განათლება

სკოლებში ოქტომბრიდან ვაშლებსა და ატმებს დაარიგებენ

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც თბილისის ათ დიდკონტინგენტიან სკოლაში ვაშლის დარიგებას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, ვაშლების დარიგება სკოლებში ოქტომბრიდან, კვირაში ერთხელ მოხდება. ქვეპროგრამის ფარგლებში 260 000ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერიც გამოცხადდა. 10 სკოლის ვაშლით მომარაგებისთვის სამინისტრო 78 000 ლარს გადაიხდის. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ტენდერში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება ჯერ არ დასრულებულა, იგი დღეს, 21 სექტემბერს გაიხსნება და ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სკოლაში ვაშლების დარიგების შესახებ EDU.ARIS.GE-ს დამატებით კითხვებს პროგრამის კოორდინატორმა მაია მუშკუდიანმა უპასუხა:

-ტენდერი გაიხსნება 21 სექტემბერს. ინფორმაცია საჯაროა და ტენდერის პირობების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. განაცხადების რაოდენობა დასრულების შემდეგ გაირკვევა.

-რა კრიტერიუმით შეირჩა სკოლები სადაც ვაშლი დარიგდება და რატომ მხოლოდ 10 სკოლაში?

-თბილისის  თითო უბნიდან 2 ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლა შევარჩიეთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწოდოთ ინფორმაცია და მეტი უზრუნველვყოთ ჯანსაღი საკვებით.

-მოსალოდნელია, რომ ასეთი სკოლების რიცხვი გაიზარდოს?

-ეს საცდელი პროგრამაა და დამუშავების პროცესშია. შეიძლება პროექტი სხვა სკოლებშიც განვახორციელოთ ან შეიძლება, მას სხვა კომპონენტები დაემატოს. ეს შეიძლება ვაშლი იყოს, შეიძლება – ატამი. პროექტი ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც უკეთესი იქნება მოზარდებისთვის.

-სად განთავსედება ვაშლები და ეყოლება თუ არა მას მეთვალყურე?

-ვაშლები სკოლის დერეფანში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსდება. სკოლის ადმინისტრაცია და მანდატური გააკონტროლებს, რომ ყველას შეხვდეს ხილი. დღის განმავლობაში თითო ბავშვზე თითო ვაშლია გათვლილი.

-როდის შეეძლებათ ბავშვებს ხილის მირთმევა? დასვენების გარდა გაკვეთილზეც ხომ არ ექნებათ ამის უფლება, როგორც ეს აშშ-ის ბევრ სასწავლებელშია?

– არა, ხილს მხოლოდ დასვენებების პერიოდში მიირთმევენ.

სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებენ იმ სკოლების მოსწავლეების მშობლები, რომეთლაც ოქტომბრიდან ხილი დაურიგდებათ. 161-ე სკოლის მოსწავლის დედა ლელა ბეგლარიშვილი იზიარებს მინისტრის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ჯანსაღი კვება მოზარდის სწორად განვითარების მთავარი კომპონენტია:

„მე და ჩემი შვილი ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით, სკოლაში ვაშლების შემოტანას. ჯანსაღი საკვები მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესია, ვაშლი კი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტია. მოხარული ვიქნები თუ, სკოლაში ბავშვები ჩიფსების ნაცვლად ამ ხილს მიირთმევენ“,- ამბობს ლელა ბეგლარაშვილი.

შალვა-ტაბატაძე-1ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მომხრეა განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძეც, მაგრამ მისთვის გაუგებარია, პროექტის განსახორციელებლად რატომ აირჩია სამინისტრომ მხოლოდ დიდკონტინგენტიანი სკოლები და არც რაციონის ფორმას ეთანხმება:

„კვება უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებისთვის და დიდ გავლენას ახდენს სწავლის პროცესზე. ამიტომ, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს ძალიან კარგია. თუ კონკრეტულ ფორმაზე ვისაუბრებთ, გაუგებარია, სკოლების შერჩევის კრიტერიუმი და რაციონის ასეთი ფორმა“, – ამბობს ტაბატაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

რატომ ვაშლი? – სიმონ ჯანაშია

სკოლების სია, სადაც განათლების სამინისტრო ვაშლს დაარიგებს

განათლების სამინისტრო 10 სკოლისთვის 78 000 ლარის ღირებულების ვაშლს შეიძენს – ტენდერის პირობები

წყარო: edu.aris.ge

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close