საზოგადოება

,,კრემლში გამოსვლა არ მინდა, რადგან ეს ჩემი ქვეყნის ღალატი იქნება”

ნინო სურგულაძე საქართველოშია. ის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი პრემიერისთვის ემზადება და საყვარელ პარტიას შეასრულებს „სოფლის ღირსებიდან“. ახლახან მან ელენა ობრაზცოვას სახელობის ფონდიდან კრემლის სახელმწიფო დარბაზში სიმღერის შეთავაზება მიიღო. ამ კონცერტში მონაწილეობას უამრავი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი იღებს და ის ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილეს ეძღვნება, მაგრამ მან, მოსკოვში წასვლაზე უარი განაცხადა.

ნინო სურგულაძე:

,, – უარის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ის უკავშირდებოდა კრემლში გამოსვლას.  „ელენა ობრაზცოვას საოპერი მეჯლისი“ 2014 წლიდან იმართება. ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ საოპერო სფეროდან, წამყვანი იქნება ცნობილი ფრანგი მსახიობი, ფანი არდანი და ეძღვნება ფრანკო ძეფირელის 95 წლისთავს. ძეფირელსა და ობრაზცოვას დიდხნიანი შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირდებდათ. სიამოვნებით დავთანხმებოდი ამ ორი ჩემი საყვარელი ხელოვანისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას, მაგრამ უკვე ვუთხარი უარი. უნდა შემესრულებინა ორი არია. თანახმა იყვნენ, რომ ორი დღით ადრე ჩავსულიყავი რეპეტიციაზე, ჩემი გრაფიკის გამო, მაგრამ გამორიცხული იქნებოდა, რომ ამ წინადადებას დავთანხმებოდი. კონკრეტულად კრემლის დარბაზში სიმღერა არ იქნებოდა სწორი. მე პოლიტიკაში არ ვერევი და არც განცხადებებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ლოგიკურია, რომ კრემლში გამოსვლა არ მინდა, რადგან ეს ჩემი ქვეყნის ღალატი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, აქ პრემიერა გაქვს…

„სოფლის ღირსება“ ჩემი საყვარელი ოპერაა. მახსოვს, როცა „სოფლის ღირსება“ პირველად შევასრულე, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცრემლები მომდიოდა, მუსიკამ ძალიან იმოქმედა. ასეთივე რეაქცია მქონდა, როცა ბავშვობაში ცისანა ტატიშვილისა და ნოდარ ანდღულაძის დუეტს ვუსმენდი. ვოცნებობდი, როდის გავიზრდები, რომ ამ პარტიის შესრულება შევძლო-მეთქი. როცა მას შენს ქვეყანაში ასრულებ, სხვა პასუხისმგებლობა და სიხარულია. დარწმუნებული ვარ, ქართველი მაყურებელი სპექტაკლს კარგად მიიღებს და აღიქვამს”.

 

ნინო მურღულია

წყარო: fortuna.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close