საზოგადოება

,,უთანასწორო ბრძოლაში აფხაზეთი მებრძოლებმა კი არა, ,,პოლიტიკანებმა” დაგვაკარგვინეს”

   უფლებადამცველი გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს ძირძველ რეგიონში, აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ქართულ შენაერთებს რუსეთის რეგულარულ არმიასთან ერთად აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის რეგულარული არმიის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა, რაც ქართული პოლიტიკური ელიტისათვის კარგი სატყუარა აღმოჩნდა, როგორც სჩვევიათ, რუსეთის რეგულარულმა არმიამ აფხაზი სეპარატისტების ბანდფორმირებებთან ერთად იმ დღეს შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა…

უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ აფხაზეთი უთანასწორო ბრძოლაში არა გულანთებულმა ქართველმა სამხედრო ნაწილებმა და მოხალისეებმა დაკარგეს, არამედ პოლიტიკოსებმა, უფრო სწორად პოლიტიკანებმა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან 300 ათასი ეთნიკურად ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა და უსახლკაროდ იქცა. ამასთანავე, მთელი სისასტიკით, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა, აფხაზ- სეპარატისტებმა, ასევე დაქირავებულმა ბანდფორმირებებმა განახორციელეს ქართველთა ეთნოწმენდა. ამ ავბედითმა ისტორიამ მსოფლიო საზოგადოებას თვალნათლივ დაანახა, რომ ქართულ გენში კოდირებულად დევს ქართული სულის უკვდავება და თითეული ქართველის რწმენა და სამშობლოს სიყვარული, რაც ოდიდგანვე ქართულ გენში არსებობს და მარადჟამს იარსებებს.

საქართველოს ავბედითმა ისტორიამ დაანახვა საზოგადოებას, რამდენი გულანთებული გმირი ცხოვრობდა და ცხოვრობს ჩვენს გვერდით, რომლებიც საზოგადოების და ხელისუფლების დაფასებას საჭიროებენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის დაცემის დღეს, რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს გმირი ჟიული შარტავა, 30-მდე გულანთებულ, ქართველთან ვაჟკაცთან ერთად დახვრიტეს. ისინიც საქართველოს გმირები არიან.

უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ბევრი შეცდომით ამბობს: “ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლო, დავკარგეთ აფხაზეთი”. ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს!… ეს არც გონებაში და არც გულში არავინ არ უნდა გავივლოთ! ჩვენ დროებით შეიძლება ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს ძირძველ ქართულ ტერიტორიებს, მაგრამ უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს, რომ ღვთის მადლით, მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ საქართველოს შემადგენლობაში იქნება, გაერთიანდება და ქართული დროშა იფრიალებს როგორც სოხუმში, ასე სამაჩაბლოში და გაბრწყინდება საქართველო – იბერია.“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close