პოლიტიკა

,,რა განუკითხაობაც სუფევს გურჯაანის მერიაში, ეს არის ქვეყნის სირცხვილი და არნახული უკანონობა”

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი ზვიად ბიაშვილი სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს და გურჯაანის ახლადარჩეული მერს თანამშრომლებზე ზეწოლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

,,მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო! Giorgi Kvirikashvili

მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ! ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze

2012 წელს, საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება და ეს უბრალო ცვლილება არ იყო. ქართველმა ამომრჩეველმა უნდობლობა გამოუცხადა რეპრესიებს, უკანონობას, ჩაგვრას და დისკრიმინაციას. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული რეფორმების გატარება და ჩვენმა ქვეყნამ ევროინტეგრაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ევროკავშირთან გაუქმდა სავიზო რეჟიმი და გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, რამაც საქართველო უფრო მეტად დაამსგავსა ევროპას და უფრო მეტად მასთან ასოცირებული გახადა.
სხვა რეფორმებთან ერთად, ქვეყანამ დაიწყო საჯარო სამსახურის რეფორმა და მის პროფესიულ საჯარო სამსახურად გარდაქმნა. პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების ვალდებულება, საქართველომ ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაშიც აიღო. საჯარო მოხელეები დაიყვნენ რანგებად და კატეგორიებად. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ საჯარო სამსახური გახდებოდა სტაბილური და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი.

2017 წელს, საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გასული წლის ნოემბერში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი თვითმმართველობები დაკომპლექტდა.
ცვლილება შეეხო გურჯაანის ადგილობრივ თვითმმართველობასაც, სადაც მერად არჩეულ იქნა ქართული ოცნების მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, რომელმაც უფლებამოსილების პირველივე დღეებში, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებს პირადად და ღია ეთერით უნდობლობა გამოუცხადა და მათ განცხადებების დაწერა მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ მას საკუთარ გუნდთან ერთად უნდა მუშაობა. მას საერთოდ არ გამოუყენებია დრო, დაკვირვებოდა მერიის მუშაობას და ყოველგვარი აპელაციის გარეშე მოსთხოვა მათ განცხადებების დაწერა.

მუნიციპალიტეტის მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გარდა, აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. გარდა იმისა რომ მუნიციპალიტეტის მერის ეს მოთხოვნა უკანონოა, მას ასევე აქვს პოლიტიკური დატვირთვა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში მერიის) სამსახურების და განყოფილებების უფროსების უმეტესობა სწორედ 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების ხელისფლების დროს მიღებული საჯარო მოხელეები არიან.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ბატონო პარლამანეტის თავმჯდომარევ!

არჩილ ხანდამაშვილი არის ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად მაინც და ის ყველაზე მეტ უნდობლობას, სწორედ ამ პოლიტიკურ ძალასთან მეტნაკლებად ასოცირებულ საჯარო მოხელეებს უცხადებს. გურჯაანის მერმა დაიწყო რეპრესიები და მისთვის მიუღებელ საჯარო მოხელეებს, სხვადასხვაგვარი შანტაჟის გზით განცხადებები დააწერინა. განცხადების დაწერა მომთხოვა მეც, მაგრამ ჩემგან უარი მიიღო. რამდენჯერმე ვკითხე მიზეზი რატომ უნდა დამეწერა განცხადება, მაგრამ მისგან შემდეგი შინაარსის პასუხს ვიღებდი: „მე მინდა ჩემი კაცი და მე მინდა ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავოო“.

2017 წლის 13 ნოემბრიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი სისტემატიურად მეუბნებოდა, რომ ჩემი ნებით დამეწერა განცხადება, რაზეც მე უარით ვპასუხობდი. მან რამდენჯერმე გამაფრთხილა, რომ მიპოვიდა მიზეზს, რამდენჯერმე მომცემდა საყვედურს და შემდეგ მაინც გამიშვებდა სამსახურიდან. მიმდინარე წლის 11 იანვარს, მან დანაპირები შეასრულა და ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება. ის მედავება იმ საქმის შეუსრულებლობას, რომელიც არავის დაუვალებია ჩემთვის.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ბატონო პარლამანეტის თავმჯდომარევ!

არჩილ ხანდამაშვილი ფეხქვეშ თელავს და თავზე გვახევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს საჯარო სამსახურის შესახებ და ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას. არჩილ ხანდამაშვილი ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისი ამ ქმედებებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის განვითარების დამუხრუჭებას ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. დღეს რა განუკითხაობაც სუფევს გურჯაანის მერიაში, არის ქვეყნის სირცხვილი და არნახული უკანონობა. პირადად მე, მერის მხრიდან სისტემატიურად ვიღებ შეურაცყოფას და შანტაჟს. ეს უკვე გაუსაძლისია და ამას სახელი აღარ ჰქვია.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ხართ მთავრობის ხელმძღვანელი და მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი. თქვენ წარადგინეთ არჩილ ხანდამაშვილი მერობის კანდიდატად და ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა სწორედ თქვენი ავტორიტეტის გამო მისცა მას ხმა, მაგრამ უკვე არჩეული მერი არ იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. არჩილ ხანდამაშვილი იქცევა როგორც მოდერნიზებული ზახარ შაშურკინი, რომელიც წესიერ ადამიანებს, ტყვიის გარეშე ხვრეტს.

პატივისცემით
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი ზვიად ბიაშვილი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close