საზოგადოება

ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ატენის სიონის ტაძრის გვერდით დაწყებული მშენებლობა კანონთან შეუსაბამო არ არის

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ პირველ არხთან განაცხადა, რომ ატენის სიონის ტაძრის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების დაწყების ნებართვას ხელი თავად მოაწერა, რადგან პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა მიმდინარეობს, მისი განმარტებით, კანონთან შეუსაბამო არ არის.

„ეს პროექტი ძალიან დიდი ხანი მუშავდებოდა. თავიდან იყო მცდელობა, დიდი ზომის ნაგებობა აეშენებინათ, შემდგომ არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობდა, რომ მონასტრის განვითარების კონცეფცია შეემუშავებინათ.

დამუშავებული პროექტი შეთანხმებულია ყველა უწყებასთან, გორისა და ატენის ეპისკოპოსმა საპატრიარქოსთანაც შეათანხმა. ბოლოს შემოვიდა სააგენტოში, რომ მიგვეცა ნებართვა, რადგან არის დამცავ ზონაში. 

ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რითაც შეიძლება მონასტერი განვითარდეს და რომელიც არაერთი პროფესიონალის, ხელოვნებათმცოდნის, არქიტექტორის, რესტავრატორისა და მათ შორის არქეოლოგის ჩართულობით მომზადდა. ასე რომ, ეს კითხვებს ნამდვილად არ ბადებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. 

მშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ნიკოლოზ ანთიძე განმარტავს, რომ კანონი კრძალავს სამუშაოებს, რომელიც ზიანს მიაყენებს ძეგლს ან გამოიწვევს აღქმის გაუარესებას. სწორედ ამიტომ შემუშავდა პროექტის ის ფორმა, რომელიც ძეგლის ვიზუალურ აღქმას არ დააზიანებდა.

„კანონს აძლევენ არასწორ ინტერპრეტაციას. კანონით აკრძალულია ის, რაც ძეგლს ზიანს მოუტანს. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ჩვენთან შეუთანხმებელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სწორედ ის დაწესებულება, რომელიც მსჯელობს, რამ შეიძლება მოუტანოს ძეგლს ზიანი და რამ არა. არის სპეციალისტებისგან შემდგარი საბჭო და პროექტს ეს პროცედურები გავლილი აქვს“, – აცხადებს ანთიძე.

ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, პირველი არხი გორისა და ატენის მიტროპოლიტს ანდრია გვაზავასაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ახალი ნაგებობა ტაძრის ვიზუალურ მხარეზე გავლენას არ მოახდენს.

„ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ტაძრის ვიზუალურ მხარეზე, რადგან მშენებლობა მხოლოდ ერთ მხარეს მიმდინარეობს და იგი სხვა მხრიდან არ გამოჩნდება. ეს არის გათვალისწინებული და მორგებული აბსოლუტურად იქაურ გარემოზე. 

რაც მთავარია, ეს კი არ არის ახალი მშენებლობა, ეს არის ძველი, არსებული ბერების საცხოვრებლების – კელიების ნანგრევებსა და მის ხაზებზე. პრაქტიკულად, ადრე არსებული დანგრეული შენობების აღდგენა მიმდინარეობს“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ პირველ არხთან. 

კითხვას რა ფუნქცია ექნება ნაგებობებს, გორისა და ატენის მიტროპოლიტი პასუხობს, რომ საუბარია მონასტრის აღდგენაზე, რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ნაგებობის, მათ შორის, საეპისკოპოსო რეზიდენციის არსებობასაც.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close