ჯანდაცვა

,,ავერსის კლინიკის“ მენეჯერი EURONEWS.GE -ს იურისტებით ემუქრება_ სიმართლის წერას ვერავინ დაგვიშლის!

  ექსკლუზივი-სკანდალი 

სიმართლის მთქმელს ბედაური შეკაზმული რომ  უნდა ჰყავდეს, სიახლე არ არის, მით უფრო, იმ დროს, როცა ქვეყანაში კანონსა და სამართალიანობას თანამდებობა და ფული განაგებს, როცა საჯაროდ ჩადენილი ხულიგნობისთვის პრემიერ-მინისტრს უღიმიან, რიგით ადამიანს კი თავ-პირს უსისხლიანებენ და ციხე-ციხე დაათრევენ, როცა აქლემის ქურდი ჯიპით დაბრძანდება და ნემსის ქურდი ციხის ხმელ ,,კოიკაზე“ ათენ-აღამებს, როცა ქვეყანაში ტყუილი მეფობს და ბევრი სიკეთე იმ ადამიანს  აქვს, ვინც ყველაზე დიდ ტყუილს ეტყვის საზოგადოებას და მაგრად ,,დააბოლებს“. როცა უწიგნურები ქვეყნის მმართველებად, კანონმდებლებად გვევლინებიან და განათლებულები, საკოლმეურნეო ბაზრებში კარტოფილით ვაჭრობენ შვილები რომ არჩინონ, როცა ექიმს აღარავინ ენდობა, რადგან იციან, რომ ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებულმა და ჰიპოკრატეს ფიცის მოღალატემ, შეიძლება ისეთი წამალი გამოუწეროს, სული განუტევოს, მერე კი,  ეს ყველაფერი ,,ზემოთ“,  მფარველებს ,,გააპრავებინოს“, ასეთ დანაშაულზე შეცდომის კვალიფიკაცია მიანიჭებინოს და ყველა უდარდელად დატოვოს, დაზარალებულის გარდა.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და ალბათ, სინდისთან დამეგობრებული ვერცერთი ადამიანი ვერ გაბედავს თქვას, რომ ასე არ არის.

მავანთა გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენც ბედაური შეკაზმული გვყავს, მაგრამ არა სადმე გასაქცევად ან დასამალად, არამედ ყველა კუთხე-კუნჭულის უკეთ მოსავლელად და იმ პრობლემების მოსაძიებლად, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. სიმართლის წერას ვერავინ დაგვიშლის, ვერც სიტყვით და ვერც საქმით. თითოეულ ჩვენს წერილსა და რესპოდენტის პრობლემას ბოლომდე მივყვებით იმის მიუხედავად, ,,მავანთ“ მოეწონებათ ჩვენი გაშუქებული ფაქტები, თუ არა.

მოკლედ, გასულ კვირას euronews.ge -ში გამოქვეყნდა ინტერვიუები, რომლებიც რუსთავის ,,ავერსის კლინიკის“ ექიმებს ეხებოდათ. დაზარალებული პაციენტები, იმ პრობლემებს, რომლებიც მათ ამჟამადაც აწუხებთ (ეს პრობლემები არ არის უბრალო და სტატიების გაცნობის შემდეგ, ამაში დარწმუნდებით) აღნიშნული კლინიკის ექიმების უგულობასა და უყურადღებობას აბრალებენ. ვისაც არ წაუკითხავს ეს სტატიები, შეუძლია, ამჯერად გაეცნოს:

,,ავერსი”-ს კლინიკის წყალობით, 7 წლის ნანატრი შვილი დავკარგე _ ეს ყველამ უნდა გაიგოს

ავერსის კლინიკის მორიგი მსხვერპლი _ ,,5 თვის ორსულმა ვიმშობიარე და მას შემდეგ, ბავშვი აპარატზეა შეერთებული”

წაიკითხეთ, საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ და თუ სინდისი გაგიჭრით, მერე დაადანაშაულეთ საბრალო დედა!

