საზოგადოება

“სახელმწიფოს მოვალეობანი მოქალაქის სიცოცხლის მიმართ” _ დარეჯან ნათელაშვილის სამეცნიერო ნაშრომი

”  ცალმხრივი მსჯელობა რომ არ გამომივიდეს, უპრიანად მიმაჩნია მოკლედ მიმოვიხილო მოქალაქის ვალდებულებანი სახელმწიფოს მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდე სახელმწიფოს მოვალეობებზე. ჩვენ სახელმწიფოსადმი ერთგულებას ვამტკიცებთ ქვეყნის კანონმდებლობისადმი მორჩილებით, მისი ენისა და კულტურის პატივისცემით, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებით, გარკვეული მოვალეობების მოხდით და ა.შ. მოქალაქეობის მიღების მიზნით თუ ვსახლდებით რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე, ვალდებულები ვხდებით პატივი ვცეთ იმ ქვეყნის სუვერენიტეტს, ენასა და ისტორიას, რომელმაც შეგვიფარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს სრული უფლება აქვს გაგვაძევოს ამ ტერიტორიიდან. აქ უფრო მხედველობაში მყვანან ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სხვა სახელმწიფოში და პატივს არ სცემენ ამ ქვეყნის ისტორიას, ენასა და კანონმდებლობას (არ აბარებენ შესაბამის გამოცდებს და არ ასრულებენ კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს). ასეთი ადამიანები პოტენციური „კულტურული ოკუპანტები“ არიან და ყოველთვის იქნება საფრთხე იმისა, რომ ერთ დღესაც მათი შენახვა სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი მსგავსნი ბევრნი ხდებიან, ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ავტონიმიის შექმნის, პარტიკულარიზმის საშიროებას წარმოადგენენ. ამიტომ, ყოველმა გონიერმა კანონმდებელმა და მმართველმა უნდა უზრუნველყოს მათი კულტურული ასიმილაცია ქვეყანაში ეროვნული თვითშეგნების მაღალ დონეზე აყვანით. ახლა მინდა გადავიდე იმ ვალდებულებაზე, რომელიც ყველაზე ძვირფასს, რაც გაგვაჩნია, ჩვენს სიცოცხლეს შეეხება.

„სახელმწიფოს სჭირდება შენი სიცოცხლე, შენ უნდა მოკვდე“- იგი უნდა მოკვდეს, ვინაიდან აქამდე უსაფრთხოდ, მხოლოდ ამ პირობით ცხოვრობდა, ვინაიდან მისი სიცოცხლე არა მხოლოდ ბუნებისგან ნაბოძევი, არამედ გარკვეული პირობით სახელმწიფოსგან გაღებული ძღვენიცაა.“ [ჟ.რუსო 1997; გვ: 37]

ჩვენ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მსხვერპლად ვეწირებით ომს, სახელმწიფოში წარმოქმნილ რთულ ვითარებებს, იმ სიტუაციებს, რომლებშიც ყოველი მოქალაქე ვალდებული ხდება ქვეყანა დაიცვას საფრთხისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეზერტირად, ან მოღალატედ გამოაცხადებენ. რადგანაც ჩვენი თემა ამ საკითხის თავისუფლების ჭრილში განხილვას მოითხოვს, საჭიროა მოქალაქის მაგალითად არა გულანთებული, სამშობლოზე უზომოდ და უანგაროდ შეყვარებული ადამიანი მოვიყვანო, არამედ პრაგმატულად მოაზროვნე მოქალაქე, რომელიც კითხვას ვსვამს:- მე დავთმე თავისუფლება, დავთმე სიცოცხლე, მაგრამ რა მომცა ამის სანაცვლოდ სახელმწიფომ? ვებერის გონებამახვილური ფრაზა ამ სიტუაციას ზედგამოჭრილად მიესადაგება: „სამოქალაქო საზოგადოება განიმარტება, როგორც აღებ-მიცემობაზე დამყარებული სოციუმი.“ [მ.ვებერი 1994; გვ: 5] რა უნდა იყოს ყველაზე ძვირფასის, რაც გაგვაჩია, სიცოცხლის საზღაური?

