ჯანდაცვა

ავერსის კლინიკის მორიგი მსხვერპლი _ ,,5 თვის ორსულმა ვიმშობიარე და მას შემდეგ, ბავშვი აპარატზეა შეერთებული”

ექსკლუზივი-სკანდალი

ამ ისტორიის მოსმენა ყველას შეგძრავთ. ნათია სამაკაშვილი 2 წლის შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ექიმს აბრალებს. ის თვლის, რომ ,,ავერსის კლინიკის” ექიმმა დაღუპა მისი ოჯახი. მისი ბიჭი, იოანე დაბადებიდან რეანიმაციაში წევს და მშობლებს ვერ სცნობს.       მინდა, ყველამ გაიგოს ეს ამბავი. საკუთარი თავი ვერ ვიხსენი ვაი ექიმებისაგან და იქნებ, სხვა მაინც გადავარჩინო, გვითხრა ნათიამ.

  ნათია სამაკაშვილი: 

_ რუსთავის ,,ავერსის კლინიკის” დამსახურებაა, რომ  ორი წელი ბავშვი აპარატზე მყავდა შეერთებული. ჩემს შვილს დღის შუქი ჯერ არ დაუნახავს. ღვთის წყალობით ცოცხალია, მაგრამ საშინელ დღეშია. ის შშმ პირია.

_ ექიმს რატომ აბრალებთ თქვენს მდგომარეობას? რა მოხდა, იქნებ მოგვიყვეთ. 

_ რუსთავში ვცხოვრობთ. როგორც ყველა ორსული, მეც აღრიცხვაზე დავდექი რუსთავის ,,ავერსის კლინიკა”_ში. გინეკოლოგი ლელა თანდაშვილი იყო ჩემი ექიმი. ჩივილები არ მქონია, მაგრამ ერთ დღეს სისხლდენა დამეწყო. მაშინვე გავიქეცი ლელა ექიმთან, თუმცა კლინიკაში რომ მივედი მითხრეს, შვებულებაშიაო. დავურეკე და ავუხსენი მდგომარეობა. დამარიგა, საგანგაშო არაფერია, 25-ე კვირაზე იცის სისხდენა, წამალი არ შეწყვიტოო. მისვლისთანავე ,,ავერსი”-ს  მედიკამენტი გამომიწერა – ,,მაგიტრონი” და მხოლოდ ამას მასმევდა.

სისხლდენა არ შემიწყდა და თბილისში წავედი. ღუდუშაურის კლინიკაში მითხრეს, უკვე დაგვიანებულია, ყელია გახსნილიო. 5 თვის ორსულმა ვიმშობიარე და მას შემდეგ, ჩემი შვილი აპარატზეა შეერთებული. როდესაც ავერსის კლინიკას მივაკითხე web, მაშინვე რომ აღმოეჩინათ დახმარება, ეს არ დაგვემართებოდა. რა თქმა უნდა, ჩემს ტრაგედიას მათ ვაბრალებ…

  _ მერე, რა უთხარით ექიმს, ან მან როგორ იმართლა თავი?

_ ყველაზე საშინელება ის არის, რომ  ჩემი ზარის შემდეგ, მას არც მოვუკითხივარ. არ დაინტერესებულა, როგორ ვიყავი, მოვკვდი თუ დავრჩი. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ მეც და ჩემი შვილიც დავღუპულიყავით. მოკლედ, ძლივს გადაგვარჩინეს თბლისში, მაგრამ ამას გადარჩენა არ ჰქვია…

ღუდუშაურის საავადმყოფოში რომ მივედი გახსნილი ყელით და ვუთხარი, ავერსის ექიმმა მითხრა, არაფერი გჭირსო, კინაღამ გადაირივნენ.  მათი ექიმის უყურადღებობისა და უგულობის გამო, მეტანჯება ანგელოზივით შვილი.

  _ ბავშვი რა დიაგნოზით წევს რეანიმაციაში?

_ ტვინში სისხლჩაქცევა აქვს. თავის ტვინის ნახევარია დაზიანებული, რაც ეს გამოიწვია ნაადრევმა მშობიარობამ. 800 გრამი იყო ჩემი შვილი, როცა დაიბადა, მას შემდეგ სულ წევს რეანიმაციაში, ვერ დადის, ვერ აზროვნებს, ვერ მეტყველებს, მშობლებსაც ვერ გვცნობს. ჯერ იაშვილის კლინიკაში გვეწვა, ახლა ციციშვილის კლინიკაშია. შვილთან დღეში მხოლოდ ნახევარი საათით მიშვებენ. ერთი თვის წინ მოხსნეს აპარატიდან და ახლა მართვით სუნთვაზეა. გამწარებულები ვართ. ფაქტია, რაც დამემართა ჩემი დაუდევრობით არ მომხდარა, ექიმის უგულობამ და უყურადღებობამ გამოიწვია.

  _ უჩივლეთ ექიმს?

_ სად გვეცალა საჩივრისთვის? მას შემდეგ დატანჯულები ვართ ჩემი შვილის მდგომარეობით. კლინიკების მოსაცდელში ვცხოვრობდით მე და ჩემი მეუღლე. მთელი ოჯახი მხოლოდ ბავშვზე ვართ გადართული, იქნებ, რაიმე ვუშველოთ… ისიც აღარ ვიცი, კიდევ უნდა გავაჩინო შვილი თუ არა, შეშინებული ვარ. თანაც ჩივილს რა აზრი აქვს. თქვენც ხომ იცით, რომ არავის დასჯიან და შეიძლება, ისევ მე შემიქმნან პრობლემები.
 _ ანუ, ეს წერილი რომ გამოქვეყნდება, მერე გაიგებთ ,,ავერსის კლინიკის” ექიმი თქვენს ამბავს?

_ ალბათ, ასე იქნება… ახლა მაინც გაიგოს, რა დღეშია ჩემი შვილი და ჩვენი ოჯახი. მაგან დაგვღუპა და გაგვანადგურა.

რედაქციისაგან:

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვთხოვთ, euronews.ge -ში გამოქვეყნებული დაზარალებული პაციენტების მონათხრობებს ყურადღება მიაქციოს და გამოიკვლიოს მათი მდგომარეობა. მიიღოს ეს წერილები, როგორც ამ ადამიანების საჩივრები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

ჩვენს კი, euronews.ge – ში გამოქვეყნებულ სტატიებს ბოლომდე მივყვებით.

ნელი ვარდიაშვილი  

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close