საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

მამუკა ნოზაძე: ამ ქალბატონის კისერზე პატიმრების წინაშე ჩადენილი უამრავი ცოდვაა (ექსკლუზივი)

,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დღესაც მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც  ამ დაწესებულებაში ატარებდნენ  მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას, რომლის იდეოლოგიც სააკაშვილი იყო. ერთ – ერთი ასეთი გახლდათ იურისტი ეთერ შენგელია. მის კისერზე პატიმრების წინაშე ჩადენილი უამრავი ცოდვაა. ეს ქალბატონი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ავადმყოფ პატიმრებს არ ჩატარებოდათ სათანადო მკურნალობა, რის გამოც, არაერთხელ დადგა ფატალური შედეგი“ _ გვითხრა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ და საკუთარი ნათქვამის გასამყარებლად, მაგალითად, ყოფილი პატიმრის, აწ გარდაცვლილი დენის ყვარელაშვილის საქმე მოიყვანა.

   მამუკა ნოზაძე:

_ პატიმარმა დენის ყვარელაშვილმა, სასამართლოს მეშვეობით, რამდენჯერმე მოითხოვა, რომ მისთვის ჩაეტარებინათ სათანადო მკურნალობა ან გადაეყვანათ სპეციალურ კლინიკაში, მაგრამ მაშინ სასამართლოები იღებდნენ გადაწყვეტილებებს ხელისუფლების კარნახით და საბოლოდ, დადგა კიდეც ტრაგიკული შედეგი. 2013 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დენის ყვარელაშვილი საპატიმროში გარდაიცვალა.

 _ პატიმარს რა აწუხებდა, რის გამო იყო ავად?

_ მას აწუხებდა რამდენიმე სახის ჰეპატიტი და ჰქონდა კარდიოლოგიური პრობლემებიც. ევროპული სასამართლოს პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ყვარელაშვილი გადაიყვანეს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში. ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად მიიღო და დაავალა საქართველოს მთავრობას, დენის ყვარელაშვილისთვის ჩაეტარებინათ სრულფასოვანი გამოკვლევები და მკურნალობა, მაგრამ ეს დავალება არ შეუსრულებიათ. ამის გამო, პატიმარი მუდმივად მიმართავდა დაწესებულების მთავარ ექიმს, ჯანდაცვის მინისტრს, რამდენჯერმე მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება მედპერსონალის მიმართ, რადგან მკურნალობას უტარებდნენ არალიცენზირებული ექიმები.

 _ სამკურნალო დაწესებულებაში არალიცენზირებული ექიმები მუშაობდნენ?

_ დიახ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავის დასკვნაში, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებაში, დაახლოებით 5 არალიცენზირებული ექიმი იყო. მათ არ ჰქონდათ უფლება, რაიმე სახის მკურნალობა განეხორციელებინათ. მოგეხსენებათ, მაშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განუკითხაობა სუფევდა, თუმცა, არც ახლა არის ამ კუთხით იდეალური მდგომარეობა. გარდაცვალების შემდეგ, დენის ყვარელაშვილს სხეულზე აღმოაჩნდა ფიზიკური დაზიანებები, რომელიც კავშირში არ იყო მკურნალობასთან. მეხუთე წელია გამოძიება დაწყებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მთავარ პროკურატურაში, მაგრამ ფაქტიურად, არაფერს იძიებენ.

სასამართლოში დენის ყვარელაშვილის მეუღლის დაცვის მხარეს წარმოვადგენ. ჩვენ სახელმწიფოსგან ვითხოვთ ზიანი ანაზღაურებას. პარადოქსია ის, რომ დღეს, კვლავ ეთერ შენგელია იცავს სასჯელაღსრულების სამინისტროს ინტერესებს და არაკომპეტენტურად ცდილობს, სასამართლომ დენის ყვარელაშვილის მეუღლის სარჩელი არ დააკმაყოფილოს, ანუ არ აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც ქმრის გარდაცვალებით მიადგა. ის პროცესებზე აგრესიულად იქცევა და შეურაცხყოფას აყენებს მოსარჩელე მხარეს. ქმნის კომფლიქტურ სიტუციებს და მდგომარეობიდან გამოჰყავს მოსარჩელე. საჯარო მოხელეს მართებს დაიცვას ეთიკის წესები, მაგრამ სასამართლო პროცესზე შენგელია დაგვეჯღანა, რის შესახებაც მოსამართლესაც ვუთხარით. საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეთერ შენგელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იურისტად მუშაობდა. მერე რეორგანიზაცია მოხდა და ის გადაიყვანეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. ამჟამად, ის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტია და სამინისტროს სარჩელების განხილვის დროს, აღნიშნული უწყების წარმომადგენელია. შენგელია, ნაციონალური მოძრაობის დროს, ასრულებდა ახალაიას მითითებებს. მაშინაც ანალოგიური პათოსით გამოდიოდა, მომაკვდავ ავადმყოფებს უპირისპირდებოდა და სასამართლოს სთხოვდა, მათი სარჩელი არ დაეკმაყოფილებინა. მისთვის არაფერს წარმოადგენდა ადამიანის უფლებები. არ ვიცი, რატომ დატოვეს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს ადამიანი თანამდებობაზე. როგორც ჩანს, კოჰაბიტაცია მასაც შეეხო. შენგელია ყველა საქმესთან დაკავშირებით ასე იქცევა _ აგრესიით ცდილობს ფონს გასვლას.

