რელიგია

ეს იყო სასწაული, რადგან ჩემი სურვილით ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს – ბარბარობა თბილისში

2009 წლის ბარბარობას მთელი ღამე თოვდა. ადრიანად ლობიანები გამოვაცხე და 12 საათზე, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის უძველეს ეკლესიაში წავედი. ეზო ხალხით გადაჭედილი დამხვდა, ამიტომ, ტაძარში შესვლაზე არც მიფიქრია. იქვე, რკინის კართან დავდექი და ჩუმად, ჩემთვის, წმინდა ბარბარეს ტროპარის კითხვა დავიწყე. ვიფიქრე, ტაძარს მომლოცველები დატოვებენ და მერე მაინც მოვახერხებ წმინდა ქალწულმოწამის ხატთან სანთლის დანთებას მეთქი, მაგრამ წასვლას არავინ აპირებდა, ხალხი კი მოდიოდა და მოდიოდა…

მოგვიანებით გავარკვიე, რომ ტაძარში თურმე უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე იყო მიბრძანებული და ასეთი ხალხმრავლობაც ამას უკავშირდებოდა. ნახევარი საათის შემდეგ, სტიქაროსნებმა ტაძრიდან დიდი კელაპტრები გამოიტანეს. ხალხი აჩოჩქოლდა, იძახდნენ _ ილია მეორე მოდისო. ყველას უნდოდა პატრიარქთან მიახლოვება. ცხადია, მეც მონდოდა ახლოს მისვლა, მაგრამ ამდენ ხალხში ეს იმდენად წარმოუდგენელი მეგონა, ამ გაწევ-გამოწევაში ჩართვის მცდელობაც კი არ მქონია.

10841623_739995429413946_559477589_n
რამდენიმე ადამიანს უწმინდესი მანქანისკენ ხელკავით მიჰყავდა. ერის მხცოვანი სულიერი მამა გზადაგზა ყველას ეფერებოდა და ლოცავდა. მოულოდნელად კი, ნამდვილი სასწაული ვიხილე. არ ვიცი როგორ, მაგრამ ხალხის ჩოჩქოლსა და მიწევ-მოწევაში, მოულოდნელად, ილია მეორის კალთასთან აღმოვჩნდი. ეს იყო სასწაული, რადგან ჩემი სურვილით ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს. მომეჩვენა, რომ წამიერად, ირგვლივ, თითქოს  ყველაფერი გაქრა. მე და უწმინდესი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. სიხარულით ავტირდი. უწმინდესმა თავზე ხელი დამადო, გულთან მიმიხუტა და მხურვალედ დამლოცა.

10846775_739995269413962_1263803723_n
ამ სასწაულით გახარებულმა და აფორიაქებულმა კარგა ხანს ვეღარ დავტოვე ტაძარი. იქვე მყოფ მესანთლეებსა და შესაწირი მამლებით მოსულ მრევლს უამრავი ფოტოსურათი გადავუღე.

10866707_739995392747283_497926955_n

.

10867103_739995459413943_344459741_n

შეიძლება ბევრმა არც კი იცის, რომ სწორედ ამ ტაძარშია დაცული დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილი, რომელიც 1983 წელს, უკრაინის იმდროინდელი ეგზარხოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ლოცვა კურთხევით კიევიდან ჩამოაბრძანეს. ამ სიწმინდეს, ყოველი წლის 17 დეკემბერს გამოაბრძანებენ, რათა მორწმუნენი ემთხვიონ და ეზიარონ მის მადლს. თბილისში, დიდმოწამე ბარბარეს სახელობის კიდევ რამდენიმე ტაძარია.