ორივე დაზარალებულთან ინტერვიუ თითქმის ერთ კვირაში ჩავწერეთ და ცალ-ცალკე დავბეჭდეთ. გვინდოდა, ,,ავერსის კლინიკას“ კომენტარი ერთად გაეკეთებინა, მაგრამ ვინ გვაცალა?  სასწრაფოდ, ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალში დაიბეჭდა წერილი, რომელშიც რუსთავის ,,ავერსის კლინიკის“ მენეჯერი ჩვენი რესპოდენტების ინტერვიუებს მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უწოდებს და  ამბობს, რომ მსგავსი სტატიები მათი ავტორიტეტის შესალახად, მიზანმიმართულად ვრცელდება ინტერნეტგამოცემებში. ის აცხადებს, რომ ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი, თამარ ციხისელი ტყუის, ამიტომ, მენეჯერი, მასაც და ჩვენც, იურისტებით გვემუქრება.

იმიჯის შელახვა თუ რეალური ბრალდება

მუქარის ამ წერილს ჩვენ მხოლოდ ღიმილით ვუპასუხებთ და ვიტყვით, რომ ყველა პროფესიის ადამიანის საუკეთესო შემფასებელი მაინც ხალხია. ამჯერად შემოგთავაზებთ კომენტარებს, რომლებიც ჩვენს მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუებს მოჰყვა.

,,ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ ზოგის რეაქციით… ადამიანმა თავისი გულის ტკივილი თქვა და რა გინდათ თქვათ, რომ რუსთავის სამშობიაროში იდეალურები არიან?

 ბადრი არ იყო,  გოგო რომ შემოაკვდა ამ გაზაფხულზე?

 კოტე არ იყო,  მასაც ორსული რომ დაეღუპა და კიდევ რამდენი?

  მეც რუსთავის სამშობიაროს ერთ-ერთი ექიმის მსვერპლი ვარ, სამწუხაროდ, მაგრამ რა იცვლება, ვინ ვზარალდებით? უბრალო ადამიანები.. ვინ ვმახინჯდებით, ჩვენ, ისევ და ისენი ითბობენ ხელებს…  ყველგან ხდება მსგავსი ფაქტები, საუკეთესო ექიმებსაც კი ეშლებათ ბევრი, მაგრამ ეს არაა გამართლება. რატოოო? რატო ვისჯებით ეს უსუსური ხალხი, რომლებიც ექიმს ვანდობთ ჩვენს ბედს?

ნათია ძალიან ვწუხვარ და ვერც ვპოულობ სიტყვებს, ღმერთმა გაგაძლიეროს“.

ამ კომენტარს ასეთი პასუხი მოჰყვა:

 ,,ახლა უკვე ტყუილებს ავრცელებ და არ გრცხვენია? ბადრიზე მაქვს ლაპარაკი. ჯერ ერთი, კი არ შემოაკვდა, ანევრიზმით დაიღუპა ის გოგო.  ძალიან გთხოვთ, დააზუსტეთ ინფორმაციები და ისე გაავრცელეთ“.

 შემდეგ, აღნიშნულ ფაქტზე (ბადრი ექიმის შემთხვევაზე -რედ.) პოლემიკა იმართება:

,,არ ვტყუი, მე სტომატოლოგ  გოგოზე მაქვს საუბარი…“

მათ საუბარში მესამეც ერთვება:

 ,,სტომატოლოგ  გოგოზე, როგორც ვიცი, ჩატარდა ექსპერტიზა და ბატონი ბადრის ბრალეულობა  არ გამოვლინდა. მე პირადად ვიყავი  პრობლემური ორსული და ბადრიმ უამრავი გართულება თავიდან ამაცილა. ბოლომდე მშვიდობიანად მიგვიყვანა მეც და ჩემი შვილიც. მადლობა მას.“

  კვლავ პირველი წერს კომენტარს და ყველას ერთად პასუხობს:

  ,,გოგოებო, თქვენ ვერ გაიგეთ მე რას ვიძახი. იდეალური არაავინაა,  ყველას მოსდის შეცდომა. ესეც ალბათ ბედის ბრალია,  თუმცა გამართლება არ აქვს…  ყველას ყავს კარგი, ძალიან კარგი და უკმაყოფილო პაციენტი … მე კოტესთან მყავს 2 შვილი ნამშობიარები,  მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებო ან ცუდი იყო, პირიქით ….  მაგრამ სხვასთან მოუვიდა შეცდომა.  ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცუდია…. თბილიშიც, “ფეშენ” ექიმებსაც მოსდით შეცდომა…