 _ მასთან დაკავშირებით პრეტენზიები კიდევ გაქვთ?

_ 2018 წლის 17 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შალვა დოლიძის საჩივრის გამო, გაიმართა სასამართლო პროცესი. სანამ სხდომა დაიწყებოდა, ეთერ შენგელიამ, თავისი გამაღიზიანებელი მოქმედებებით, ბატონი დოლიძე ცუდად გახადა. ამის გამო, დოლიძემ სხდომაზე დასწრება ვეღარ შეძლო. შალვა დოლიძე ადვოკატია. რამდენიმე წლის წინ, ის იყო პატიმარი. ევროსასამართლოში მისი საქმე დამთავრდა მორიგებით. დოლიძე მორიგებაზე წინააღმდეგი იყო, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ცალმხრივი დეკლარაცია გაუგზავნა ევროპულ სასამართლოს და მანაც დაამტკიცა. ევროსასამართლომ აღიარა, რომ ამ ადამიანის მიმართ დარღვეული იყო ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა). ასევე, აღიარა ევროკონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა, რომელიც უკანონო დაკავებას გულისხმობს.

დოლიძეც სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა და იქ არსებული მდგომარეობის მსხვერპლია. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დოლიძისა და მისი შვილის სასარგებლოდ დააკისრა, ჯამში, 12 ათასი ევროს გადახდა, თუმცა ეს საქმე არ განუხილავს და, როგორც გითხარით, მორიგების ცალმხრივი დეკლარაციით, დოლიძეები თანხმობის გარეშე წარიმართა პროცესი. შალვა დოლიძე ევროსასამართლოს სთხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღარებასაც და წარდგენილი ჰქონდა კონკრეტული მტკიცებულებები – ქვითრები და ა.შ. ამ მტკიცებულებებით დასტურდებოდა ის, რომ პატიმრობის დროს, მედიკამენტებში და გამოკვლევებში ფულს იხდიდა თავად ეს პატიმარი, რაც ასე არ უნდა ყოფილიყო. პატიმრის მიმართ პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და მისი პოზიტიური ვალდებულებაა, ნებისმიერი სახის სამედიცინო დახმარება თავად ჩაუტაროს მას, რაც დოლიძის შემთხვევაში, ასე არ ყოფილა.

ამჟამად დოლიძე სახელმწიფოსგან ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სახელწიფოს კი პროცესზე წარმოადგენს კვლავ ეთერ შენგელია, რომლის ქმედებებზეც უკვე მოგახსენეთ.

_ თქვენ მითხარით, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მიმართეთ. რა გითხრათ კახი კახიშვილმა?

_ მას პირად ტელეფონზე SMS შეტყობინება გავუგზავნე. კახიშვილი მართლაც ღირსეული მინისტრია იმ თვალსაზრისით, რომ ყველას პასუხობს და უსმენს. მან მაშინვე მოახდინა რეაგირება. რამდენიმე წუთში დამირეკა სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, რომელმაც მითხრა, რომ მინისტრის დავალებით მოქმედებდა. ის დაინტერესდა შექმნილი მდგომარეობით და მეც მოვუყევი შენგელიას შესახებ. მითხრა, რომ აქვთ ადამიანური რესურსის ნაკლებობა, თუმცა გაითვალისწინებენ ჩვენს აზრს.

იმედია, ეთერ შენგელია ამიერიდან მაინც მოიქცევა ისე, როგორც შეეფერება სახელმწიფოს წარმომადგენელს.

 EURONEWS.GE სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა. პრესამსახურში შეგვპირდნენ, რომ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ. euronews.ge აუცილებლად გაგაცნობთ მათ პასუხს.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close