10847116_739995369413952_2104160793_n
წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე საქრისტიანოში ოჯახური კეთილდღეობის, ბავშთა სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. მასვე შესთხოვენ სხვადასხვა სენისგან განკურნებას. გარდა ამისა, ძველთაგანვე ცნობილია, რომ ადამიანი რომელიც ყოველდღე რწმენითა და სასოებით შეევედრება წმინდა დიდმოწამეს, უზიარებელი არ გარდაიცვლება.
დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრების ისტორია კი ასეთია:
რომის უწმინდური მეფის, მაქსიმიანეს მეფობის ჟამს აღმოსავლეთში ერთი კეთილშობილი, მდიდარი და სახელოვანი კაცი, სახელად – დიოსკორე, ცხოვრობდა. ის რწმენით წარმართი იყო, ჰყავდა ქალიშვილი – ბარბარე და, რადგან სხვა შვილი არ ჰყავდა, მას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. გოგონა წამოიზარდა და ისე დამშვენდა, რომ მთელ ქვეყანაში სილამაზით გამოირჩეოდა. დიოსკორე თვლიდა, რომ უბრალო და უჩინო ადამიანები მისი ცქერის ღირსნი არ იყვნენ. მან მაღალი კოშკი ააგო, მდიდრულად მოაწყო და ბარბარე იქ გამოკეტა. გოგონას დედა გარდაცვლილი ჰყავდა, ამიტომ მამამ მას კარგი აღმზრდელი და მონა ქალები მიუჩინა.

(c) Museums Sheffield; Supplied by The Public Catalogue Foundation
ცხოვრობდა ქალწული კოშკში, სარკმლიდან ღვთივქმნილ ბუნებას უცქერდა, ნუგეშს ცისა და მიწის სილამაზის ჭვრეტით იღებდა, ცაზე მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, აყვავებულ მინდვრებს, ბაღებს, ვენახებს, მთებსა და წყლებს აკვირდებოდა და ერთხელაც თავის აღმზრდელებს ჰკითხა: ვისმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე?
პასუხად მიიღო, ეს ყველაფერი ღმერთებმა შექმნესო. ქალწულმა იკითხა: რომელმა ღმერთებმა? „– იმ ოქროსა და ვერცხლის ღმერთებმა, რომლებსაც მამაშენი ეთაყვანება; ყველაფერი, რასაც ხედავ, მათი შექმნილია“, – უპასუხეს მონებმა. ამ სიტყვებმა გოგონა დააეჭვა და თავისთვის ამბობდა: – ღმერთები, რომლებსაც მამაჩემი თაყვანს სცემს, ადამიანის ხელითაა შექმნილი. როგორ შეეძლოთ ამ ღმერთებს, უსულო კერპებს ასეთი ნათელი ცა და მიწიერი სილამაზე შეექმნათო?
ერთხელ, როცა ბარბარე ცას შეჰყურებდა და სურდა გაეგო, ვინ იყო ამ ზეციური სილამაზის შემქმნელი, უეცრად მის გულში ღვთაებრივი მადლის ნათელი აკიაფდა. და მან გულში თქვა: – უნდა იყოს ისეთი ერთი ღმერთი, რომელიც ადამიანის ხელით არ შექმნილა, არამედ თავისთავად არსებობს და ყოველივე თავისი ხელით შექმნა; ერთი უნდა იყოს ის, ვინც განავრცო ზეცა, დააფუძნა დედამიწა და მაღლიდან მთელ ქვეყანას მზის სხივებით ანათებს, უნდა იყოს ისეთი ერთი ღმერთი, რომელიც ყოველივეს ფლობს, ყოველივეს განაგებს, აცოცხლებს და ყველაზე ზრუნავს.
ასე სწავლობდა ყრმა ბარბარე ქმნილების მეშვეობით შემოქმედის შეცნობას. მის გულში ნელ-ნელა ღვთაებრივი სიყვარულის ალი აენთო. ბარბარეს არც დღე და არც ღამე მოსვენება არ ჰქონდა, მხოლოდ ერთზე ფიქრობდა, ერთი რამ სურდა – ყოველივეს შემოქმედი ღმერთი შეეცნო.

