საზოგადოებასაინტერესო

,,რატომ ესროდნენ ყაზბეგში სააღდგომო კვერცხებს ისრებს?”

აღდგომა ახლოვდება და მინდა, გიამბოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული სააღდგომო ტრადიციების შესახებ. ამჯერად არ ვისაუბრებ ჭონაზე, სააღდგომო კვერცხებსა და პასკაზე. მინდა, სრულიად განსხვავებულად დაგანახოთ აღდგომა საქართველოში. დავიწყოთ ყაზბეგით.

ყაზბეგში, ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟების მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი კაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფს უნდა მოეარა მთელი სოფელი და აუცილებლად უნდა შესულიყო სოფლის ყველა მცხოვრების ეზოში. მასპინძლის ჭიშკართან ჯგუფის უფროსი ხმამაღლა იძახდა: “ქრისტე აღდგა!” მისულებს ოჯახის წევრები ეგებებოდნენ და სახლიდან შესაწირი გამოჰქონდათ-წინასწარ შეღებილი სააღდგომო კვერცხები, რომლებსაც ეზოს შუაგულში აწყობდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ იმის სახელს, ვის სახელზეც კვერცხი იდებოდა. პირველ შესაწირს მოხევეები ოჯახიდან შორს მყოფთათვის და მოგზაურთა სადღეგრძელოდ დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ახალგაზრდები უფროსის დადგენილი წესებით, რიგ-რიგობით ესროდნენ ისრებს მანამ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა. ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველი გატყდებოდა, ის ბედნიერად ითვლებოდა.

საინტერესო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოშიც. აღდგომის დღეს, განსაკუთრებული ქვევრის თავზე, ბატკანს ან გოჭს კლავდნენ და ყველისა და კვერცხის კვერებს აცხობდნენ. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, არც წყალს სვამდა და არც თამბაქოს ეწეოდა. შუადღისას კი ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, ღვინოსა და ამ ყველაფერს ქვევრის თავზე დადებდა, მერე ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

რაჭაში, აღდგომის დილას, წირვიდან დაბრუნებულები პურის ფაფას აკეთებდნენ და თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. აღდგომის მეორე დღეს კი “გიორგონთობას” ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, ხარშავდნენ ხორცს და იყო დიდი სმა-ჭამა. გურიაშიც არანაკლებ საინტერესო აღდგომა ჰქონდათ. აქ ყოველ აღდგომას იმართებოდა ტრადიციული ლელო. 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს უკვე მივიწყებულია. აგუნა: შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ სიმხნევის მოსამატებლად.

და ბოლოს, მშვენიერი კახეთი. აქ სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ. ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. ამრიგად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად აღინიშნებოდა აღდგომა და იყო უამრავი საინტერესო ტრადიცია, რომლებიც სამწუხაროდ, დღესდღეობით მივიწყებულია.

ნეკა ნათელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close