საზოგადოება

,,არასოდეს დავუშვებ, რომ ვინმე შემეცილოს და შენი თავი წამართვას” _ ბელა ალანიამ მეუღლეს ნოველა უძღვნა

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს დაბადების დღე აქვს. მეუღლემ, ბელა ალანიამ, ამ დღის აღსანიშნავად საინტერესო ნოველა უძღვნა. მკითხველს ვთავაზობთ ამ ნოველას.

   ,,დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. მინდა, დიდხანს მყავდეს.
ვუძღვნი ამ ნოველას” _ წერს ქალბატონი ბელა.
                 ქორწილი ტყეში 
ტყეში ყველა სეზონზე კარგია სიარული. მაგრამ გაზაფხული, სულ სხვაა. მწვანედ დაფენილი ბალახი,აყვავებული მინდვრის ყვავილები, მოფრენილი ჩიტები თითქოს ქორწილს აწყობენ. მაღლა ლურჯი ცაც მოწვეულია ზეიმზე, აბა ვინ გამოტოვებდა, ისე ახლოა, ხელსაც კი მიაწვდენ. მეც თავს პატარძლად ვგრძნობ. რომ არა შენი სიყვარული, მეც ვერ შევიმოსებოდი და ვერ ვიყვავილებდი. აბა, ვინ დამადგამდა ამ ყვავილების გვირგვინს შენ გარდა; ვინ დამნიშნავდა წნელის ბეჭდებით; ვინ ამიკინძავდა მძივებს გულზე და ვინ დამიკოცნიდა თვალებს მუდამ ცისკენ მოცქირალს; ვინ მაგრძნობინებდა, რომ მისთვის დავიბადე; ვინ განმაცდევინებდა დედობის გრძნობას; ვინ მაჩუქებდა შვილებს შენს მსგავსს; ვინ შემაგრძნებინებდა, რომ სამყარო შენით იწყება და რომ მე ის ვარ, ვინც ვარ და სწორედ ასეთიც კი გიყვარვარ… და რომ სულ პატარძალი ვიქნები, სანამ შენ იქნები ჩემ გვერდით.
დავყურებ მაღალმთიდან არემარეს. ეს პატარა წერტილი ჩემი სახით ფეთქავს და სამყაროს ამცნობს აღტაცებას. გაუმარჯოს სიცოცხლეს! _ ვიძახი ხმამაღლა. მე ხომ სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ ის შენთან განუყოფელი გახდა დიდი ხანია. არასოდეს დავუშვებ, რომ ვინმე შემეცილოს და შენი თავი წამართვას, მითუმეტეს, არ დავუთმობ სიკვდილს…გახსენებაც არ მინდა, იმ დღების, როცა საოპერაციო ბლოკში გამოგკეტეს და დაგვაცილეს. მითხრეს, დილით მოდი და გაიგებ, როგორ არის შენი მეუღლეო.. მახსოვს ჩემი გაოცება, გაოგნება, დაბნეული “რატომ ხვალ?”,შემდეგ ლოდინი,ლოდინისგან დაღლა და საშინელი ღრიალი, დახურულ კარებს მიღმა, რომ არავის გაეგო და ენახა ჩემი ცრემლები. მახსოვს ჩემი ვედრება:”რატომ ღმერთო”, “გვიშველე დედა მარიამ” …
მერე კი გრძელი დერეფანი, ოპერაციის დასრულების მოლოდინი და იმედი, რომ შენ აუცილებლად გადარჩები,იმიტომ რომ არებობს ღვთიური სამართალი და ის იზეიმებს…
და აი, მორჩა ოპერაცია და მიახლოვდება ქირურგი.სახეზე ვაკვირდები, მინდა გამოვიცნო, როგორი სახე აქვს, მინდა ამოვიკითხო, ხომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ცუდი ხომ არაფერია…ის მომიახლოვდა და გაიღიმა. დავჯექი, მუხლები მომეკვეთა.რადგან ექიმმა გაიღიმა ე.ი. ყველაფერი კარგადაა და შენ ცოცხალი ხარ.
—იცით, როცა გულზე გავჭერი თქვენი მეუღლე, ზედ სახელი ეწერა”ბელა”,იცინის..ის ჯანმრთელია და 100 წელი იცოცხლებს,გიხაროდეთ —
ხელებს ვუკოცნი და ვერაფერს ვეკითხები.
—ოპერაციის წინ სულ ითხოვდა, ბელა მომიყვანეთო. მე კიდევ სულ ვპირდებოდი , რომ მალე მოხვალთ და ამასობაში კიდევაც შევიყვანე საოპერაციოში და იცით კიდევ რა მითხრა? რომ ის სჭირდება სამშობლოს, ამიტომ უნდა იცოცხლოს. და რომ კიდევ ბევრი საქმე აქვს დასამთავრებელი –განაგრძობს მოყოლას.