sbarbcat

ბარბარეს გათხოვების დრო რომ დადგა, მრავალი მდიდარი და დიდგვაროვანი ჭაბუკი, რომლებსაც მისი მშვენიერების ამბავი სმენოდათ, დიოსკორეს ქალიშვილის ხელს სთხოვდა. დიოსკორე შვილთან კოშკში მივიდა და ქორწინებისა და რომელიმე სასიძოზე დაწინდვის აუცილებლობაში არწმუნებდა. ამ სიტყვებზე უმწიკვლო ბარბარეს ალმური მოედო. მას არათუ ამის გაგონება, ამაზე ფიქრიც არ სურდა და გათხოვებაზე გადაჭრით თქვა უარი. დიოსკორემ მისი იძულება რომ განაგრძო, ბარბარემ უთხრა:
– მამაჩემო, თუკი ისევ გათხოვებას მაიძულებ, თავს მოვიკლავ, შენ კი ერთადერთ ქალიშვილს დაკარგავ. დიოსკორე ამ სიტყვებმა შეაძრწუნა და ძალა აღარ დაუტანებია. ის ფიქრობდა, რომ უმჯობესი იყო გათხოვებაზე დარწმუნებით დაეყოლიებინა, ვიდრე იძულებით. იგი იმედოვნებდა, რომ დრო თავისას იზამდა და ბარბარე აზრს შეიცვლიდა. სულ მალე მას შორეულ მოგზაურობაში მოუხდა წასვლა და ფიქრობდა, რომ მამას მონატრებული ბარბარე მის ნებას ხალისით დაემორჩილებოდა, ამიტომ დიოსკორემ აღმზრდელებს უბრძანა მისთვის ხელი არაფერში შეეშალათ, ეკეთებინა ის, რაც მოესურვებოდა. ის ფიქრობდა, რომ თუ მისი ასული გამოვიდოდა კოშკიდან, ხალხს შეხვდებოდა, მათთან ისაუბრებდა, ნახავდა, როგორ თხოვდებიან მისი თანატოლები, გათხოვება თავადაც მოუნდებოდა.
Martin-Schongauer-St-Barbara
დიოსკორე გაემგზავრა თუ არა, ბარბარეს თავისი საცხოვრებლიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალება მიეცა, შეეძლო ელაპარაკა ვისთანაც მოესურვებოდა. მან რამდენიმე ქრისტიანი ქალწული გაიცნო, დაუმეგობრდა მათ და ცდილობდა დაწვრილებით შეეტყო უფალ იესო ქრისტეს შესახებ. ქალწულებმა მოუთხრეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან მის სასწაულებრივ განხორციელებაზე, ვნებაზე, სიკვდილსა და აღდგომაზე, მომავალ სამსჯავროზე, იმ მარადიულ ტანჯვაზე, რომელიც კერპთაყვანისმცემლებს ელოდათ და მართალ ქრისტიანთა დაუსრულებელ სიხარულზე ცათა სასუფეველში. ყოველივე გაგონილმა ბარბარეს გული დაატკბო და აღანთო ქრისტესადმი სიყვარულით. მას მონათვლა მთელი არსებით ეწადა. სწორედ იმ დროს ქალაქში, სადაც ბარბარე ცხოვრობდა, ერთი ეპისკოპოსი ჩამოვიდა. ბარბარემ მას თავისთან უხმო და მისგან ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტებანი შეისწავლა. შემდგომში, უკვე მონათლული, ღვთის სიყვარულით კიდევ უფრო აღენთო და მარხვითა და ლოცვით დღედაღამ იღვწოდა, ემსახურებოდა თავის უფალს და უბიწოების აღთქმა დადო.
barbara2
დიოსკორე მოგზაურობიდან რომ დაბრუნდა, კვლავ განაახლა შვილთან გათხოვებაზე საუბარი, მაგრამ ბარბარემ მამას მტკიცე უარი განუცხადა და არც ის დაუმალა, რომ იესო ქრისტეს აღმსარებელი გახდა. გაიგო თუ არა დიოსკორემ, რომ მისი შვილი გაქრისტიანდა, საშინელმა მრისხანებამ შეიპყრო. გაცეცხლებულმა მახვილი იშიშვლა და წმინდა ბარბარესთვის დარტყმა უნდოდა. ბარბარე გაიქცა, დიოსკორე შიშველი მახვილით ხელში დაედევნა, როგორც მგელი ცხვარს. უცებ გოგონას მაღალმა კლდემ გზა გადაუღობა. ბარბარემ მთელი ძალები მოიკრიბა, უფალს მოუხმო, კლდის შვერილებით მწვერვალზე ავიდა და გამოქვაბულში დაიმალა. დიოსკორემ დიდხანს