საზოგადოება

ირაკლი პეტრიაშვილი: სპეცრაზმი და მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ ამ ხალხის აზრის შესაცვლელად

   16 სექტემბერს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. წინასწარი მონაცემებით, დელეგატთა უმრავლესობა კვლავ ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზეზით, ოპონენტები და მათი ლობისტები მთავრობაში დელეგატთა „გადმობირებისთვის“ ძალისხმევას არ იშურებენ. ეს კი ხშირად, მთლად კეთილსინდისიერი გზებით არ ხდება.

     წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დეტალებზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გვესაუბრება:

  _ ბატონო ირაკლი, რა განწყობით ხვდებით ამ არჩევნებს?

  _ არ დაგიმალავთ, მაქვს „დეჟავუს“ განცდა, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ვართ გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში. ხელისუფლების ერთი ჯგუფი, ყველა მეთოდით ცდილობს,  გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელად სასურველი კანდიდატი მოიყვანოს. ისინი ამით საზოგადოების ნების თავისუფლად გამოხატვას და დემოკრატიას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებენ. რაც ხდება საქართველოს პროფკავშირებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც  ნათელია. ბუნებრივია, მე  გავაგრძელებ ბრძოლას დასაქმებულთა უფლებებისთვის, ასევე იმისათვის, რომ პროფკავშირულმა ორგანიზაციამ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და საქართველოში სისხლის ფასად მოპოვებული ეს დემოკრატიული სტრუქტურა არ გახდეს ვიღაცის პარტიული ინტერესი და  ჯიბის ორგანიზაცია.

  _ ანუ ისეთი, როგორიც იყო წინათ პროფკავშირი? 

  _ სწორედაც. არადა, როგორც ჩანს, ამის  ნოსტალგია აქვთ ზოგ-ზოგიერთებს…  ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს ვგულისხმობ. რატომაც არა – როცა პარტიის ,,კუდი“ იყო პროფკავშირები, მშვენივრად იყვნენ და ეხლაც უნდათ, რომ მართველი პარტიის დიდი, ფუმფულა ,,კუდი“ გახდეს. ეს არის სწორედ  ბეცი ხედვა. რეალურად, პროფკავშირები უნდა იყოს სარკე, რომელშიც გამოჩნდება, თუ რა შეცდომებს უშვებს დამსაქმებელი, იგივე ხელისუფლება და  რა სურს რეალურად საზოგადოებას. სამწუხაროდ, როცა მავანნი  სავარძლებში სხდებიან, ხალხთან კავშირს კარგავენ.

  _ რას გულისხმობთ, რომ თქვენი მიზანი ხალხთან და საზოგადოებასთან ამ კავშირის შენარჩუნებაა?   _ დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ პროფკავშირი ახმოვანებს ხალხის გამოწვევებს და გონიერი ხელისუფლებებიც გონივრულად ცდილობენ ამ პრობლემების გადაჭრას. ისინი მუშაობენ იმ მექანიზმებზე, რომლებიც სიტუაციას გააჯანსაღებს. სწორედ ეს არის პროფკავშირის მმართველობის პერიოდში ჩემი მთავარი მონაპოვარი – ხალხს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის საშუალება.

  _ 15 სექტემბერს ტარდება საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ყრილობა. რას მოელით მისგან?

