საზოგადოება

“თბილისში ვერავინ “დაინახა”, ოფშკვითში კი ეკლესიასთან დასვეს გარდაცვლილი და ყველამ მიატოვა”

“…ძალიან აღელვებული და აღშფოთებული ვარ, თბილისში მომხდარ მოსწავლეთა შორის საქმის გარჩევისას დაღუპულ ორ ახალგაზრდას გუშინ კიდევ ერთი, ოფშკვითელი დედისერთა ბიჭი, დაემატა. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი აუცილებლობით გამოწვეული “შემთხვევითობით” ხდება და ასეთ დროს წუხილთან ერთად პიკს აღწევს პროტესტის გრძნობა, პროტესტისა, რომლის, რა ფორმითაც უნდა გამოთქვა და გამოხატო, შემსმენი არავინაა. არადა, ყველაფერი გაწერილი გეგმის მიხედვით, მეთოდურად მიედინება. დანგრეული ეკონომიკა და ოჯახები, საზღვარგარეთ წასული, შვილებისთვის გაუცხოებული დედები და უფუნქციოდ დარჩენილი, გაუსუსურებული, ბიჭებისათვის ვერაფერი მაგალითის მიმცემი მამები, ასაკისთვის შუფერებელი ტვირთაკიდებული ბებიები და ბაბუები, ტელევიზიების მდარე, ხშირ შემთხვევაში წერა–კითხვის მცირემცოდნე ჟურნალისტების დადგმული შოუები, რომლებიც ყველასგან მიტოვებული მოზარდი თაობის ცნობიერებაზე ძალადობს, თავისი ვითომ სკანდალური, სინამდვილეში კი ამორალური, უზნეო თემებით.

გაურკვეველი საგანმანათლებლო სისტემით, რომელიც ხან საბჭოური იყო, ხან რაღაც ჰიბრიდული და არასოდეს ყოფილა ეროვნული. კაცი მასწავლებლებისგან დაცლილი სკოლებით, რომელშიც იმდენი პრობლემაა დაგროვილი, ხელის ყველა თითი არ გვეყოფა ჩამოსათვლელა. ამდენი უაზრო ექსპერიმენტისგან დამცრობილი და შურაცხყოფილი გონიერი მასწავლებლები, რომლებსაც თავიანთი უღირსი კოლეგების ცოდვებიც მათ თანაბრად მოეკითხებათ. ყბადაღებული “სქემა” და მასში ძალად “ჩაჭედილი” პედაგოგები, არაფრის მომცემი კრედიტები და საჩვენებელი გაკვეთილები, ნამდვილი მასწავლებლების სინაკლულე, ყველგან მხოლოდ ნათესაობა–მეგობრობით დანიშნული დილეტანტი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრები, პრიმიტიული ფილმებით ტირაჟირებული სისასტიკე და სექსუალური აღვირახსნილობა, ყველაფერი ეროვნულისა და ტრადიციულის გადმონაშთად გამოცხადება და ათასი სხვა რამ… და ეი, თქვენ, მანდ, მაღლა, იქნებ გაიხსენოთ, რომ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი, ერთადერთი და თუ ზემოაღნიშნული სიძნელეები არ ჩაგვაფიქრებს, საკუთარი შვილების გარდა სხვების შვილების ბედი არ შეგვაწუხებს, რად გინდათ მაგ პირადი კეთილდღეობა, ამდენი უბედურების ფონზე, როგორ იგრძნობთ თავს ბედნიერად და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულისთვის თითქმის არავის ისჯება, აქ, წუთისოფელში, ადამიანურ სამართალს რომ გაექცეთ, ღმერთთან რომ წარდგებით, რა პასუხს გასცემთ. ჩვენ კი რომელი ერთი უნდა ვიტიროთ, უაზროდ გამქრალი სიცოცხლეები თუ ის ცოცხლად დარჩენილები, მკვლელს რომ ხელს აფარებენ, თბილისში ვერავინ “დაინახა” დამნაშავე, ოფშკვითში კი ეკლესიასთან ქვაზე დასვეს გარდაცვლილი კლასელი და ყველამ მიატოვა.ხვალ ორშაბათია, ახალი სასწავლო კვირა იწყება ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის, სხვებისა და სხვების მოსწავლეებისათვის და მერე?…”-წერს პედაგოგი ლიაკუხიანიძე სოციალურ ქსელში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close