საინტერესო

ფუტკრის ტვინი თქვენს კამერას უკეთესი ფოტოების გადაღებაში დაეხმარება

ფუტკრების მიერ ფერთა აღქმასთან დაკავშირებული ახალი კვლევის შედეგები შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს ციფრული კამერებისათვის. ანუ, დრონებმა თუ მობილურმა ტელეფონებმა უფრო ბუნებრივი ფოტოები გადაიღოს, ვიდრე ოდესმე.

ეს ყველაფერი ფერთა კონტრასტით ხდება. გზა, რომლითაც ფუტკრებს (და ადამიანებსაც) შეუძლიათ გაარჩიონ, რომ ყვავილი წითელია, მიუხედავად სინათლის ფერისა თუ ხარისხისა — გონების ხერხია, რომელიც თანამედროვე ციფრულ კამერებს ნამდვილად სტანჯავს.

ავსტრალიელმა მკვლევრებმა აღმოაჩნეს, რომ თავიანთ ოცელიში (სამი დამატებითი თვალი ფუტკრის თავზე, უხერხემლოთა მარტივი თვალი) ფუტკრები ფერის ორ რეცეპტორს იყენებენ, რომლებიც არჩევს გარემომცველი სინათლის ფერს. გარდა ამისა, ფუტკრები იყენებენ ორ ძირითად თვალს, რომლებიც ყვავილების ფერს უფრო პირდაპირ განსაზღვრავენ.

„როგორც ფიზიკა გვთავაზობს, ოცელის მიერ სინათლის ფერების შეგრძნება ტვინს შესაძლოა საშუალებას აძლევდეს, მხედველობაში არ მიიღოს ბუნებრივად შეფერილი განათება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იგითა აღქმაში აირეოდა“, — ამბობს მკვლევარი ხაირ გარსია.

„ეს რომ ასე იყოს, ოცელიდან მიღებული ინფორმაცია ინტეგრირდებოდა ძირითადი თვალების მიერ დანახულ ფერებთან“.

წარსულში მიიჩნეოდა, რომ ფერთა კონტრასტის კორექციისათვის, ფუტკრები ქრომატული (ფერადი) ადაპტაციის გარკვეულ სახეს იყენებდნენ, ადამიანების მსგავსად. ეს კი დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ფოტოზე თეთრ ბალანსს ვასწორებთ გარემომცველი სინათლის შესწორების მიზნით.

ახალი კვლევის მიხედვით კი ირკვევა, რომ ფუტკრები სულ სხვაგვარად იქცევიან: მეცნიერები დააკვირდნენ ოცელის ნერვულ აქტივობას და დაადგინეს, რომ ძირითად ფერთა მოსამზადებლად, ინფორმაცია გაივლიდა ტვინში, ფერთა დამუშავების საკვანძო ზონაში.

ფუტკრის თავზე განლაგებული სამი ციცქნა თვალი ზომავს ციდან მომავალ სინათლეს და მას სათანადოდ არეგულირებს, სწორად ახდენს ყვავილის ფერთა იდენტიფიკაციას. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია, როცა შენ ნექტარზე მონადირე ფუტკარი ხარ.

ამ დრომდე, ოცელის დანიშნულება ცოტა არ იყოს, საიდუმლოებით იყო მოცული. ზოგიერთი ვარაუდით, იგი ფუტკრებს ჰაერში სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

ამის შემდეგ, ოცელიდან და ძირითადი თვალებიდან მიღებულ მონაცემთა ნაზავს მკვლევართა ჯგუფმა გარკვეული მათემატიკური პრინციპები შეუსაბამა — პრინციპები, რომელთა გამოყენებაც თანდათან შესაძლებელია სმარტფონების ფოტოკამერებისა და კვლევითი რობოტების კამერების პროგრამაში.

„ციფრული სისტემისთვის, მაგალითად კამერის ან რობოტისათვის, ობიექტის ფერი ხშირად იცვლება“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი მკვლევარი ადრიან დაიერი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძნელია მწიფე ხილისა თუ მინერალებით მდიდარი ქვიშის ნამდვილ ფერთა იდენტიფიკაცია, რაც კამერებს ფერთა გარკვეულ საზღვრებში აქცევს“.

მკვლევართა მიერ შემუშავებული მოდელი რეალური სამყაროს ძირითად ქცევებს ემთხვევა. მაგალითად, იმ მეთოდს, თუ როგორ წვალობენ ფუტკრები ყვავილის საპოვნელად ხელოვნური განათების პირობებში.

გარდა იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვა ბევრად უფრო რეალური ფერებს შესძენს თქვენს ფოტოებს Facebook-ზე, ის ასევე დიდი შვება იქნება თაკარა მზის ქვეშ მომუშავე რობოტებისთვის.

მკვლევართა ვარაუდით, გარემომცველი შუქის პრობლემის გადასაჭრელად, კამერებში, რობოტებსა თუ დრონებში შესაძლებელია ოცელის მსგავსი დამატებითი სენსორების გამოყენება; შედეგად, შესაძლოა საჭირო აღარ გახდეს საკმაოდ რთული დამატებითი დამუშავების სისტემა.

„ეს აღმოჩენა კლასიკური პრობლემის სუპერ-გადაჭრაა, რაც ფერების კონტრასტის კომპიუტერულ დამუშავებას საკმაოდ მარტივს გახდის“, — ამბობს მკვლევარი ჯონ ენდლერი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია rmit.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close