  მე იმას ვიძახი, რომ ადამიანს ერთი შეცდომა უკარგავს  ყველაფერს და ექიმს ვერავინ და არავინ პატიობს, რადგან ჩვენ, ჩვენ ბედს მათ ვაბარებთ … მე როგორც  ვიცი,  კერძო ექსპერტი აიყვანეს და თავიდან აპირებენ ძიებას ოჯახის წევრები.“

    ,,ღმერთო, ძალიან უყურადღებობაა კლინიკებში და გამკითხველიც არავინაა.“

   ,,მართლა, საოცრებაა. რუსთავის სამშობიაროში არიან საუკეთესო ექიმები. მე პირადად, თბილისიდან დავდიოდი იქ. არ მესმის, ასეთი ექიმები გყავდეს ქალაქში და ავერსის კლინიკის ექიმებს ანდობდე თავს. რუსთავში არ ცხოვრობდა ეს საწყალი გოგო?“

  ,,ვაიმე,  თუკი ვინმეა ცუდი ექიმი, რუსთავის სამშობიაროშია შეყრილი. გაუნათლებლები და ფულისტები მანდ არიან თუ არიან ლია ბარავკოვას ჩათვლით.“

  ,,ავერსში ყველამ იცის, რომ არაკვალიფიცური ექიმები არიან. მაგათი ნდობა არ შეიძლება. ნუთუ არავინ არ გითხრათ? და საერთოდ, რუსთავში არ უნდა დადგეთ აღრიცხვაზე,  თბილისში  წადით, კიდევ რომ დარჩებით ორსულად.“

  ,, ყველას მოსდის შეცდომა ცხოვრებაში, მაგრამ უყურადღებოდ არ უნდა მოიქცეს ექიმი და 3 დღე არ უნდა გათიშოს ტელეფონი. ტკივილებით ლამის მოვკვდი და ის სულიერად და ფიზიკურად ისვენებდა შაბათ- კვირა. რჩევას მაინც ვკითხავდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გამაყუჩებელიც კი არ დავლიე, რომ ნაყოფს არ ავნოს თქო“.

    ეს მცირედია იმ კომენტარებიდან, რომელთა წაკითხვაც მოვახერხეთ…   იმისათვის, რომ ვინმემ კომენტარების მოგონებაშიც არ დაგვდოს დაუმსახურებლად ბრალი, მათ სქრინებსაც  დავურთავთ.  კომენტარების ავტორთა ფეისბუქგვერდებიდან კი ირკვევა, რომ უმეტესი მათგანი რუსთავის მაცხოვრებელია და ასე თუ ისე, იციან, ამ ქალაქში რაც ხდება.

  კომენტარების წაკითხვის შემდეგ, რატომღაც გამახსენდა ანდაზა თაგვზე, რომელმაც ძალიან  ბევრი  თხარა და…  ხოდა, იჩივლეთ ,,ავერსის კლინიკის“ იურისტებო,  ჩვენ მზად ვართ!

  მანამდე კი,  კიდევ ერთხელ მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს; სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს; ექიმთა ასოციაციის გაერთიანებას; პაციენტთა უფლებების დამცველ არასამთავრობოებს, დაინტერესდით აღნიშნული ფაქტებით, ჩვენი ინტერვიუები გამოიყენეთ როგორც საჩივრები და აღნიშნულ საქმეებზე დაიწყეთ მოკვლევა, დაკითხეთ ჩვენი რესპოდენტები… სიმართლის გარკვევა ჩვენს ინტერესში შედის!

ასევე მივმართავთ ,,ავერსის კლინიკის“ პრესსამსახურს, კომპანიამ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით. ,,ევრონიუს ჰოლდინგი“ სიამოვნებით დაუთმობს მათ, ჩვენი ვებგვერდების სივრცეს. ,,ავერსი”-ს პრესამსახური შეგვპირდა, რომ შეისწავლიდა შექმნილ მდგომარეობას. მათი კომენტარის მიღებისთანავე EURONEWS.GE კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ თემას.

ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close