  _ დიახ, ეს გახლავთ საარჩევნო ყრილობა, რომლის დროსაც დელეგატებს ოთხ წელიწადში ერთხელ გაერთიანებული პროფკავშირის გამგეობა აბარებს ანგარიშს გაწეულ მუშაობასთან, სამოქმედო პროგრამასთან და გამოწვევებთან დაკავშირებით. წესით და რიგით, ყრილობა ორიენტირებული უნდა ყოფილიყო სწორედ დასაქმებულთა პრობლემების გადაწყვეტაზე, მათი მოგვარების გზებზე და მექანიზმებზე. სამწუხაროდ, პროფკავშირებთან დაკავშირებით დაიწყო ბინძური კამპანია და დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რათა კორპორატიული სიხარბის, ბიზნესის დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას მაქსიმალურად დაბალი რეიტინგი ჰქონდეს.  ამაზე „ზრუნვა“ მიმდინარეობს ჯიბის ტელევიზიებისა და სამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით. დღეს სწორედ  ამ გამოწვევების წინაშე დგას პროფკავშირი. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გავცემთ ისეთ პასუხს, რა პასუხიც არის გასაცემი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობის შედეგები, იყვნენ წევრები დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში,  ყრილობაზე დადასტურდება. ნაცვლად იმისა, რომ ვისაუბროთ მინიმალურ ხელფასზე, საპენსიო რეფორმაზე, შრომის ინსპექციაზე და კიდევ ერთხელ შევეცადოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვას ამ პროცესებში, გვიწევს საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ეს არ არის ნორმალური! კიდევ ვიმეორებ  – ეს ყრილობა იქნება ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან  დიდი მნიშვნელობა ექნება ვინ მოიგებს ამ ბრძოლას  – 150 წლიანი ორგანიზაცია თუ შემოგდებული კანდიდატი.

  _ ბრძოლის ის მეთოდები, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები იყენებენ, ხომ არ შეულახავს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე?     _ შემიძლია მოვიყვანო უამრავი მაგალითი, როცა საქართველოში ადგილი ჰქონდა არადემოკრატიულობას, მაგრამ იმას, რაც პროფკავშირებთან დაკავშირებით ხდება, ვერანაირად ვერ გაათეთრებენ. ეს საქმეები გროვდება, იწონება და შესაბამისი რეაქციები ექნება ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან.

  _ ბატონო ირაკლი, ქვენ ბრძანდებით ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტიც. რა შეფასებას აძლევს დასავლეთი საქართველოში პროფკავშირების გარშემო მიმდინარე მოვლენებს?  _ ქართულმა საზოგადოებამ იხილა მსოფლიო პროფკავშირების ლიდერის, შარომ ბაროუს კრიტიკა და მხარდამჭერი წერილი იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს პროფკავშირებში ხდება. ისინი ერთ წერილს რომ უგზავნიან პრემიერ- მინისტრს, მეორეს ,,ჰუმან რაით ვოჩ“-ს, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის.

   _ 9 სექტემბრიდან გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელის სკამისთვის ახალი კონკურენტი იბრძვის –  ზენაიშვილი. მისი წარდგენა მოხდა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.  ასეთი მოკლე დრო რამდენად დასაშვებია კანონმდებლობით?

 _  პროფკავშირები არის დემოკრატიული სტრუქტურა. გამჭვირვალობა, ნების გამოხატვა ამ ორგანიზაციისთვის უცხო არ არის. კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს ყრილობაზე, არჩევნების დღეს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავრობის ვიწრო, მაგრამ ძლიერი ჯგუფის ინტერესი, რომ ეს ორგანიზაცია ჩაიდოს ჯიბეში და პეტრიაშვილი ჩამოაშოროს ამ ორგანიზაციას ბინძური მეთოდით  – შავი პიარით, საზოგადოებისთვის ცნობილია. ამ ფონზე გამოჩნდა ახალი კანდიდატი, რომელიც თეთრი ყვავივით, მღვრიე წყალში ცდილობს თევზის დაჭერას ფეხგაუსველებლად და ვარდების მოკრეფას უეკლოდ. ეს იმ დროს, როცა ეს კანდიდატი ფარულად ოქიტაშვილს და ღიად მე მიფიქსირებდა მხარდაჭერას. მას, ისევე როგორც ოქიტაშვილს, აქვს გაკეთებული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მე მაძლევდა რეკომენდაციას და ჩემს კანდიდატურას უჭერდა მხარს. როგორც ოქიტაშვილის მხარდამჭერები ჰყვებიან, ეს ადამიანი ოქიტაშვილსაც ჰპირდებოდა ცალკე მხარდაჭერას და რომ ჩვენგან მიუტანდა ინფორმაციებს, თუ მერიაში სამსახურს  დააწყებინებდნენ.  პარალელურ რეჟიმში, დარგობრივ პროფკავშირის წევრებთან მე მიჭერდა მხარს და გმობდა ოქიტაშვილს. თქვენც ხვდებით ალბათ, რომ ასეთი კანდიდატი თავისი სურვილით არ იმოქმედებს და მასაც ,,გვირგვინი“ ისევე დაადგეს, როგორც ოქიტაშვილს. ეს მოხდა მაშინ, როცა დაინახეს, რომ ოქიტაშვილი გაცამტვერდა საზოგადოებისა და პროფკავშირის წევრების თვალში და მას არანაირი შანსი არ დარჩა გამარჯვების. საჭირო გახდა სტრატეგიის შეცვლა და შეცვალეს კიდეც ამ ფორმით.

