საზოგადოება

,,თეთრი ხმაურის მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნარკოპოლიტიკის რეფორმის დაჩქარებასა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციას სთხოვს. ორგანიზაცია გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და 2017 წლის 10 ივნისს გაკეთებულ განცხადებას ახსენებს, რომლის მიხედვითაც პრემიერმა საქართველოს პარლამენტს დაავალა, ნარკოპოლიტიკის საკითხზე დაჩქარებულ რეჟიმში ემუშავა და კანონმდებლებს ახალი ჰუმანური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი მიეღოთ.

„თეთრი ხმაურის“ მიმართვაში ნათქვამია, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ 10 თვე გავიდა, თუმცა პარლამენტმა ამ პერიოდის განმავლობაში არათუ ახალი კანონი ვერ მიიღო, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა მხოლოდ ერთხელ გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სისტემის კიდევ ერთ მსხვერპლად მამუკა ბერძენიშვილს ასახელებს, რომელსაც სასამართლომ 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის ფლობისთვის რვა წილით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ამ პერიოდში დაიჭერენ და რეპრესიის მსხვერპლი გახდება, პასუხისმგებელი არის პირადად პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ინება კანონის ცვლილება. ისინი არ ასრულებენ საკუთარ საარჩევნო დანაპირებს, არ ასრულებენ დანაპირებს, რომელსაც გასცემდნენ საზოგადოებრივი პროტესტის პარალელურად,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close