კანონმორჩილი მოქალაქის სიცოცხლე ხელშეუხებელია თვით ხელისუფალისთვისაც კი. სახელმწიფო კი, რომელსაც მავანნი უმადლიან ჩვენს სიცოცხლეს, სულაც არ არის ამ სიცოცხლის ავტორი და შემოქმედი. სიცოცხლე ბუნების მიერაა ბოძებული, ხოლო სახელმწიფოს მიერ შენარჩუნებული. რა იგულისხმება ამ „შენარჩუნებაში“?

სიცოცხლის დაცვაში იგულისხმება კატაკლიზმებისგან, ხანძრისგან დაცვა, დაცვა გარეშე მტრისგან და ასევე იმ თანამოქალაქეთაგან, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა შიდა თუ გარე მტერთა მოგერიება, ასევე სხვა საფრთხეებისგან თავის არიდება, ან მათი დაუყოვნებელი აღკვეთა. ამისთვის ის იყენებს სპეციალურ სამსახურებს, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა. ამრიგად, საზღაური, რომელსაც ჩვენ ველით სახელმწიფოსგან, როგორც ჩვენი სიცოცხლისა და თავისუფლების ანაზღაურებას არის სწორედ თითოეული მოქალაქის, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა თუ სტატუსისა, სიცოცხლის შენარჩუნება! ჩვენ მშვიდად და უსაფრთხოდ ვატარებთ ცხოვრების დღეებს და ამის სანაცვლოდ ვიხდით გადასახადებს, ვიცავთ კანონებს, საჭიროებისამებრ კი, ვწირავთ სიცოცხლეს. ყოველი კარგი სახელმწიფოს მოვალეობაა სიცოცხლის სიცოცხლითვე დაბრუნება, იმ საარსებო პირობების შექმნა, რომელშიც სამთავრობო სამსახურების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება მოხდება არა კატასტროფის შემდეგ, არამედ კატასტროფამდე (მთავრობამ პანაშვიდამდე საქმე არ უნდა მიიყვანოს).

მართლაც, რა პროგრესი განიცადა კაცობრიობამ, თუ კი ბუნებრივ მდგომარეობაშიც კი, შეძლებისდაგვარად ხორციელდებოდა სიცოცხლისთვის სასარგებლო ქმედებები. ჩვენი თანატომელები მაშინაც იცავდნენ ერთმანეთს გარეშე მტრის შემოსევისგან, ბუნებითი კანონის, მორალის მეოხებით კი, სჯიდნენ დამნაშავეს მათივე გარემოცვიდან. ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“, ან „ალუდა ქეთელაურში“ ჩვენ ვხედავთ თემური წყობილების შესანიშნავ მაგალითს- ხევისბერით სათავეში. ამ ხალხს თავიანთი კანონები და წეს- ჩვეულებები აქვთ სახელმწიფოსგან თუნდაც მოწყვეტილ მდგომარეობაში. ბუნებრივ მდგომარეობასთან შედარებით კი, სახელმწიფოს არსებობის უდიდეს მიღწევად მივიჩნევ უმაღლეს დონეზე აყვანილ თვითორგანიზების უნარს. ეს არის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ზუსტად კალკულირებულ მიღებ-გაცემითობის პრინციპზე, მუდმივ მზადყოფნაზე კრიტიკულ სიტუაციებზე რეაგირებისას, ორგანიზებულად გადანაწილებულ მოვალეობებსა და სხვა. სახელმწიფო, რომელიც იღებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე გასცემს, არის პარაზიტული ფესვების მქონე და მისი მოქალაქეები არასდროს იქნებიან ცხოვრების გარემოპირობებით კმაყოფილნი და ასევე სახელმწიფო, რომელიც გასცემს იმაზე მეტ სიკეთეებს, ვიდრე იღებს, ბოლოს თვითგანადგურებამდე მივა. ბალანსი, რომელიც უნდა იყოს დაცული ამ ორ გონიერ „პიროვნებათა“ ურთიერქმედებაში (ამ შემთხვევაში, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს ვგულისხმობ), აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს ჯანმრთელი, გრძელვადიანი არსებობისა.