  _ ხომ არ იმოქმედა ამაზე ოქიტაშვილისა და მისი გუნდის წევრ ახალგაზრდას შორის მიმოწერის  გასაჯაროვებამ?

  _ ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდამ, რომელმაც ეს ჩანაწერი გააკეთა, შემდეგ ის გაასაჯაროვა. ეს იყო პრივატული საუბარი და ნამდვილად არ მივესალმები მის გასაჯაროვებას. როცა ერთი ადამიანი მეორეს ლანძღავს და მესამეს კიდევ  ეს ამბავი საზოგადოებამდე მიაქვს, არ არის კარგი. ასევე, არ ვთვლი, რომ ეს დეტალი იყო გადამწყვეტი ოქიტაშვილის კანდიდატურის უკან გაწვევასა და მასზე ფსონის არდადებაში. მთავარი არგუმენტი აქ იყო ის, რომ ოქიტაშვილმა არ იცის პროფკავშირის, დასაქმებულების, მუშების ენა, რადგან ამ ხალხთან მას არასდროს არ ჰქონია კონტაქტი და ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნახეს, რომ ოქიტაშვილის გალიდერებისა და პროფკავშირის პრეზიდენტად გახდომის შანსი არ იყო. ოქიტაშვილმა ისიც არ იცის, რომ სწორი ფორმაა პროფკავშირის თავმჯდომარე და არა პრეზიდენტი. ამის გამო მოხდა მისი ჩანაცვლება ახალი კანდიდატით.  ყველაფერს თავისი შედეგი მოჰყვება –  დავით ოქიტაშვილი და მისი გუნდი ბინძური მეთოდებით იბრძოდა. მათ ისეთი აბსურდები ილაპარაკეს ჩემთან მიმართებაში, რომელიც არ მომხდარა.

  _ სამი დღე გვაშორებს ყრილობას და  არჩევნებს. თქვენი პროგნოზი როგორია?

  _ ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი მაქვს. მე მჯერა დასაქმებული ადამიანების. მათ აქვს იმის განცდა, რომ  ყველაფერი კარგად არ არის ამ ქვეყანაში და პროფკავშირის თავმჯდომარე იდევნება რკინიგზელთა მხარდაჭერისთვის. არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა ეჭიდავება დამოუკიდებელ პროფკავშირებს. დრო ყველაფერს ალაგებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. დელეგატებს აუცილებლად აღმოაჩნდებათ  დამოუკიდებლობა და  ნების თავისუფლება, რომ ძალით მოყვანილი ლიდერი არ დასვან  ორგანიზაციის სათავეში. სპეცრაზმი და მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ ამ ხალხის აზრის შესაცვლელად. ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ძნელია მუშას, პედაგოგს, ექიმს გადაათქმევინო საკუთარი აზრი და აიძულო, თავს შემოხვეულ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.  სიმართლე არის ის, რომ მე ყოველთვის ვიყავი გამხმოვანებელი იმ პრობლემების, რომლებიც ამ ადამიანებს ჰქონდათ. ბუნებრივია. მათ უჩნდებათ კითხვა, რისი გულისთვის უნდა დაისაჯოს ირაკლი პეტრიაშვილი? იმის გამო, რომ ამ ყველაფერს ახმოვანებდა და ყოველთვის ხალხის მხარეს იდგა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close