პოლიტიკა

“კახი კალაძის საქმიანობას რაც ეხება, ყველა მიმართულებით უკუსვლა გვაქვს”

ჩვენ გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა დატოვა კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში და რა მდგომარეობამდე მიიყვანა ეს დარგი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, კალაძის გამინისტრების შემდეგ, ინვესტიციებმა წინა წლებთან შედარებით იკლო.

„ყველაზე კარგი საზომი იმისა, თუ რა წარმატებული იყო ბატონი კალაძე, არის ის, თუ რა ხდებოდა ინვესტიციებში ენერგეტიკის სფეროში. მისი გამინისტრების მერე, 2014 წელს, ინვესტიციებმა იკლო წინა წლებთან შედარებით 23%-ით, 2015 წელს იკლო კიდევ 35%-ით. 2016 წელს იყო უფრო დაბალი, ვიდრე 2013 წელს.

2017 წელს მარტო პირველ კვარტალში ინვესტიციები არის შემცირებული წინა წელთან მიმართებაში 83%-ით. ანუ ასეთი წარუმატებელი ენერგეტიკის მინისტრი და წარუმატებელი ინვესტირება ენერგეტიკის სფეროში ჩვენ არ გვყოლია.

მეორე – ბატონმა კალაძემ თავისი მინისტრობის პერიოდში თავი დაგვამახსოვრა გაზპრომთან გაფორმებული სამარცხვინო ხელშეკრულებით, რომლითაც მივიღეთ ის, რომ დავკარგეთ ბერკეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა ბუნებრივი აირის მიმართებაში, ანუ მას უკვე შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ჩვენი მომარაგება ბუნებრივი აირით. ასევე, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ გვპირდებოდა ბატონი კალაძე, რომ იქნებოდა ტარიფების დაკლება როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე ელექტროენერგიაზე.

წელს, ძალიან დიდი ალბათობით, მოხდება ფასის ზრდა ორივეზე. ყველა მიმართულებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს კახი კალაძის საქმიანობას, გვაქვს რეალურად უკუსვლა. ეს არის ბატონი კალაძის მინისტრობის შეჯამება”,- განაცხადა კაპანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close