ქალაქები შეიძლება გახდეს ჩრდილოეთ კორეის სამიზნე

სანქციების გამკაცრების შემთხვევაში, ფხენიანი აშშ-ს მკაცრი პასუხით ემუქრება. როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „თუ ვაშინგტონი განაგრძობს სამხედრო ავანტიურისტულ პოლიტიკას და სანქციებს გაამკაცრებს, მაშინ ფხენიანი სასტიკ ნაბიჯებს გადადგამს“. 

ფხენიანმა პარასკევს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სანქციების გამკაცრების მუქარა მოჰყვა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამტკიცებს, რომ ფხენიანს უკვე აქვს ისეთი რაკეტები, რომლებითაც აშშ-ის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება შეუძლია. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ფხენიანის მუქარა, ამის გარკვევას „დოიჩე ველე“ შეეცადა.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფხენიანის მიერ ნასროლი რაკეტის მოქმედების არეალი დაახლოებით 10 ათასი კილომეტრია. როგორც Union of Concernd Sciensist-ის წევრი, ექსპერტი დევიდ რაითი ამბობს, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ფხენიანის რაკეტა ლოს ანჯელესამდე, დენვერამდე, ჩიკაგომდე და ნიუ იორკამდეც კი მიაღწევს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ცნობით, ბოლო ცდის დროს ბალისტიკურმა რაკეტამ 47 წუთი იფრინა და 3700 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. თუ ჩავთვლით, რომ ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ სტანდარტული ტრაექტორიით ფრენის დროს აღნიშნული რაკეტის მოქმედების რადიუსი 10 400 კილომეტრი გამოვა, – ამბობენ ექსპერტები.

ლოს ანჯელესი ჩრდილოეთ კორეიდან 9400 კილომეტრში მდებარეობს. ამ ქალაქზე იერიშის მისატანად, ფხენიანს ისეთი რაკეტა სჭირდება, რომლის მოქმედების რადიუსი 11400 კილომეტრი იქნება. თუმცა, ბოსტონის შემთხვევაში, 10750 კილომეტრი საკმარისი იქნება, რომ რაკეტა ამ ქალაქში ჩამოვარდეს. რაც შეეხება ვაშინგტონს, დღევანდელი მონაცემებით, ფხენიანის რაკეტები თეთრ სახლამდე ვერ მიაღწევს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ რაკეტის მოქმედების არეალი ასევე დამოკიდებულია იმ ბირთვული ქობინის წონაზე, რომელსაც ის ატარებს.

1tv.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close