საზოგადოება

პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, შს მინისტრს 112-ის მუშაობის შესახებაც დაუსვან კითხვები

საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრს პარლამენტში იბარებს. განცხადება ამასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა. მისი თქმით, ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის გარდა, რა დროსაც დაკავებისას 33 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, უწყების მისამართით სხვა საქმეებზეც დაგროვდა კითხვები:
,,რა თქმა უნდა, ადამიანის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია და მტკიცების ტვირთი, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად აკისრია პოლიციას. შს მინისტრი, ბატონი მღებრიშვილი მას შემდეგ, რაც მინისტრია, არასდროს არ ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში ძალიან ბევრ უმწვავეს საკითზე პასუხების გასაცემად და თუ მას აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაც არის. სამწუხაროდ, შს მინისტრი და სხვა მინისტრები პასუხსაც არ სცემენ უმცირესობის წერილებს და არ მოდიან პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა მწვავე საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად მუხტარლის საქმე, მოვა, შეასრულებს მის მოვალეობას და გასცემს კითხვებს პასუხს,’’ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

euronews.ge პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, შს მინისტრს 112-ის მუშაობის შესახებაც დაუსვან კითხვები. მაგალითად ასეთი: გახშირდა შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მიდის. ასეთ დროს, სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია თავს იმართლებს, რომ 112-მა მათ დროულად არ გადასცა შეტყობინება და შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 112 კატეგორიების მიხედვით ახდენს გამოძახებების გადაცემას. სასწრაფოს ერთ-ერთი ექიმისგან კი გავარკვიეთ, რომ დაბალი ასაკის პაციენტებზე სასწრაფო შეიძლება დაგვიანებით მივიდეს, ეს 112-ის დისპეჩერიზაციის პროტოკოლით ყოფილა გათვალისწინებული.  როგორც ჩანს, შს სამინისტროს და სასწრაფოს მესვეურებს ჯერ არ გაუგიათ, რომ ,,ავადმყოფობა გაახალგაზრდავდა” და ეს სიტყვები უკვე ტერმინადაც  იქცა. არ გაუგიათ ისიც, რომ სიკვდილი, მძიმე ავადმყოფობა ახალგაზრდას და მოხუცს ვერ არჩევს. შს მინისტრის პასუხები ამ კითხვებზე საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.

euronews.ge აღნიშნულ თემაზე ფაქტებით გამყარებულ სტატიებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close