ეძება შვილი და ბოლოს ერთი მწყემსის მითითებით იპოვა. როგორც მხეცი ნადავლს, ისე დააცხრა ბარბარეს, თმებში სწვდა და უმოწყალოდ ცემა დაუწყო. შემდეგ შინ წაათრია, ვიწრო, ბნელ ოთახში ჩაკეტა, მცველი მიუჩინა და ღვიძლ შვილს შიმშილითა და წყურვილით კლავდა. ამის შემდეგ დიოსკორე ოლქის განმგებელთან – მარტიანესთან წავიდა და თავისი შვილის შესახებ ყველაფერი უამბო: როგორ უარყოფს ღმერთებს და ჯვარცმულ ქრისტეს აღიარებს; სთხოვდა ეწამებინა, რათა კვლავ მამისეულ რწმენაზე მოექცია. მმართველის თანხმობა მიიღო თუ არა, დიოსკორემ გამოიყვანა ბარბარე ჩაკეტილი ოთახიდან, მმართველს მიჰგვარა და თქვა:
– მასზე უარს ვამბობ, რადგან ის ჩემს ღმერთებს განუდგა. და თუკი კვლავ მათკენ არ მოიქცევა და ჩემთან ერთად არ სცემს თაყვანს, აღარ იქნება ჩემი შვილი, მე კი – მისი მამა. შენ კი, მმართველო, ისე ტანჯე, როგორც შენი უდიდებულესობა ისურვებს.
ბარბარეს უჩვეულო სილამაზით აღტაცებულმა მმართველმა ქალწულს თავიდან მშვიდად და ალერსიანად დაუწყო ლაპარაკი, თან მის სილამაზესა და წარჩინებულობას აქებდა.
– მშვენიერო ქალწულო! – ამბობდა ის. – მოწყალე იყავ საკუთარი თავის მიმართ და ღმერთებისადმი ჩვენთან ერთად გულითადი მსხვერპლის შეწირვა იჩქარე, რადგან მინდა შენდამი მოწყალე ვიყო, დაგინდო და ასეთი მშვენიერება ტანჯვისათვის არ გავწირო, მაგრამ თუკი ყურს არ დამიგდებ და მამას არ დაემორჩილები, ჩემს სისასტიკეს შეიტყობ. წმინდა ბარბარემ უპასუხა: – მე მხოლოდ ჩემს ღმერთს ვეთაყვანები, მხოლოდ მას ვწირავ მსხვერპლს – ლოცვებს და მინდა თავადაც მისი მსხვერპლი ვიყო, რადგან ის – ცისა და მიწის შემქმნელი ჭეშმარიტი ღმერთია, თქვენი ღმერთები კი არარაობანი არიან და თქვენი მათზე დამყარებული იმედიც ამაოა.
წმინდანმა ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, მმართველი განრისხდა და ბარბარეს გაშიშვლება ბრძანა, რაც სუფთა, უმწიკვლო და წმინდა ქალწულისათვის მძიმე ჭრილობებზე არანაკლები ტანჯვა იყო. შემდეგ მტარვალმა მისი მიწაზე დაწვენა და ხარის ძარღვებით ცემა ბრძანა. მიწა მისი სისხლით ირწყვებოდა, ჭრილობებზე კი ბეწვის ნაგლეჯებს და თიხის ნატეხებს უსვამდნენ, რათა ტკივილი გაძლიერებოდა. ყველა ამ ტანჯვამ ვერ შეარყია მოწამის ძლიერი რწმენა, რომელიც როგორც კლდეზე, უფალ იესო ქრისტეზე იყო დამყარებული, რომლის გამოც ის ასეთ ტანჯვას ითმენდა. ამის შემდეგ მმართველმა მისი საპყრობილეში წაყვანა ბრძანა და ახალი სატანჯველის მოფიქრებას შეუდგა.
250px-Meister_Francke_-_Geißelung_der_hl._Barbara
წმინდა ბარბარეს ჭრილობებისაგან სული ძლივს ედგა. საპყრობილეში უფალ იესო ქრისტეს ევედრებოდა და დავით წინასწარმეტყველის მსგავსად ხმობდა: “ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა” (ფსალმ. 37, 21-22).
ლოცვის დროს უეცრად ნათელი გამობრწყინდა და წმინდანმა გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო, მას იესო ქრისტე გამოეცხადა, რომელმაც უთხრა: – “ბარბარე, იღვაწე და ნუ შეშინდები! მე შენთან ვარ და გიფარავ, შენს ღვაწლს ვუმზერ და ტანჯვას გიმსუბუქებ. შენ საუკუნო სიხარული გელის ჩემს ზეციურ სასუფეველში”. ასე ანუგეშა უფალმა თავისი საყვარელი მოწამე ბარბარე და მისი ჭრილობები ისე განკურნა, რომ მათგან კვალიც არ დარჩენილა.
