საზოგადოება

,,უჭერო სახლში ვცხოვრობთ ჩვენ…” _ ადამიანებოო, დაასაქმეთ ეს გოგო, თორემ გული გასკდება!

,,ადამიანებოოო, ადამიანებოოოო!! წაიკითხეთ, ეს გოგო სამსახურს ეძებს, სამსახურს….. კარგად ხედავს, კარგად წერს, წიგნები უყვარს, კარგი ადამიანი უნდა იყოს, დანარჩენის სწავლას რაღა უნდა? დაასაქმეთ, სანამ გულები არ დაგვისკდებააა!!!!

დინა მირცხულავა
12 სთ. · 30. 11. 2017
ოთხას ოცდამეხუთე ღამეს, როცა სამსახურის უშედეგო ძებნით დაღლილი მშობლების უჭერო სახლს მიადგები, გინდა ყელში გაჩხერილი იმედგაცუდების ბურთი გაიბეროს, უფრო დიდი გახდეს, გრამი ჰაერი არ ჩაუშვას ფილტვებამდე და მორჩე…
იმ სახლში უკარადოდ დარჩენილი წიგნებია და ყველას აწერია სად, როდის და როგორ გიყიდა დედამ.
შენ კი შენი შვილისთვის ვერასოდეს გიყიდია წიგნი.
იმ სახლში ძვლებამდე დამდნარი ბებო ცხოვრობს, თხუთმეტი წელი აშორებს საუკუნეს და შენ მისი მთელი წლის პენსია მიისაკუთრე და ახლა ყოველთვე მის “კარბამაზეპინს” მათხოვრობ.
იმ სახლში კაციც ცხოვრობს, შუახნის, მამაა ჩემი, მისი თმები ვერცხლისფერია.
ის მალავს ქვითრებს, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე ჩემი გარდაცვლილი ძმის ფოტოები კედლებზე…
იმ სახლში ბავშვიცაა, მას უყვარს ცეკვა და ვერაფრით მოვაბი თავი, როგორ ვუთხრა, რომ მომავალი წლიდან ვეღარ ივლის.
იმ უჭერო სახლში ვცხოვრობთ ჩვენ და როცა მე ვბედავ შევაღო კარი, მაშინვე წიგნებისკენ მივდივარ, იმიტომ რომ თუ მოტირალს შემომისწრებს დედა, მე მოვატყუექბ, რომ წიგნმა ამიჩუყა გული, სადაც მე ვკითხულობ იმ პოეტებზე რომლებიც შიმშილით მოკვდნენ და მათი პოეზიით დღემდე ძღებიან და მუცელს იყორავენ “ძლიერნი ამასოფლისანი”…
ეს ოთხას ოცდამეხუთე ღამეა და მე ისევ აწურული ვდგავარ კარებთან და როგორი ძნელია, დაიფერთხო ოთხას ოცდახუთი დღისა და ღამის ტყუილები.
მე მაპატიეთ, მაგრამ წლებია მესმის, რომ უნდა ვწერო და არ გავჩერდე, რომ მე ვჭირდები ადამიანებს, მაგრამ მე შევეშვი წერას…
არ მცალია…
მე ღობე – ყორეს ვედები და საშოვარზე გასული აწიაწებული სული ვარ…
მიყვარხართ და მომეტევოს…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე. ,გასკდება

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close