ჯანდაცვა

მევახშეობა ჯანდაცვაში! _ ,,ბანკები სამედიცინო სფეროშიც შეიჭრნენ და ადამიანების ავადმყოფობით სარგებლობენ” (ექსკლუზივი)

 სკანდალი -ექსკლუზივი
   ქართულ, ,,წარმატებულ“ ჯანდაცვის სტრუქტურაში უკვე კომერციული ბანკებიც შეიჭრდნენ და მათთან ერთად წეწავენ ,,ჯანდაცვის მამები” ავადმყოფებს.
 გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:
   _ ჩინელებმა იციან წყევლა – ,,ყმაწვილნი გმართავდნენ“. ეს წყევლა ჩვენზე გადმოვიდა ასე : ,,ბანკირები გმართავდნენ“. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობები უკავიათ ბანკირებს და ისინი მართავენ ქვეყანას და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ხალხის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე. ბანკების მოგება აღწევს ასტრონომიულ ციფრს, ქვეყნის მოსახლეობა კი ტოტალურად ღარიბდება.
   წესით, ბანკი უნდა წარმოადგენდეს დონორს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. რესურსი, რომელიც მას გააჩნია – ფული, ეკონიმიკისთვის წარმოადგენს სისხლს და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, იაფი კრედიტის სახით, საზოგადოებისათვის, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ბანკებმა მონოპოლიზირება მოახდინონ ყველა სფეროში. ეს არის არაპროფილური ბიზნესი და ის აკრძალულია.
 _ იქნებ, უფრო დაგვიკონკრეტოთ, რა არის აკრძალული და რატომ?
 _ კანონით, ბანკებს აკრძალული აქვთ არაპროფილური ბიზნესის წარმოება, მაგრამ ისინი, ამ კანონს არ იცავენ. ,,საქართველოს ბანკი“ ფლობს თბილისის წყალმომარაგებას (GWP), სამშენებლო კომპანიას, სამედიცინო კლინიკების ქსელ ,,ევექსს“, რომელსაც 40 კლინიკა აქვს საქართველოს მასშტაბით. ასევე, ღვინის მწარმოებელ საწარმოებს, სადაზღვევო კომპანიებს და ა.შ. ,,თი ბი სი“ ბანკს ეკუთვნის პროექტი, რომელიც ანაკლიაში უნდა განახორციელოს. ,,ქართუ ბანკი“ კი ბანკებს შორის ,,ქურდად ზის“. ჯამში, ყველა ბანკი წარმოადგენს ოლიგარქების საკუთრებას. იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს ჩვენი ხელისუფლება, მათ მიცემული აქვთ საშუალება, რომ ქონების, ბუნებრივი რესურსის, ბიზნესების მაქსიმალური მონოპოლიზება მოახდინონ. ამის გამოა, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მცირდება სამუშაო ადგილები, მასიურად გარბის მოსახლეობა ქვეყნიდან, ძვირდება პროდუქტი, ხდება ინფლაცია და ა.შ. სამაგიეროდ, ასტრონომიულ მოგებებზე გადიან ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და იტაცებენ მოქალაქეების ქონებას.
  300 ათასზეა ასული ე.წ. შავი სია, რომელშიც შეყვანილი არიან გადახდისუუნარო მოქალაქეები. მათ ქონებას, ადრე თუ გვიან, ემუქრება ეგზეკუცია.
 _ როგორც ვთქვით, ბანკები სამედიცინო სფეროშიც შეიჭრნენ და ადამიანების ავადმყოფობით სარგებლობენ. მისი მფლობელები ამითაც მდიდრდებიან და რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფოც არის დამნაშავე, რადგან ამის უფლებას მათ აძლევს. მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება?
 _ ცივილურ ქვეყნებში სამედიცინო სფერო, ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები ექვემდებარება მკაცრს რეგულაციებს. საქართველოს ხელისუფლება არის ბანკირების კასტა, რომელიც ხელს უწყობს მათ, მოახდინონ ყველას სფეროს მონოპოლიზება. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქონება ჩაიგდონ ხელში, მიითვისონ, შეზღუდონ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და თავად გახდნენ ამ ბიზნესაქტივების მფლობელები, მწარმოებლები.
  თბილისის წყლის ტარიფის გაზრდის მთავარი მიზეზი გახლავთ ,,საქართველოს ბანკი”. მისი დაკვეთით გაზარდეს ტარიფი. საქართველოს სინამდვილეში წყალზე ტარიფის გაზრდა არ შეიძლება. მათ არ გაუკეთებიათ ახალი წყალგაყვანილობები, არც ახალი ტექნოლოგიები შემოუღიათ… მოვიდა ბანკი, ჩაიგდო ხელში და გაზარდა ტარიფი.