სახელმწიფოს მიერ გაცემულ სუბსიდიათა დიდი ნაწილი უნდა ხმარდებოდეს მოქალაქეთა სიცოცხლის შენარჩუნებას, რათა ამით ანაზღაურდეს მათ მიერ გაღებული თავისუფლების, სახსრების, სიცოცხლის წილი. ამ სფეროში ჩართული უნდა იყოს ძლიერი სახელისუფლებო აპარატი, რომელიც გარემოს მუდმივი კონტროლითა და ჯანდაცვით აღმოფხვრის მოქალაქეთა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ ყოველგვარ მიზეზს. ჩემს ძალებს აღემატება იმ სფეროთა ჩამოთვლა, რომელიც უცილობლად უნდა იყოს გაკონტროლებული, ვინაიდან ეს სფეროები იმაზე გაცილებით მრავალრიცხოვანია, ვიდრე ძალგვიძს წარმოვიდგინოთ- დაწყებული საკვები პროდუქტებით, დასრულებული ჰაერით. მოკლედ, ყოველივე, რაც ჩვენს ორგანიზმზე ახდენს რაიმე ზეგავლენას. სულ ერთია, მათი ზეგავლენა მცირე იქნება, თუ სავალალო. კლდეს წყლის წვეთი ხვრეტს, თუ კი მას დიდი ხანი ვაწვეთებთ. ასევეა, თუნდაც, საკვები პროდუქტების, ან კოსმეტიკის შემთხვევაში, მათი მწარმოებლები გვაიმედებენ, რომ კონსერვანტები თუ არომატიზატორები, შხამ-ქიმიკატები თუ გენური ჩარევენი მათში ძალიან მცირეა, თუმცა, ჩვენი ცხოვრების მანძილზე თუ გამოვთვლით, აღმოჩნდება, რომ ზღვა შხამი მიგვიღია „წვეთ-წვეთად“. ასე, რომ, კარგ სახელმწიფოში იმაზეც უნდა ზრუნავდნენ, რომ თვით ჰაერიც სასარგებლო და მარგებელი იყოს.

ახალი დროის მეცნიერულმა და მსოფლმხედველობრივმა რევოლუციამ მყარი ნიადაგი მოუმზადა ტექნიკურ პროგრესს, რაც ხელშეწყობილ იქნა პოლიტიკურ-ეკონომიკური მოტივებითა და საზოგადოების ახალი, მეცნიერებაზე დამყარებული იდეალის რწმენით. ცხადია, ამ განვითარებას უმეტესწილად არ მოუტანია კაცობრიობისთვის სასიკეთო პრაქტიკული შედეგები, ამის მაგალითად თუნდაც 1945 წელს ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა კმარა. მეცნიერულმა უკონტროლო პროგრესმა საფრთხე შეუქმნა კაცობრიობის სიცოცხლეს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური, პლანეტარული მაშტაბით. ჰაიზენბერგის თანახმად, აღმომჩენს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამგვარ სიტუაციაში, ვინაიდან ძნელია განსაზღვრო შენს აღმოჩენას როგორ გამოიყენებს მეცნიერება მომავალში. მახვილგონივრული იყო ვ.ერქომაიშვილის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ამგვარ სავალალო შედეგებზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ სამხედრო ძალა და პოლიტიკოსი, რომელმაც მეცნიერებს დაუკვეთა კაცობრიობის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული იარაღის შექმნა, არამედ ამაში პასუხისმგებელნი არიან როგორც მეცნიერ-გამომგონებლები, ასევე მეცნიერ-აღმომჩენებიც (ვ.ერქომაიშვილი 2002). ეს ჯგუფურად დაგეგმილ მკვლელობას ჰგავს, ერთი იარაღის ნაწილებს აღმოაჩენს, მეორე ამ იარაღს ააწყობს, შეადუღაბებს და მკვლელებს მისცემს, პილატესავით ხელებს იბანს, ხოლო ამ უკანასკნელთ დამკვეთის მოთხოვნა ბოლომდე მიჰყავთ. ცხადია, რთულია განსაზღვრო, თუ საუკუნეების შემდეგ რა შედეგს მოუტანს შენი თითქოს კეთილისმყოფელი აღმოჩენა კაცობრიობას.”

ავტორი: დარეჯან ( დაკო) ნათელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close