სამართალი და კრიმინალი

სააპელაციო სასამართლოში 40-ზე მეტი საქმე იქნა წარმოებაში მიღებული, სადაც მოწინააღმდეგე მხარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია”

2018 წლის 9 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიმართ, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მთლიანობაში, უცნობია, გადაწყვეტილება, რა საფუძვლებით და რომელი ნაწილის დაკმაყოფილებით მიიღო სასამართლომ. შესაბამისად, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის დადგენილებასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ვრცელ განცხადებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის (გადმოცემის) შემდეგ გააკეთებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ორგანიზაციის სარჩელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიმართ. საქმე ეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის 2017 წლის ნოემბერში, 518.98 ლარით უკანონოდ დაჯარიმების ფაქტს. 2018 წლის 1 თებერვლის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქმედება უსაფუძვლოდ და უკანონოდ იქნა ცნობილი, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სადავოდ დარჩა ნაწილობრივ გაუქმებული სანქციიდან – 86,50 ლარი, რაც გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორმა, ეკატერინე ბერიძემ 2017 წლის 25 დეკემბერს სემეკ-ის მიმართ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გადმოსცა ყალბი, ცრუ და არაობიექტური ინფორმაცია, რითაც შეეცადა კომპანიის ინტერესების დაცვას და შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არღვევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია სასმელი წყლის მიწოდებისა და მომხარების წესები. შეუსაბამო და გაზრდილი ფინანსური დარიცხვით ხდება სასმელი წყლის ღირებულების დაანგარიშება. ირღვევა საჯარიმო აქტების შედგენის წესი. კომპანიას გადაწყვეტილებები გამოაქვს მხარეთა ადმინისტარციულ სხდომებზე მოწვევისა და დასწრების გარეშე. იურიდიული პირების დაჯარიმების შემთხვევაში კი, ადგილი აქვს საოფისე ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, სადაც საჯარო ხასიათს იძენს პერსონალური და კომერციული ხასიათის ინფორმაცია.

„ახალგაზრდა ადვოკტების“ შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის განვითარების მიმართულებით ხედვები და მიდგომები მაღალ სტანდარტებთანაა დაკავშირებული, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობას ემსახურებოდეს და წყალმომარაგებას უზუნველყოფდეს კომპანია, რომლის საქმიანობაც მოსახლეობაში შეფასებულია არაკეთილსინდისიერი ქმედებებით. სულ მცირე კომპანიას დედაქალაქის მთავრობამ მომხმარებლებთან ურთიერთობაში, უნდა მოსთხოვოს მინიმალური სტანდარტების დაცვა, ვინაიდან კომპანიას სწორედ ადგილობრივი მთავრობის მიერ აქვს დელეგირებული საჯარო უფლებამოსილება.

ორგანიზაციამ საკითხის მოკვლევის პროცესში შეისწავლა კომპანიის სასამართლო საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დგინდება, რომ მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტარციულ საქმეთა პალატაში, საერთო ჯამში 40-ზე მეტი საქმე იქნა წარმოებაში მიღებული, სადაც აპელანტი ან/და მოწინააღმდეგე მხარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. მათგან, სამოქალაქო საქმეებზე, ძირითად შემთხვევებში, დავის საგანს წარმოადგენს: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, დავალიანების ჩამოჭრა, ვალდებულების შერულება, ხოლო ადმინისტარციულ დავებზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, 2017 წლის დეკემბერში, მხოლოდ ორ – 13 და 14 დეკემბრის საჯარო სხდომებზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისადმი უკანონოდ დარიცხული 2134.24 ლარის ჩამოწერის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციაც ცხადყოფს, რომ კომპანიის საქმიანობა, ხშირ შემთხვევებში, სცდება სამართლებრივ საზღვრებს, რაც ცალსახად იმსახურებს დროულ და ეფექტურ რეაგირებას.

კომპანია პირდაპირ და უხეშად, სისტემატურად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს, რაც თავის მხრივ სათანადო ყურადღებას მოითხოვს. დღემდე საკითხზე უფლებამოსილი უწყებების მიერ ქმედითი რეაგირება არ განხორციელებულა. ვინაიდან კომპანია თბილისში, წყლის მიწოდების კუთხით, წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, დაუშვებელია მისი საქმიანობა გახდეს უკონტროლო. „ახალგაზრდა ადვოკატები“ უკვე ახორციელებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის ფართო მონიტორინგს და მზადყოფნას გამოთქვამს კომპანიის მიერ დაზარალებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების ადვოკატირებაზე.

წყარო: barristers.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close