ჯანდაცვა

სამ მედიკამენტს დიაბეტიანი პაციენტები ნახევარ ფასად იყიდიან

“ორშაბათიდან, დიაბეტის მქონე პაციენტები მედიკამენტებს – „მედფორმინს“, „გლიმეპრიდსა“ და „გლიკლაზიდს“ ნახევარ ფასად შეიძენენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პრეპარატებით ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ.

„გამოკვეთილია რამდენიმე პრიორიტეტი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტი. პირველ ტიპს ინსულინი სჭირდება, მეორე ტიპის დიაბეტს კი – ტაბლეტები. მეორე ტიპის დიაბეტის წამლებზე ფასი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის. ამ ტიპის დიაბეტს კარგად კეტავს სამი მთავარი მედიკამენტი – „მედფორმინი“, „გლიმეპრიდი“ და „გლიკლაზიდი“. უკვე მაისში დაიწყო გაიაფება და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი „მედფორმინის“ შეძენა ორშაბათიდან უკვე ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, შარშან დაიწყო პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითად ქრონიკულ დაავადებებს, რაც, სერგეენკოს განცხადებით, საკმარისი არ არის.

„პროექტს სჭირდება გაფართოება, რადგან ფინანსური ბარიერი მაღალია არა მარტო სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვისაც. ამიტომ, ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი – წელს, მაისში წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ, დავაფუძნეთ ერთობლივი იურიდიული პირი, როდესაც სახელმწიფო პარტნიორობას გაუწევს კერძო ინდუსტრიას და პირიქით. ამან მოგვცა შესაძლებლობა, უკვე მაისიდან დაწყებულიყო მედიკამენტების გაიაფების პირველი ეტაპი. ორშაბათიდან ამოქმედდება შემდეგი ეტაპი“, – აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ თავისი ფინანსური რესურსი კი არ დახარჯა, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა.

„ეს გამოიხატა იმაში, რომ მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები. შედეგად, ამ სამ მედიკამენტზე უკვე მთლიანად მოსახლეობას და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს ან პენსიონერებს, გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, აღნიშნულ მედიკამენტზე მოსახლეობა წელიწადში 10 მილიონს ხარჯავდა.

წყარო: kvira.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close