საზოგადოება

,,რასაც საქართველოში ,,ვარდების რევოლუცია” დაარქვეს, უკრაინაში ,,კიტრების რევოლუციად” მონათლავენ”

,,კიტრების რევოლუცია ანუ სლავა უკრაინე!

აშშ-ის სპეცსამსახურებმა, როგორც ჩანს, თოთხმეტი წლის წინ საქართველოში განხორციელებული “ვარდების რევოლუციის” უკრაინაში გადატანა დაგეგმეს. მთავარი პერსონაჟიც, ვისი ფანტაზიაც რევოლუციური მეტსახელების შერქმევაში რატომღაც ბოსტანს ვერ გასცდა (ადრე ქინძი დაირქვა, დღეს კიტრი ვარო, გაიძახოდა), უცვლელია. შესაბამისად, იმას, რასაც საქართველოში მაშინ “ვარდების რევოლუცია” დაარქვეს, უკრაინაში ახლა, ალბათ, “კიტრების რევოლუციად” მონათლავენ.

დღეს სააკაშვილი უკრაინაშიც ისევე ისროდა სოციალისტურ ლოზუნგებს, როგორც თოთხმეტი წლის წინ ისროდა საქართველოში (იციან ამერიკელებმა, რა სჭირდება და როგორი ლოზუნგები ესალბუნება კაპიტალიზმის მარწუხებში მოქცეული მშრომელი მასების ყურთასმენას).

რევოლუციურ აზარტში შესული სააკაშვილი დღესაც ისევე აშინებდა მდიდრებს ფულის წართმევით და აიმედებდა ღარიბებს იმ წართმეული ფულის გადაცემით, როგორც ამას 2003 წელს აკეთებდა. უკრაინის ხელისუფლება ამერიკელებმა ახლაც ისევე თუ ჩააბარეს სააკაშვილს, როგორც 2003 წელს საქართველოს ხელისუფლება ჩააბარეს, ცხადია, ის ისევე გაძარცვავს უკრაინელ მილიონერებს და მილიარდერებს, როგორც მაშინ ქართველი მილიონერები გაძარცვა. რაც შეეხება უკრაინელ ღარიბ-ღატაკებს, ისინი, რა თქმა უნდა, ისეთივე გაცუცურაკებულები დარჩებიან, როგორი გაცუცურაკებულებიც ქართველი ღარიბ-ღატაკები დარჩნენ მაშინ.

მიშას რევოლუციური ავტობუსი პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან ზუსტად ისევე გაემართა დღეს კიევის თუ ლვოვის მიმართულებით, როგორც 2003 წელს წალენჯიხიდან გამოემართა თბილისის მიმართულებით.

სააკაშვილმა, დღეს, ილიას ცნობილი ფრაზა, – “ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში,” როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, უშეცდომოდ წარმოსთქვა, რითაც მიგვახვედრა, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად აპირებს გაპრეზიდენტებას. რა გაგიკვირდათ, ამერიკელებმა თუ მოინდომეს, მოლდოვა-ბელორუსშიც სააკაშვილს გააპრეზიდენტებენ და რუსეთსაც მას ჩააბარებენ. ერთი სიტყვით, სააკაშვილს საბჭოთა კავშირს აღადგენინებენ და, მერე, გორბაჩოვივით, მასვე დაანგრევინებენ, ოღონდ ისე მაგრად, რომ შემდგომში საბჭოთა კავშირსა და სოციალურ სამართლიანობაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს.

აწ განსვენებული ვახტანგ გოგუაძე ჯერ კიდევ როდის ამბობდა, – ეს ეპოქა საცხოვრებლად არ ვარგა თორემ საყურებლად მას არაფერი სჯობსო. კინოსა და თეატრში ვინ განახორციელებდა ისე საინტერესო წარმოდგენას, ამერიკელებმა დღეს უკრაინაში რომ გვიჩვენეს.

ვნახოთ, რომელი მოერევა – ქართველი ამერიკელი სააკაშვილი თუ უკრაინელი ამერიკელი პოროშენკო. უკრაინის საზღვრების სიმტკიცის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პოროშენკოს დიდი დღე არ უნდა ეწეროს, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ დაკვნის გამოტანას. საბოლოოდ ხომ ისე მოხდება ყველაფერი, როგორც მაღალი ღმერთი… ანუ ამერიკა გადაწყვეტს!

ვალერი კვარაცხელია,
თბილისი, 2017 წლის 10 სექტემბერი” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვალერი კვარაცხალია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close