  _ განვადებით, უკვე წამლების შეძენაც შეიძლება. ანუ ბანკი ავადმყოფის მკურნალობიდანაც ღებულობს მოგებას, რის გამოც, ისედაც გაძვირებული წამალი კიდევ უფრო ძვირდება. ამაზე რას იტყვით?
  _ დიახ, ბანკმა სამევახშეო პრინციპები გაატარა მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობაზე. ეს არის კატასტროფა. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეს არ აქვს საშუალება, სამკურნალო წამალი შეიძინოს და ის იძულებულია, ამის გამო აიღოს კრედიტი. სესხს კი საკმაოდ მაღალ პროცენტებს უმატებს. ასეთი დანაშაული ,,ლიბერთი ბანკი“-ს მხრიდან ხშირია. პენსიონერების დიდი ნაწილს პენსია წინასწარ სწორედ მედიკამენტების შესაძენად გამოაქვს, რასაც დიდი საპროცენტო განაკვეთით გასცემს ეს ბანკი. რეალურად, ბანკი საკუთარ ფინანსებს კი არ აძლევს პენსიონერს, არამედ ბიუჯეტის ფულს აპროცენტებს მასზე. პენსიონერების მომასახურეობაში ის ისედაც იღებს 2 მილიონს, მაგრამ სამევახშეო საქმიანობით, პენსიონერისთვის სესხის მიცემით დამატებით აკეთებს მილიონებს, რაც არის ამორალურიც და დანაშაულებრივიც. ამ ბანკის მფლობელი გახლავთ პატარკაციშვილბის ოჯახი.
  _ წეღან მითხარით, რომ კანონით, ბანკს აკრძალული აქვს არაპროფილური ბიზნესის ფლობა. კი მაგრამ, კანონის დაცვას მათ არავინ სთხოვს?
 _ დიახ, კანონში წერია ეს. ,,საქართველოს ბანკი”-ს მაგალითზე უკეთ აგიხსნით რაც ხდება. ვითომ, არსებობს საინვესტიციო ჯგუფი ,,ბიჯეო“. როგორც გავიგე, ახლა, მისი სახელის შეცვლას აპირებენ. თითქოს ეს საინვესტიციო ჯგუფი ფლობს წყალმომარაგების კომპანიას, ბანკს , სამედიცინო კლინიკებს, სამშენებლო კომპანიებს, ღვინის წარმოებას და ა.შ. მაგრამ ეს არის ფორმალურად, სინამდვილეში, ყველაფრის მეპატრონე არის ბანკი.
  ეროვნული ბანკის ფუნქცია გახლავთ ის, რომ მან მკაცრად აკრძალოს, რომ ბანკი არ იყოს სხვა აქტივების მფლობელი. კავშირშიც არ უნდა ჰქონდეს მას, სხვა ბიზნესთან, მაგრამ… კონსტიტუციით ისიც არის აკრძალული, რომ ბიზნესმენი იყოს პარლამენტის წევრი, ან თანამდებობის პირი. თუმცა, ყველა ბიზნესმენი პარლამენტის წევრია და თანამდებობებზეც უპრობლემოდ სხედან. პარლამენტარობა ბიზნესის გასამყარებლად სჭირდებათ. აქტივების ფორმალურ მმართველად ნიშნავენ სხვას და საკუთარ ბიზნესს კურირებენ პარლამენტიდანაც. ოქრიაშვილის მაგალითიც საკმარისი იქნება ამისათვის. კანონშემოქმედებითი საქმიანობა მის ინტერესებში იმდენად შედის, რამდენადაც წაადგება მის ბიზნესს. მონოპოლიას შექმნის და 9 პირ ტყავს გააძრობს ჩვენს თანამოქალაქეებს. ასეა ბანკების შემთხვევაშიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომლითაც იძარცვება საქართველოს მოსახლეობა.
 ამის გამო, კატასტროფული, აუტანელი გახდა ქვეყნის სოციალური მდგომარეობა. რაც უფრო მეტი შემოსავალი აქვთ ოლიგარქ- მაფიოზებს, მით უფრო ღარიბდება ქვეყანა და მოსახლეობა. არ შეიძლება, ბიზნესმენი მიუშვა პოლიტიკასთან, რადგან პოლიტიკა მისთვის ხდება მექანიზმი, რომ გააკეთოს მონოპოლიზება, ძარცვოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მოსახლეობას.
  იცით, დღემდე იმიტომ არ ამოქმედდა მშენებლობებზე სამუშაოების უსაფრთხოების ქმედითი ბერკეტები? რატომ ცვივა ყოველდღიურად მშენებლობებიდან ხალხი და იღუპება? იმიტომ, რომ სამშენებლო დეველოპერ-მაფიოზები არიან მთავრობაში, პარლამენტში. უსაფრთხოების ზომები რომ დაიცვან, თანხები უნდა გაიღონ უსაფრთხოების ზომებისთვის. ამათ უნდათ მუქთად, იოლად აშენონ, ადამიანების სიცოცხლე კი არაფრად უღირთ.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close