მსოფლიო

რატომ თქვა უარი მარგარეტ ტეტჩერმა პანდასთან ერთად მგზავრობაზე?

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა, ვაშინგტონში ერთ-ერთი ვიზიტის წინ, უარი თქვა თვითმფრინავით გიგანტურ პანდასთან ერთად მგზავრობაზე, რომელიც იმ დროს ლონდონის ზოოპარკში ცხოვრობდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ბრიტანულ ნაციონალურ არქივში შენახული დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1981 წელს, პანდა ჩია ჩია შეერთებულ შტატებში უნდა გადაეყვანათ. ცხოველი ლონდონის ზოოპარკს ვაშინგტონის სმიტსონის ინსტიტუტმა სთხოვა. ისინი ლონდონის ზოოპარკის ბინადრის ამერიკაში მცხოვრებ პანდასთან შეჯვარებას გეგმავდნენ.

მეცნიერების შეთანხმებას პრემიერმინისტრის ვაშინგტონში ვიზიტი დაემთხვა. ამიტომ ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა ლორდ ზუკერმანმა მთავრობის კანცელარიას სთხოვა პანდა ვაშინგტონში პრემიერმინისტრის თვითმფრინავით გადაეყვანათ.

პრემიერმინისტრის პირადმა მდივანმა ზუკერმანს მისწერა, რომ ტეტჩერი პანდასთან ერთად არ იმგზავრებს: “ის ამბობს, რომ პანდები და პოლიტიკოსები ერთად – ცუდის ნიშანია!”

ბრიტანეთის ნაციონალურ არქივში, რომელიც ლონდონში მდებარეობს, 11 მილიონზე მეტი ოფიციალური დოკუმენტი ინახება. მათ დიდ ნაწილს არქივი სამთავრობო სამინისტროებიდან და დეპარტამენტებიდან იღებს. დახურული დოკუმენტები ხელმისაწვდომი 30 წლის შემდეგ ხდება.

მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთს 1979-1990 წლებში მართავდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close