—-ექიმო, რა სჭირდა მითხარით, რომ ასე სასწრაფოდ გააქანეს ექიმებმა, რომ აზრზეც ვერ მოვედი? – ვეკითხები ექიმ ვოლნერს.
—ასეთი რამ , რაც მას ქონდა ვიეტნამში ამერიკელ მფრინავებს ემართებოდათ., გადაგრეხილი ძარღვი, 99% დაკეტილი…და ის გადარჩა 1 % ალბატობით. ღმერთს ყვარებია….
დილით როცა ვნახე, ფანჯარისკენ იყურებოდა, რომ მოვედი, მითხრა, ნახე როგორ გავს ბაზალეთის მთებსო… და კიდევ მითხრა,რადგან უფალმა მასთან არ წამიყვანა, ე.ი. უნდა ვიცოცხლო.
ამ მძიმე მონაკვეთს ხშირად ვიხსენებ. არა, მე კი არ ვიხსენებ, თავისით მოდის ფიქრებ.ში იმ დღიდან მე ვისწავლე სხვანაირად ცხოვრება. თითქოს ყოველი დღე გადამწყვეტია, თითქოს ხვალამდე ბევრი რამე უნდა მოვასწრო, თითქოს ის, რაც ხვალ უნდა მეთქვა, დღესვე უნდა მოვახერხო.. არაფერი გადავდო.
მე ხომ გაზაფხულიც იმიტომ მიყვარს, რომ შენ მოესწარი. ეს ტყეც, იმიტომ რომ შენ აქ დააბიჯებდი ბავშვობაში და მე შენს ნაფეხურებს ვეძებ… ამ ფიქრებში რომ ვიყავი, შალვაც მოვიდა და მისმა ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა:
–აქ რას აკეთებ მარტო?
—როგორ მომძებნე, საიდან გაჩნდი? –ისე ვიკვირვებ, გეგონება პირველად მპოულობს.
–ვიცოდი, რომ ამ მუხის ქვეშ იჯდებოდი-იღიმის
—შალვა, გახსოვს, აქ მეცხვარეებმა 20 წლის წინ ქორწილი რომ გადაგვიხადეს, თავზე ყვავილების გვირგვინები დაგვადეს, ვეება კოცონი დაანთეს და სანთლები აგვინთეს,სოკო შეგვიწვეს და როგორც დღესასწაულზე ხდება, მთელი ღამე გაგვათენებინეს. როგორ ნელა თენდებოდა. ალიონის მობრძანებისას თავზე პატარა ბიჭი დაგვდგა. გახსოვს, მუხის ხესთან რომ მიგვიყვანა და სიურპრიზი გაგვიკეთა. ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო-ხის ქერქზე ამოტვიფრული ჩვენი სახელები…
— როგორი აღტაცებული იყავი, მახსოვს, აბა, ამას რა დამავიწყებს.
–ხედავ, როგორ არ შეცვლილა წარწერა და დღესაც ისეთივეა, როგორც მაშინ–ვაჩვენებ წარწერას.
–იმას, რასაც დრო და ჟამი ვერ ცვეთს და ვერ ერევა უკვდავია, – იცინის.
–ნუ დამცინი, მართლა მაინტერესებს რამდენ ხანს იქნება ამ ხეზე ჩვენი სახელები, – ვეკითხები.
–სანამ იქნება ეს მუხის ხე. ის კიდევ საუკუნეები იდგება ამაყად
–გამოდის ჩვენი შვილები, მათი შვილები, კიდევ მათი შვილებიც ნახავენ და იტყვიან, რომ მათ წინაპრებს აქ ქორწილი ჰქონდათ?
–იტყვიან, ჩემო რომანტიკოსო! ახლა სჯობია, ციდან დაბლობზე დავეშვათ და დროზე სახლში წავიდეთ, თორემ ბავშვები გველოდებიან,- ბუბომ თვალი მოავლო ტყეს და ღრმად შეისუნთქა კრიალა, სუფთა, ჯანსაღი ჰაერი.
ფერდობზე კი კვლავ შეფენილიყო ცხვდის ფარა, იქვე ახლოს სავსე ცურებისგან შეწუხებული ძროხები იცოხნებოდნენ, “გუგუ-გუგუ…. გაუთავებლად იძახდა და თავს გვახსენებდა გუგული.
_ ამ უღრან ტყეში თუ ვინმე იპოვის იმ დღის მოგონებას, მე ამითაც დავკმაყოფილდები, _ ჩავიბუტბუტე ჩემთვის და დაღმართისკენ მიმავალ გზაზე, ბუბოს ჩქარ-ჩქარ და გრძელ ნაბიჯებს სირბილით ძლივს ავუყოლე ფეხი.
ბელა ალანია

euronews.ge  ულოცავს ბატონ შალვა ნათელაშვილის დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close