საზოგადოება

,,ნაბახუსევზე ყავა არ დალიოთ…” _ დავით სერგეენკო ექიმის ამპლუაში

“ალკოჰოლი არის წამალი, რომლის დოზირებულ-გამოზომილი და გამოკვეთილი მიღება გამაჯანსაღებელ ეფექტებს იწვევს ადამიანში. გამონაკლისი არის დაავადებები, რომლის დროსაც ცალსახად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ძირითადად ეს არის ღვიძლის დაავადებები, რადგან ღვიძლის საშუალებით ხდება ალკოჰოლის გამოდევნა-გამოყოფა, არის გულსისხლძარღვთა  დაავადებები. ბავშვებში ცალსახად მიუღებელია. მე თვითონ მინახავს და გამიკიცხავს მშობლები, რომლებიც თავის შვილს ერთ ყლუპს ალევინებს. ორსულობის დროს არცერთი წვეთი არ უნდა დალიონ,”  – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “ექიმებში” ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა ახალი წლის დღეებში ქართველების მიერ ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღებასა  და მის გვერდით მოვლენებზეც ისაუბრა.

“გვაქვს აჩქარებული გულისცემა, შევიწროებულია სისხლძარღვები ყველგან, გარდა სამი სისტემისა. ბევრი სისხლი მიდის თავში და თავის ტკივილის მიზეზი ეს არის და, არა პირიქით სპაზმი, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე. ბევრი სისხლი მიდის გულში და ბევრი სისხლი მიდის ფილტვებში. ყველა სხვა ორგანოში მიდის ძალიან ცოტა. შესაბამისად, მომატებულია გულის კუნთის მოთხოვნა ჟანგბადზე. რაც უფრო მეტად იკუმშება, მით უფრო მეტი ჟანგბადი ჭირდება. ასეთ შემთხვევაში სამწუხარო სტატისტიკა გვაქვს,  ნაბახუსევზე ხშირდება მიოკარდიუმის გულის კუნთის ინფარქტი.”

დავით სერგეენკოს თქმით, ის რომ ალკოჰოლის მიღების დროს ყავა გვაფხიზლებს,  მითია და რეალობას არ შეესაბამება.

“კოფეინი და ალკოჰოლი არიან ანტაგონისტები. ერთმანეთის მოქმედებას ამცირებენ. შესაბამისად, თრობის ხარისხი შეიძლება კოფეინმა შეამციროს, თუმცა, მისი რეალური ეფექტი არც კი იგრძნობა.

რაც შეეხება ნაბახუსევ მდგომარეობას, იქ ჩვენ ალკოჰოლთან საქმე აღარ გვაქვს, არამედ მის ნახევარდაშლის პროდუქტებთან. ყავა კი აძლიერებს  სითხის დაკარგვას და გულის ცემის გახშირებას იწვევს. ამიტომ მის დალევას არამც თუ აზრი არ აქვს, არამედ მავნებელიც არის.”

სერგეენკოს თქმით, ნაბახუსებზე არც ტკივილდგმაყუჩებლის მიღებაა რეკომენდირებული,

გამოჰყავს თუ არა ნაბახუსევზე ადამიანი ცხელ აბაზანას და გაზიან სასმელს? _ ამ კითხვის კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა:

“რაც შეეხება გაზიან სასმელს, მას იღებენ იმიტომ, რომ ამ დროს ძლიერი წყურვილის შეგრძნებაა  და გაზიანი სასმელი სუბიექტურად უფრო აკმაყოფილებს მოთხოვნას. თუმცა, მაღალი რისკია და გაზიანი სასმელის დალევა არ ღირს ცალსახად. მინერალური წყალი კარგია, ოღონდ გაზგასული.

რაც შეეხება ცხელი შხაპის მიღებას, ახალგაზრდებს და ფიზიკურად კარგ კონდენციაში მყოფებს, შეუძლიათ. თუმცა, ზოგადად არანაირი დამატებითი სტრესი ნაბახუსევზე არ შეიძლება. უბრალოდ იმიტომ, რომ ზედა ზღვარზე არის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, გახშირებულია გულისცემა, რასაც ცხელი აბაზანა კიდევ უფრო გაზრდის და, მათთვის, ვისაც რისკები აქვს გულსისძარღვთა სისტემის მხრივ, შეიძლება ეს ცუდი შედეგით დამთავრდეს.”

მინისტრის თქმით,  ადამინისთვის 12-დან 20 ერთეულამდე ალკოჰოლის მიღება ერთი კვირის განმავლობაში, მისაღები და სასარგებლოა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close