saint-barbara-day
დილით, როცა წმინდა ბარბარე კვლავ მმართველის წინაშე წარდგა, ყველამ დაინახა, რომ ქალწული ჯანმრთელი იყო, სახე ნათელი ჰქონდა და უწინდელზე უფრო მშვენივრად გამოიყურებოდა. მმართველმა მას უთხრა:
– ხედავ, ასულო, როგორ ზრუნავენ შენზე ჩვენი ღმერთები! ჯერ კიდევ გუშინ სასტიკად ნაგვემი იყავი, დღეს კი გამოგაჯანსაღეს და უწინდელზე უკეთესი ჯანმრთელობა მოგცეს. ემადლიერე, თაყვანი ეცი და მსხვერპლი შესწირე! წმინდანმა უპასუხა: – რას ამბობ, მმართველო! შენს ბრმა, უტყვ და უგრნძობ ღმერთებს ავადმყოფთა კურნება და მკვდართა აღდგინება სად შეუძლიათ! მათ არც ჩემი გამოჯანმრთელება შეეძლოთ და რისთვის ვემადლიერო? მე ჩემმა ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ გამამრთელა. ის არის ყოველგვარ სნეულებათა მკურნალი და მკვდართათვის სიცოცხლის მიმცემი. მას მადლიერებით ვეთაყვანები და მსხვერპლად საკუთარ თავს ვწირავ.
წმინდანის ამ სიტყვებმა მმართველი საშინლად განარისხა. მან მისი ხეზე დაკიდება და რკინის კაუჭებით სხეულის დასერვა ბრძანა. წმინდა ბარბარე ყოველივეს უდრეკი სიმამაცით ითმენდა. შემდეგ თავში ჩაქუჩის ჩარტყმა დაუწყეს. ასეთ ვითარებაში არა თუ ყმაწვილი ქალისათვის, ღონიერი მამაკაცისათვისაც შეუძლებელია ცოცხლად დარჩენა, მაგრამ მოწამეს ქრისტეს ძალა ამტკიცებდა. მტარვალმა დაინახა, რომ ბარბარეს მოთმინებას ვერ დაამარცხებს, კერპების თაყვანისცემას ვერ აიძულებს და სიკვდილი მიუსაჯა. სასტიკ დიოსკორეს – ბარბარეს მამას, არა თუ გული არ სტკიოდა შვილის ტანჯვის გამო, მისი ჯალათობაც არ შერცხვა. ერთი ხელი გოგონას ჩაავლო, მეორე შიშველ მახვილს და ქალაქგარეთ, დასჯის ადგილზე წაიყვანა.
გზად მიმავალი წმინდა ბარბარე ღმერთს ევედრებოდა:
– დაუსაბამოო ღმერთო! შენი მხევლისა ისმინე! შენი მადლი მოჰფინე ყოველ ადამიანს, ვინც ჩემს ტანჯვას მოიხსენებს. არ მიეახლოს მას უეცარი ავადმყოფობა და არ მიეწიოს მოულოდნელი სიკვდილი. ბარბარეს ამ ლოცვის პასუხად ზეციდან ხმა გაისმა, რომელმაც თხოვნის შესრულება აღუთქვა. მოწამე სიხარულით წავიდა სიკვდილთან შესაგებებლად, უნდოდა სწრაფად დაეტოვებინა სხეული და უფალთან წასულიყო.
დანიშნულ ადგილს რომ მიაღწიეს, ქრისტეს კრავმა ბარბარემ თავისი წმინდა თავი მახვილს შეუშვირა და უმოწყალო მამამ მას თავი მოჰკვეთა.
saint-barbara-death
დიოსკორეს და მმართველ მარტიანეს ღვთის უეცარი რისხვა დაატყდათ: პირველს – როცა ის მთიდან ეშვებოდა, ხოლო მეორეს – თავის სახლში მეხი დაეცათ და ისე ჩაინაცრნენ, რომ მათი ფერფლიც ვერსად იპოვეს.
ამ ქალაქში ერთი კეთილმსახური კაცი ცხოვრობდა, სახელად გელენტიონი. მან აიღო წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნაწილები, ქალაქში მიიტანა და შესაფერი პატივით დაკრძალა. შემდგომში ამ საფლავზე ეკლესია აშენდა, სადაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა მადლითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
10867028_739997159413773_88335220_n
euronews.ge გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close