საზოგადოება

საჰაერო ბურთით თბილისის თავზე _ ფრანგი მფრინავისა და შეშინებული ვირის ისტორია

თბილისის მუშთაიდის პარკში, ფრანგი მფრინავის ჟან ბედეს ქანდაკება დაიდგმება, რომელიც 1882 წელს, სწორედ ამ ბაღიდან აფრინდა საჰაერო ბუშტით და თბილისს გადაუფრინა. საჰაერო ბუშტზე მას მეგზურობას ვირი უწევდა, რომელიც ქალაქის თავზე მიფრინავდა და თან შეშინებული ყროყინებდა.
ძეგლის ესკიზი უკვე მზად არის, ​სამხატვრო საბჭომაც მოიწონა და იდეის ავტორებმა ის, ფართო საზოგადოების სამსჯავროზეც გაიტანეს. ​
​როგორც “სითი კვირას” მუშთაიდის ბაღის გენერალურმა მენეჯერმა და ძეგლის თანაავტორმა ირაკლი ბითაძემ განუცხადა, ჟან ბედეს თბილისთან საინტერესო ისტორია აკავშირებს. საქართველოს დედაქალაქში, თურმე საჰაერო ბურთებით გაფრენის პოპულარიზაციას ეწეოდა. სამი თვის განმავლობაში სამი გაფრენა განახორციელა, მაგრამ ვერავინ აიყოლია. თბილისის თავზე ფრენის მსურველები არადა და არ გამოჩნდნენ. მაშინ, მესამე გაფრენისას ფრანგმა, მემწვანილისაგან სახედარი იქირავა და საჰაერო ბურთში ჩაისვა. მუშთაიდის ბაღიდან ქარმა ბურთი მეტეხის მხარეს წაიღო და იქვე დაეშვა.
​”წარმოიდგინეთ, 1882 წელი, მეიდანი, პურის მოედანი, მდინარე მტკვარი, ტივებზე კინტოების ქეიფი და ა.შ და უცებ ჰაერში მოფრინავს რაღაც და ვირი ყროყინებს, უკან კი მთელი ქალაქი მოსდევს. როდესაც ბურთი დაეშვა მეტეხის ტერიტორიაზე, ვირი ისე იყო გაოგნებული რომ გადმოხტა და პატრონმაც ვეღარ იპოვაო, – ასეა აღწერილი იმ დროინდელ გაზეთებში ეს ამბავი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის მოხსენებული მაშინდელ პრესაში, პირდაპირ ასეთი ტექსტი წერია: – მაშინ, როდესაც ვიღაც ფრანგს ვირთან ერთად მთელი ქალაქი ყიჟინით მისდევდა, ზუსტად იმ წუთებში, ლაზარეთში მარტოობაში კვდებოდა ალექსანდრე ყაზბეგიო“,- ამბობს ირაკლი ბითაძე.
მუშთაიდის პარკში ფრანგი ჟან ბედესა და ქართველი ფიროსმანის ძეგლები, პარკის რესტორნის ისტორიული შენობის რესტავრაციის დასრულების შემდეგ საზეიმოდ გაიხსნება. ქანდაკებები 1.86 სმ სიმაღლის იქნება და პედესტალის გარეშე დაიდგმება, რათა მათთან ახლოს მისვლა და სურათის გადაღება ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს. ​ფიროსმანის და ბედეს ქანდაკებების თანაავტორები ირაკლი რევაზიშვილი და ირაკლი ბითაძე არიან.
რაც შეეხება მუშთაიდის ბაღის რესტორნის ისტორიულ შენობას, ირაკლი ბითაძის ინფორმაციით, ის მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია, არ აქვს საძირკველი და მთლიანად თავიდან არის ასაშენებელი. პროექტის განხორციელებას სააქციო საზოგადოება “ჯეო გოლდი” გეგმავს, რომელიც თითქმის 6 წელია ზრუნავს მთლიანად მუშთაიდის ბაღის კეთილმოწყობაზე.
