საზოგადოება

საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი, გაიოზ მამალაძე, ადვოკატებს მიმართავს

საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი, გაიოზ მამალაძე, ადვოკატებს მიმართავს:

ჩვენმა ადვოკატებმა დიდი შრომა გასწიეს ქვეყანაში დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ქართულ სახელწიფოს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. სულ რამდენიმე მიმართულებით მიაღწია განვითარებას ჩვენმა ქვეყანამ და მათ შორის, ერთ-ერთი არის უფლებათა დაცვა. მართალია, ჩვენს ადვოკატებს ჯერ კიდევ უწევთ უკანონობასთან ან კანონის დაუხვეწაობასთან ბრძოლა, და ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, სამართლიანობა ვერ ზეიმობს, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად ჩვენი ადვოკატები თავდაუზოგავად იბრძვიან და ხშირ შემთხვევაში დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რომ გაუგებრობის ან განსაცდელის შემთხვევაში, მათ უპატრონოდ არავინ დატოვებს და ჩვენი ადვოკატები ერთგულად და პროფესიონალურად მოემსახურებიან. ქართველი ადვოკატების დამსახურება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, რომ არა თქვენ, ჩვენი მოქალაქეები სრულიად დაუცველნი იქნებოდნენ ხელისუფლების ხიბლში ჩავარდნილი მოხელეებისაგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ერთიანობა, თქვენ რომ აჩვენეთ საზოგადოებას – საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მთლიანად საქართველოს ადვოკატთა კორპუსი. თქვენი ერთიანობა არამხოლოდ უფლებადამცველთა და ადვოკატთა ღირსეული საქმის წარმატებას ემსახურება, ემსახურება სამართლიანობას, ემსახურება მოქალაქეების უფლებების დაცვას, დემოკრატიას, არამედ სხვა პროფესიის ადამიანებსაც მაგალითს აძლევს, თუ რამდენის მიღწევა შეიძლება ერთიანობით!

არ შეიძლება განსაკუთრებით არ აღინიშნოს ამ საქმეში ბატონ ზაზა ხატიაშვილის დამსახურება. მან, შეიძლება ითქვას, თქვენთან ერთად, ახალ სიმაღლეებს მიაღწია – ადვოკატთა კორპუსის ერთიანობისა და უფლებათა დაცვის საქმეში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, სამეფო კლუბის იურიდიულ კოლეგიას ხელმძღვანელობს თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი, ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი თევზაძე. სამეფო კლუბში მოღვაწეობს კიდევ რამდენიმე თქვენი კოლეგა…

სამეფო კლუბის სახელით, ყველაფრისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ადვოკატთა მთელ კორპუსს, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში, პირად ბედნიერებას! გვინდა გითხრათ, რომ სამეფო კლუბის იდეა, ქვეყანაში სახალხო კონსტიტუციური საპარლამეტო მონარქიის დამკვიდრებისა, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს საზოგადოების და რაც მთავარია, ხელისუფლების გაჯანსაღებისა და ეროვნული ერთიანობის დამკვიდრების საქმეს. უფრო მაღალი ხარისხის საზოგადობრივი სიმშვიდის მიღწევისა და დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი გზა სწორედ ეს არის – სახალხო მონარქია. ამ საქმეშიც გვაქვს თქვენი იმედი! გვიგულეთ თქვენს ერთგულ მეგობრად და თქვენი საქმიანობის გულმხურვალე ქომაგად. გაიოზ მამალაძე დიდი პატივისცემით საქართველოს სამეფო კლუბის სახელით, სამეფო კლუბის სპიკერი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close