განათლება

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციებს შორის მემორანდუმები გაფორმდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

,, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას (KEK), ასევე, სოკენდაის უნივერსიტეტს (SOKENDAI) შორის  სამი მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის ნოემბერში, იაპონიაში შედგება და სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმებს ხელმოწერით აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები განამტკიცებენ – ეს გადაწყვეტილება ქართულ-იაპონურ სამეცნიერო შეხვედრაზე დღეს მიიღეს.

KEK-ის პროფესორს, COMET-ექსპერიმენტის მენეჯერს, სატოში მიჰარასა და  KEK-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, მინამი იამაზაკიონოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპოდენტი დავით თავხელიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზედელაშვილი, COMET-კოლაბორაციის სტუ-ის ჯგუფის წევრები, ფიზიკოსები დავით ლომიძე და ზვიად წამალაიძე მეორე დღეა ხვდებიან.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს KEK-ს, SOKENDAI-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებზე, რაც ახლო მომავალში სამი მემორანდუმის ხელმოწერით განმტკიცდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის პროექტის დეტალები, რაც სტუ-ს და KEK / SOKENDAI-ს შორის ელემენტარული ნაწილაკებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგში კოლაბორაციას ეხება და დოქტორანტების ერთობლივად მომზადებასა და ორმაგი ხარისხის დიპლომების მინიჭებასაც გულისხმობს. როგორც სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, იაპონიის მხარე მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ სრულ მზაობას გამოთქვამს.

„ამ თემაზე მემორანდუმის გაფორმება უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. კერძოდ, მემორანდუმის პროექტის თანახმად, იაპონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ამასთან, ქართველი დოქტორანტები სწავლებისა და კვლევების ნაწილს იაპონიაში გაივლიან და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენებენ KEK-ისა და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალურ სამეცნიერო და ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას. ასევე, მემორანდუმის პროექტის თანახმად, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წარმატებული დოქტორანტებზე ორმაგი ხარისხი, ანუ ორმაგი დიპლომი გაიცემა“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

თანამშრომლობის მეორე მემორანდუმის პროექტი, რომელზეც მეორე დღეა მსჯელობა მიმდინარეობს,  ტექნიკურ უნივერსიტეტსა და SOKENDAI-ის შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ეხება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა  ჯგუფი არის KEK-ის ერთ-ერთი უნიკალური ექსპერიმენტის  COMET-კოლაბორაციის აქტიური წევრი და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტის განხორციელებისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებში. სტუ-ის ჯგუფი COMET-ექსპერიმენტში უდიდესი სუბდეტექტორის, კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) დეტექტორული სისტემის შექმნასა და ოპერირებაზეა პასუხისმგებელი.

როგორც COMET-კოლაბორაციის სტუ-ის ჯგუფის ლიდერმა, ფიზიკოსმა დავით ლომიძემ აღნიშნა, „CRV დეტექტორული სისტემა, რომელიც შედგენილი იქნება, დაახლოებით, 4000 ელემენტარული ნაწილაკის მთვლელისგან, სრულად დამუშავდება, შეიქმნება და გამოიცდება ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე დონის მაღალი ენერგიების ლაბორატორიის ბაზაზე. ამის შემდეგ დეტექტორული სისტემების ეტაპობრივი ტრანსპორტირება განხორციელდება იაპონიაში, KEK-ში, სადაც მათი ექსპერიმენტულ დარბაზში ინტალაცია, ექსპერიმენტის სხვა სუბდეტექტორებთან ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება. ამ სამუშაოების შესრულებაზე სრული პასუხიმგებლობა სტუ-ის COMET-ჯგუფს დაეკისრა, რაც გადაწყდა ექსპერიმენტის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე“.

იაპონიასთან სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა წარიმართა სხვადასხვა დონეზეც. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არჩილ ფრანგიშვილი, სატოში მიჰარა, მინამი იამაზაკიონო და სტუ-ის ფიზიკოსები – ზვიად წამალაიძე და დავით ლომიძე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს – მარიამ ჯაშს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს – ალექსანდრე თევზაძეს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს –  მანანა მიქაბერიძეს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ  ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობა განავითარებს არა მხოლოდ ფუნდამენტურ მეცნიერებებს, არამედ დიდწილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც.

საქართველოს და იაპონიის მხარეებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება. იაპონელი მეცნიერები საქართველოს ხვალ დატოვებენ. მხარეებს შორის კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა სექტემბრის ბოლოს არის ჩანიშნული”.

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close