​რესტორნის ისტორიული შენობის სარესტავრაციო პროექტი თითქმის მზად არის. კომპანია “ჯეო გოლდი” არის ჩვენი მმართველი კომპანია, რომელიც ზრუნავს პარკის განვითარებასა და განახლებაზე. ამ ხნის განმავლობაში განახლდა მწვანე საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ატრაქციონებს, კომუნიკაციების მთელ სისტემას, დაიდგა ახალი ატრაქციონები. ​მეორე ეტაპია უკვე რესტორნის შენობის რესტავრაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. რესტავრაცია შეეხება მხოლოდ გარე ფასადს, რომელიც დამზადებულია ხისგან და მილიმეტრებში უნდა შენარჩუნდეს, ზუსტად ისე, როგორც არის. თვითონ შენობას საძირკველი არ აქვს და თავიდან არის ასაშენებელი. დიდი დარბაზი, რაც მოსჩანს ფოტოებზე, ისევ ძველი სახით აშენდება. ვმუშაობთ ასევე, შენობის გარშემო გამწვანების შენარჩუნებაზეც”,- აცხადებს ირაკლი ბითაძე. ​
​მისივე განმარტებით, შენობის, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის მონიტორინგი ამ სფეროს სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს. შესათანხმებელი რჩება რამდენიმე საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ რესტორნის შენობის ფასადი ხის მასალისგან არის დამზადებული, ეს კი საკმაოდ ძვირადღირებულია. არსებობს შეთავაზება, რომ ხის ნაცვლად, პლასტიკური მასალა გამოიყენონ, რომელიც იგივე ეფექტს იძლევა, გაცილებით მსუბუქია და ადვილია მისი დამუშავდება.
“ხის მასალა, რომელიც ფასადზეა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამისთვის განსაკუთრებული სახეობის ხე არის საჭირო, რაც ძვირი ჯდება. არის მეორე ვარიანტი, პლასტიკური მასალა, რომელიც გაცილებით გამძლეა. შენობის ძველი ფასადი შეღებილია და საერთოდ არ ეტყობა ხის მასალისგან რომ არის გაკეთებული. ხელოვნური მასალის გამოყენება თუ გადაწყდა, ისიც შეიღებება და ამდენად, ვიზუალური თვალსაზრისით არ იქნება შესამჩნევი სხვაობა. თუმცა, ამაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა”,- გვითხრა ირაკლი ბითაძემ.
​მისივე თქმით, შენობის ფასადის დეტალები მოიხსნება და სათითაოდ ჩამოისხმება ყალიბებში, რაც საკმაოდ რუტინული სამუშაოა. ინვესტორი თავად არის მოწადინებული, რომ პარკის ისტორიული იერსახე შენარჩუნდეს და რეაბილიტაციის ხარჯებს მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.
“კომპანია “ჯეო გოლდმა” 5 წლის განმავლობაში, უკვე 4-ჯერ გადააჭარ22554884_1489080927865455_3348515438390064354_nბა საინვესტიციო პირობებით გათვალისწინებულ დანახარჯს. ​იშვიათია ასეთი ინვესტორები, მოგებაზე არ ზრუნავს, პირიქით, ცდილობს დამატებითი თანხები მოიძიოს, რომ, რაც შეიძლება მეტად გალამაზდეს ქალაქის ისტორიული ბაღი”, – აცხადებს ირაკლი ბითაძე.
თბილისის მუშთაიდის ბაღში მთლიანად განახლდა მწვანე საფარი, გაფართოვდა გაზონები, მოეწყო სასეირნო ბილიკები და ღობე, დაიდგა სკამები და ახალი ატრაქციონები.
შეგახსენებთ, რომ მუშთაიდის ბაღში ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ძეგლიც დაიდგმება, კერძოდ, იმ ადგილას, სადაც, გავრცელებული ვერსიის თანახმად, მხატვარმა ფრანგი აქტრისა, მარგარიტა გაიცნო. ქანდაკებაც სწორედ ამ ეპიზოდს ასახავს, სადაც ფიროსმანი ყვავილებით ხელში და გვერდზე ურმით, ფრანგ ქალთან შესახვედრად არის წარმოდგენილი. ამგვარად ბაღში კიდევ ერთი ლამაზი ისტორია გაცოცხლდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close