საზოგადოება

როგორ იხსენებდა მარიამ ლორთქიფანიძე ივანე ჯავახიშვილს?

სტუდენტობისას მოგვიყვა ქალბატონი მარიკა ამ საინტერესო ინფორმაციას და როგორც ისტორიკოსი, მის ამ მონათხრობს ვინახავდი.
მარიამ ლორთქიფანიძის მოგონება:
,,1939 წლის სექტემბერში, როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ მე, ოთარ ჯაფარიძემ, გივი კიღურაძემ და კიდევ რამდენიმე ჩვენმა ამხანაგმა, დავიწყეთ ლექციების ცხრილში ივანე ჯავახიშვილის ძებნა. გვეწყინა, რომ არც პირველ და არც მეორე კურსს ჯავახიშვილის ლექცია არ ჰქონდა, რადგან ის თურმე მესამე კურსიდან იწყებდა სპეციალური კურსების ჩატარებას. მალე გავარკვიეთ ისიც, რომ ახლა სადაც კორნელი კეკელიძის სახელობის კაბინეტია, იქ უკითხავდა იურისტებს ქართული სამართლის ისტორიას. მივედით და ვთხოვეთ მათ, მოეცათ საშუალება, რომ დავსწრებოდით ბატონი ივანეს ლექციებს.
 თვალწინ მიდგას მისი აუდიტორიაში შემოსვლის სურათი – შემოვიდოდა დიდი სასმენი აპარატით და შავი “პორტფელით”, დადებდა ამ “პორტფელს” მაგიდაზე, ამოალაგებდა ბარათებს (ბარათების სისტემა ჰქონდა), დაალაგებდა მაგიდაზე და იწყებდა ლექციის კითხვას – ჯერ დებულებას წარმოაყენებდა და შემდეგ ამ ბარათებიდან წაიკითხავდა საილუსტრაციო მასალას – ვთქვათ, X დებულებას როგორ ასაბუთებს ვახტანგის სამართალი.
  ხდებოდა სხვაგვარადაც – თავდაპირველად წაიკითხავდა ბარათიდან ამონაწერს, შემდეგ იწყებდა მის განზოგადებას. ამით აჩვევდა სტუდენტებს, რომ უნდა ამოხვიდე წყაროდან და წამოაყენო დებულება, მაგრამ შეიძლება ჯერ დებულება ჩამოაყალიბო და შემდეგ დაასაბუთო წყაროებით.
   მისი ლექცია ცოტა ძნელად მოსასმენი და რთული იყო. თანაც, ჩვენ მაშინ სამართლის ისტორიისა არაფერი გაგვეგებოდა, მაგრამ ძალიან პატიოსნად დავდიოდით და ვუსმენდით.
   მახსენდება ერთი შემთხვევაც – ყოველი ლექციის ბოლოს რამდენიმე წუთს ტოვებდა შეკითხვებისთვის. რადგან ცუდად ესმოდა, გვთხოვდა, რომ შეკითხვები წერილობით მიგვეწოდებინა. ერთ მშვენიერ დღეს მას გადასცეს რვეულის პატარა ფურცელი. ბატონმა ივანემ წაიკითხა – “არსებობს სტალინის მოძღვრება, რომ ქართველები ერთად ჩამოყალიბდნენ XIX საუკუნის 60-იან წლებში, თქვენ კი საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიას?”  ხომ წარმოგიდგენიათ, რა სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა აუდიტორიაში? ყველას ერთი ფიქრი უტრიალებდა – რა მოხდება? ბატონმა ივანემ წყნარად აიღო ეს ქაღალდი, დაკეცა, წვრილ-წვრილად დაანაკუწა, მელნის ჩასადგმელში ჩაყარა, ჩაალაგა თავისი ბარათები, მოჰკიდა “პორტფელს” ხელი და გავიდა. გაოგნებულები გამოვედით გარეთ. მე, აღშფოთებულს იმით, თუ რატომ არ გასცა პასუხი, ჩემი მეგობრები მაწყნარებდნენ – ივანე ჯავახიშვილის საქციელი ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოო. მერე და მერე მივხვდი, რომ, მართლაც, ეს ყველაზე მართებული ქმედება იყო – ჯავახიშვილმა ამ შეკითხვის ავტორი პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა. საბედნიეროდ, უკვე ჩავლილი იყო რეპრესიების ტალღა. თანაც ივანე ჯავახიშვილი აკადემიკოსი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო და ასეთი რამ აღარ ემუქრებოდა, თორემ ეს ამბავი რომ სათანადო ადგილზე მივიდოდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს.
  ივანე ჯავახიშვილს მთელი ქალაქი აღმერთებდა. მახსოვს, როცა ვიღაცამ ხმა მოიტანა მისი გარდაცვალების თაობაზე, წამსვე, მთელი თბილისი ქუჩაში გამოეფინა… მახსოვს მისი დაკრძალვა. მე და ჩემი მეგობარი ნიკო ქანთარია ერთი საათით ადრე გამოვედით სახლიდან, მაგრამ წყნეთის ქუჩას რომ მოვუახლოვდით, წინ წამოსვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ძლივს მოვახერხეთ უნივერსიტეტის ღობესთან მოსვლა. იმას აქეთ ვერაფრით შემოვაღწევდით.
  მახსოვს, როგორ გამოასვენეს და ისიც მახსოვს, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა – ქალიც და კაციც ქვითინებდა. მთელმა ქართულმა ინტელიგენციამ დაიტირა ივანე ჯავახიშვილი, რადგან მას აიგივებდნენ ეროვნულობასთან. მისი დამსახურება იყო მოკრძალებული დამოკიდებულება ქართული უნივერსიტეტის მიმართ. მამაჩემიც კი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, მის წინ გავლისას ჩერდებოდა, ქუდს მოიხდიდა, თავს დაუხრიდა და შემდეგ აგრძელებდა გზას”.
ბაკურ გელაშვილი, ისტორიკოსი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close