საზოგადოება

,,ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მოშიმშილე რკინიგზელებს ადვოკატების მომსახურეობას სთავაზობს”

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე გამოეხმაურა მოშიმშილე რკინიგზელებისა და აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების ფაქტს.

„ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი აპროტესტებს პოლიციელების მიერ მოშიმშილე რკინიგზელებისა და აქციის მონაწილეების მიმართ შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს. ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მომართვის შემთხვევაში გამოყოს ადვოკატები აქციის მონაწილეებს ინტერესების დასაცავად. პოლიციელთა მიერ განხორციელებული ქმედება მოშიმშილე რკინიგზელების, აქციის მონაწილეებისა და იქ მყოფი, მათი მხარდამჭერების მიმართ, ყოვლად მიუღებელია.

ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ ასევე არ მისცა მოშიმშილეებს და აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება, რასაც გამოეხმაურა სახალხო დამცველი წერილობით. კერძოდ, სახალხო დამცველმა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ მან კარვის გაშლის საკითხზე არაერთხელ ისაუბრა თავის საჯარო განცხადებებსა და ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში. სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა კვლავ დღის წესრიგშია. შესაბამისად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის კარვით სარგებლობის შეზღუდვა, ვინაიდან, ადგილი არა აქვს შენობის შესასვლელების ბლოკირებასა თუ კანონდარღვევით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობაზე ხაზგასმულია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებშიც, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

[1] ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა ასევე საქართველოს სასამართლო სისტემაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს „პარტიზანი მებაღეებისთვის“ შეკრების უფლებისა და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა უკანონოდ მიიჩნია.“ ხოლო ამჯერად, რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და უარი უთხრა კარვის გაშლაზე, რაზეც უკვე არსებობდა ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაც 2016 წლის მიღებული გადაწყვეტილებით, რაც საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს.

ამასთანავე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლონ პოლიციელთა ქმედებები” _ აცხადებს  გიორგი თევზაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close