საინტერესო

,,სამი შვილი გეყოლებათ და…” _ რა უთხრა გურამ შარაძის მეუღლეს სიზმარში კაბენის ღვთისმშობელმა

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი:

_ რაც თავი მახსოვს, შინ მესმოდა ისტორია: დედაჩემი სადაცაა ლაშას გააჩენდა და ღამით, ესიზმრა ქალი, – კაბენის ღვთისმშობელი ვარ, თქვენ სამი შვილი გეყოლებათ და თამარის შვილების სახელები დაარქვითო. ჯერ კიდევ, ძილ-ღვიძილში მყოფ დედაჩემს, სასწრაფოდ გაუღვიძებია მამაჩემი: – კაბენი, კაბენი, დაიმახსოვრეო.

არცერთს, არასდროს სმენოდა ეს სახელი.

მართლაც, აღმოჩნდა, რომ კიკეთთან ახლოს, ოდესღაც არსებულა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თამარ მეფეს დაუარსებია…

გავიდა დრო, გავჩნდით: ლაშა, გიორგი, რუსუდან…

1998 წელს მოკლეს ლაშა. საშინლად წუხდნენ დედაჩემი და მამაჩემი, რომ არასდროს მოუნახულებიათ კაბენის მონასტრის შემორჩენილი ადგილები.
ბოლოს რაც ვიცოდი, ის იყო, რომ მაშინ, მამა კონსტანტინესთან ერთად (კოღუაშვილი, ლაშას მოძღვარი), ჩემმა მშობლებმა მიაგნეს კაბენს და მამა კონსტანტინემ იქ წირვა-ლოცვა აღავლინა.

დღეს ეს ადგილი შორიდან ასე გამოიყურება, როგორც პირველ ფოტოზეა აღბეჭდილი. პატარა ტაძრის ირგვლივ, მოსჩანს ნანგრევები ტაძრისა და კელიებისა. ძლევამოსილი კაბენის სამონასტრო კომპლექსიდან ესღაა შემორჩენილი.


მეორე ფოტო სახელგანთქმულ დიმიტრი ერმაკოვს ეკუთვნის და გუგლიდან ,,მოვიპარე“. დაახლოებით, საუკუნენახევრის წინ, ასეთი იყო ფასადი ამ საოცარი ქმნილებისა.

მეგობარმა, ვიკი კუპრაძემ გამიწია მეგზურობა, მიამბო ბევრი საინტერესო ამბავი, მომცა კომპლექსის მთელი ისტორია და ერმაკოვის ფოტოს შესახებაც მან მითხრა. ლეგენდაც მომიყვა – ამბობენ, კაბენში გაჩნდა თამარის ძე – ლაშა-გიორგიო…

და ბოლოს, მისგან გავიგე, რომ დღეს, კაბენის პატარა, მომხიბლავი ტაძარი რომ დგას, ამაში მამაჩემის წვლილიც არის…

გზა ამ წუთას გასაწმენდი და მიუვალია…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close