პოლიტიკა

ნაციონალები ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს და ამ ოქმების ბათილობას მოითხოვს.

პარტიის წევრ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხოლოდ თბილისში დარღვევებთან დაკავშირებით 600-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს და ასევე, თბილისის 10-ვე ოლქში მათ მიერ განსხვავებული აზრი დაიწერა.

„ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტუნარიანი. არჩევნების დღეს მასობრივი ხასიათი ჰქონდა ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელმაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მასობრივი ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც არის „ქართული ოცნების“ ნოუჰაუ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო უპრეცედენტო მასშტაბით, გრძელდებოდა „კარუსელების“ პრაქტიკა, იყო დაშინება, ოქმების შეცვლა და არაერთი ასეთი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს არჩევნები იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ შეფასებას საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს. მათი თქმით, საქართველოში თავისუფალი გარემოს არსებობისთვის ბრძოლის პროცესში მათი პოლიტიკური ძალა ყველა ამ პარტიასთან ითანამშრომლებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით დღეს მიმართავს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close