ჯანდაცვა

,,რომელ ქვეყნებში მზადდება ქიმიოთერაპიის წამლები, რომლებიც კიბოს უჯრედებს ვერ კლავს”

თეა მაჭავარიანი 47 წლისაა. მას სიმსივნე 2013 წლის მაისში აღმოუჩინეს. ამჟამად თავს კარგად გრძნობს, ვერაგი ავადმყოფობა დაამარცხა.

თეა მაჭავარიანი:

– მკერდში სიმაგრე შევნიშნე. მივედი მარდალეიშვილის კლინიკაში, ექიმ ციხისელთან. ექოსკოპია გამიკეთეს და სიმსივნე დამიდგინეს. ხეჩინაშვილის კლინიკაში მითხრეს, რომ მეორე სტადია იყო. მკერდი, საშვილოსნო და საკვერცხეები ამომკვეთეს.

– ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაც დაგჭირდათ?

– დიახ, მაგრამ ის საშინელებები მე არ გამივლია, რასაც სხვები გადიან ქიმიოთერაპიის დროს, რადგან მე ხარისხიან მედიკამენტს ვიკეთებდი. ქიმიოთერაპიის მედიკამენტი უჯრედებს კლავს, ამიტომ ქიმიოთერაპიის დროს მე-11 დღემდე პაციენტი ძალიან ცუდად უნდა იყოს. კარგი ხარისხის ქიმია იწვევს ორგანიზმის მძაფრ რეაქციას და შედეგიც ამის მერე დგება. ქიმიოთერაპიას რომ იკეთებენ, ხშირად რეაქცია არ აქვთ, პაციენტები ვერაფერს გრძნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტი უხარისხოა. უკრაინაში, ბანგლადეშში დამზადებული ქიმიოთერაპიის წამლები უჯრედებს ვერ კლავს. ქიმიოთერაპიის ხარისხიანი წამლები ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ უხარისხოც არ ღირს იაფი და გამოდის, რომ მასში ტყუილად ყრიან ფულს. ხარისხიანი მედიკამენტებით ჩავიტარე ქიმიოთერაპიის კურსი, ამიტომაც დავამარცხე სიმსივნე.

 – რამდენ ლარს იხდიდით ერთ კურსში?

– 5 ათას ლარამდე ღირდა ქიმიის ერთი კურსი, მე 6 კურსი დამჭირდა. სხივური თერაპიაც ძვირი ღირს. 25 სხივი ღირდა 13 500 ლარი. ნახევარი საყოველთაო დაზღვევით დამიფინანსეს, რაღაც ნაწილში გამგეობა დამეხმარა და 2 500 ლარის გადახდა დამჭირდა. მაშინ გამგეობა კარგად აფინანსებდა, მაგრამ ახლა მოიკლო ამ დაფინანსებამაც. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას, ეს იმხელა ბიუროკრატიულ მექანიზმზეა აგებული, იმდენი სირბილი უნდა და ათასგვარი საბუთის ფრიალი, რომ შეიძლება ვერც მოგისწროს ქიმიამ და დაიღუპო. “ჰერცეპტინის” სიძვირის გამო კი სასწაულები ხდება. გადარჩენილი ქალები “ჰერცეპტინის” არქონის გამო იღუპებიან, რადგან დაფინანსების მიღებას რიგში დგომა და თვეობით ლოდინი სჭირდება. ორი ქალი იკეთებდა ქიმიას ჩემთან ერთად, მაგრამ დაიღუპნენ იმიტომ, რომ “ჰერცეპტინი” ვეღარ გაიკეთეს. ნარკომანებზე ამბობენ, უნდა დავაფინანსოთ, რეაბილიტაცია სჭირდებათო. ისინი ძალით იგდებენ საკუთარ თავს ამ დღეში და ქალები, რომელთაც შვილები უნდა გაზარდონ, იღუპებიან იმიტომ, რომ ფული არ აქვთ და წამალს ვერ ყიდულობენ.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: ჟურნალი ,,სარკე”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close