ეკონომიკა

მოგებული ბიზნესი და გაღარიბებული მოქალაქეები – აფბა პრემიერს აზარტული თამაშების  რეგულირების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა მოუწოდებს ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, მთავრობის დამტკიცებისთანავე მიიღოს გადაწყვეტილება აზარტული თამაშების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  აფბას ვიცე-პრეზიდენტმა  გიორგი კაპანაძემ დღეს პრესკონფერეცნიაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული, მათ შორის არასრულწლოვნებიც და ეს ბიზნესი, რეგულირების არსებული პრაქტიკით, სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.

„აზარტული თამაშები ასევე  ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სიღარიბისა და ჭარბვალიანობის. შესაბამისად, თუკი პრემიერი რეალურად აპირებს ამ პრობლემების აღმოფხვრას, აუცილებელია სათამაშო ბიზნესის რეგულირებაში ცალკეული საკითხების გადახედვა“,-აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

აფბას ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  მოხდეს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირება, ვინაიდან, მისივე განმარტებით,  საქართველოს მოქალქეების ძირითადი ნაწილი სწორედ ონლაინ თამაშებშია ჩართული.

„გარდა ამისა, ონლაინ–თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით შესაძლო გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში ფიზიკური პირის რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს“,-ამბობს აფბას ვიცე-პრეზიდენტი.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, საგანგაშოა აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებლის მუდმივი ზრდა, რომელმაც 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარით იზრდება.

ამ ყველაფრის ფონზე კი, კაპანაძის ინფორმაციით, ბიუჯეტში მიზერული თანხა, მხოლოდ 332 მილიონია შესული ბიუჯეტში.

ამასთან, გიორგი კაპანაძის განმარტებით, ციფრები იმდენად საგანგაშოა, რომ სათამაშო ბიზნეს-ასოციაციამ საქსტატთან მემორანდუმი გააფორმა, რათა განსხვავებული მეთოდოლოგიით მოხდეს ბრუნვის მაჩვენებლების დათვლა.

აფბას ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცხადებით, მსგავსი ფაქტი ყოვლად დაუშვებელია და რეალურად სათამაშო ბიზნეს-ასოციაცია ცდილობს, მიჩქმალოს ის საგაგანგაშო მდგომარეობა, რასაც აზარტული თამაშების ბიზნესი ქმნის.

„როგორც ჩანს, ასოციაცია ცდილობს, ციფრების მანიპულირებით შეცდომაში შეიყვანოს როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა. პირველ რიგში, აუცილებელია, მოხდეს ფინანსების გამჭვირვალობა, რათა როგორც ხელისუფლებამ, ასევე სპეციალისტებმა და მოქალაქეებმა ნათლად დაინახონ სექტორში არსებული რეალური მდგომარეობა“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, დროულად მოახდინოს სათამაშო ბიზნესის რეგულირება.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მთავრობას იმ მნიშვნელოვან პუნქტებზე მიუთითებს, რომელიც ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანი უნდა გახდეს ახალი კანონპროექტის მიღების დროს:

 აზარტული თამაშების რეგულირების კონკრეტული მექანიზმები

 ვერიფიკაცია – შემოსავლების სამსახურის ბაზაზე, აზარტული თამაშების მსურველი საკუთარი პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე უნდა დარეგისტრირდეს, რითიც მაქსიმალურად შემცირდება არასრულწლოვნების ჩართულობა.

სპეციალური პროგრამის შექმნა – შემოსავლების სამსახურის ბაზაზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშედ რეგისტრირებული პირების ტრანზაქციები. პროგრამა ადაპრირებული უნდა იყოს ყველა ლიცენზირებულ ვებ–გვერდთან, რომლებიც აზარტული თამაშების ორგანიზებას ახდენენ (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).

აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნა – საშემოსავლო სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც მოხდება მოთამაშედ რეგისტრაცია რეალურ სივრცეში (შემოსავლები სამსახური, იუსტიციის სახლი). რეგისტრირების შემდეგ, მოთამაშემ უნდა მიიღოს სპეციალური კოდი, რომლითაც მონაწილეობას მიიღებს აზარტულ თამაშობებში.

წაგების ლიმიტების დაწესება – მოთამაშედ რეგისტრირების პროცესში პირმა უნდა მოახდინოს საკუთარი შემოსავლების დეკლარირება. ამის შემდეგ მისთვის განისაზღვრება თვეში წასაგები თანხის ლიმიტი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დეკლარირებული შემოსავლის მაქსიმუმ 30%-40%–ით. დადასტურებული შემოსავლის არმქონე პირისთვის უნდა დაწესდეს წაგების მაქსიმალური ლიმიტი (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).

მოსაკრებლების ზრდა – მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს, როგორც სათამაშო სახლების შემთხვევაში, ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესისთვისაც, ვინაიდან იგი დღესდღეობით საკმაოდ დაბალია და ბიზნესის ამ სექტორიდან ბიუჯეტი საკმაოდ მიზერულ შემოსავლებს იღებს.

კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრება – უნდა შეიქმნას სათამაშო სახლების სპეციალური ლოკაციები, რაც გულისხმობს მათი მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანას. სახელმწიფო ასეთ დაწესებულებებს სთავაზობს სპეციალურ ზონებს, გარკვეული შეღავათებით. აღნიშნული ინიციატივა არ უნდა შეეხოს ისეთ სივრცეებს, სადაც კაზინოსექტორი უკვე სარგებლობს გარკვეული პრეფერენციებით.

თამაშის წესები რეალურ სათამაშო სახლებში – რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები. საჭიროა რეზიდენტ ფიზიკურ პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი.

არარეზიდენტი ფიზიკური პირები – უცხოელ ვიზიტორებზე რეალურ სათამაშო სახლებში თამაშის შეზღუდვები არ უნდა მოქმედებდეს.

უცხოური ონლაინ აზარტული თამაშების ვებ–გვერდები – ისეთი ვებ–გვერდები, რომლებსაც არ გააჩნით საქმიანობის საქართველოში გაცემული ლიცეზია და არ არიან აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის ნაწილი, უნდა დაიბლოკოს.

რეკლამის შესახებ კანონი – მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საჯარო სივრცეებში აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება, ამავდროულად უნდა მოხდეს სატელევიზიო რეკლამების, მათ შორის, სასპონსორო პაკეტების, ეტაპობრივი შეზღუდვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close