საზოგადოება

,,თბილისის მაცხოვრებლები სუნთქავენ ფალსიფიცირებული საშენ-მოსაპირკეთებელი მასალებიდან უხვად ამოფრქვეულ, ტოქსინებით გაჯერებულ ჰაერს”

ანზორ საკანდელიძე, საქართველოს რეფორმატორთა კავშირის
მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე:

_ ბატონო პარლამენტარებო, გთხოვთ სასწრაფოდ შეაჩეროთ 4-წლიანი დანაშაულებრივი ძალადობა კანონზე და მოსახლეობაზე!
ცნობილია, რომ საქართველოში 2008 წელს გააუქმეს ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის კანონი, რომელიც უდიდეს უბედურებად დაატყდა თავს ქართველ ხალხს და განსაკუთრებით,თბილისელებს. ამ კანონის გაუქმებით ახლად აშენებული შენობები ისე კატასტროფულად დაუახლოვეს არსებულ შენობებს, რომ უხეშად დაირღვა ელემენტარული სახანძრო, სადრენაჟო-წყალარინებისა და ახლადაშენებული მაღლივი კორპუსებით დაბნელებული არსებული საცხოვრებელი ბინების ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის ნორმები.
გარდა ამისა, ამ კანონის გაუქმებით მოხდა მრავალი მაცხოვრებლის პირადი საკუთრების ხელყოფაც, როცა ყოველგვარ ზღვარგადასულ ახლო მანძილზე დაწყებულმა მაღლივმა მშენებლობებმა მასიურად დაუზიანა საძირკვლები და ავარიულები გახადა მეზობლად არსებული დაბალსართულიანი შენობები და, შესაბამისად, კატასტროფულად შეამცირა მათი გასაყიდი საბაზრო ღირებულებები.
2008 წლიდან საქართველოში მიმდინარე ამ მასიური ვანდალიზმის შესაჩერებლად 2014 წლის 18 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება N409, სადაც ვკითხულობთ: „სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგულირების მიზნით შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღებამდე, აღიარებული და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით სამოქმედოდ დაშვებული იქნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედი და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებული სამშენებლო ნორმები და წესები, ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები და მათი ის ნაწილები, რომელთა ალტერნატივა არ არსებობს საქართველოში… დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“
ჩვენ მოვიძიეთ და გავარკვიეთ, რომ 2014 წლის 18 ივნისიდან ამ სამთავრობო დადგენილებით საქართველოში ამოქმედებულია 2011 წელს მოსკოვში განახლებული რედაქციით გამოცემული საბჭოთა კავშირის 1989 წლის სამშენებლო წესი СП 42.13330.2011, სადაც ვკითხულობთ: „საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობათა, ასევე საწარმოო შენობათა შორის მანძილის დადგენა უნდა განხორციელდეს ინსოლაციისა და განათების გათვლების მოთხოვნათა საფუძველზე“ და ამის შემდეგ მოყვანილია ახლად აშენებულ და სხვადასხვა სახის არსებულ შენობებს შორის აუცილებელი დაშორების მანძილები, მაგალითად:
„2-3 სართულიანი შენობებისათვის არანაკლებ 15 მეტრისა, 4-სართულიანი შენობებისათვის არანაკლებ 20 მეტრისა. ამავე შენობათა გრძელ და გვერდით მხარეთა შორის, რომელ მხარეზედაც გამოდის საცხოვრებელი ოთახების ფანჯრები, არანაკლებ 10 მეტრისა.
სამშენებლო მოედანზე, რომლის სეისმურობა 8 ბალი და მეტია, დაშორების მანძილი სექციური საცხოვრებელი შენობების გრძელ მხარეთა შორის უნდა იყოს ყველაზე მაღალი შენობის ორჯერ მეტ სიმაღლეზე არანაკლები“.
აი, მთავრობის რა დადგენილება დაგვიტოვა წასვლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა და 4 წელი როგორ არაფერი არ გააკეთა, სულ ახლახანს წასულმა (თურმე „ხელიდანაც წასულმა!“) გიორგი კვირიკაშვილმა ამ დადგენილების შესასრულებლად. შედეგები მთელ საქართველოში, გამორჩეულად თბილისსა და ბათუმში, განსაკუთრებული მასშტაბურობით კი თბილისში, მართლაც რომ კატასტროფულია:
ათასობით საცხოვრებელდაზიანებული, ეკოლოგიურად სუფთა ჰაერს მონატრებული, ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობისა და ვენტილაციის გარეშე დარჩენილი გაუბედურებული ოჯახები, სადაც მზის სხივების ვერშეღწევის გამო გამრავლების საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი მრავალი დაავადებების გამომწვევ მიკრობებს და ოჯახის წევრებს სისტემატურად უწევთ ისუნთქონ ფალსიფიცირებული საშენ-მოსაპირკეთებელი მასალებიდან უხვად ამოფრქვეული ტოქსინებით გაჯერებული ჰაერი და ეს ყველაფერი იმ წარმოუდგენელი სიღატაკე-შიმშილის ფონზე, რაც დღეს მძვინვარებს საქართველოში!
ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია და საქართველოს რეფორმატორთა კავშირის მშენებელთა ლიგა ვიწყებთ ბრძოლას ამ ჯოჯოხეთის წინააღმდეგ 2014 წლის 18 ივნისის მთავრობის დადგენილება N409-ის სრულმასშტაბიანი ამოქმედებით. უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ პარლამენტარებს გვერდში დაგვიდგნენ, რადგან კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი მათი უპირველესი მოვალეობაა.
დიახ, პარლამენტარების მხარდაჭერით ერთად უნდა ავლაგმოთ ჩინოსანთა ძალადობა როგორც მოსახლეობაზე, ისე ამ სამთავრობო დადგენილებაზე, რომლის ამოქმედება კორუფციული დიდძალი შემოსავლების დაკარგვის შიშის გამო ბევრს არ აწყობს. ჩვენ განსაკუთრებით გვეიმედება ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც იმედია, ქართველი ხალხისათვის ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი მთავრობის დადგენილების შესრულებას აიყვანს პირად კონტროლზე და განახორციელებს სრულფასოვნად.
პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ შეიქმნება სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. ამასთანავე, უნდა შეწყდეს მშენებლობის ნებართვების გაცემა მანამ, სანამ წარმოდგენილი პროექტები არ მოვა შესაბამისობაში N409 სამთავრობო დადგენილებასთან. რა ბედი ეწევა უკვე მიღებულ მშენებლობის ნებართვებს, ამაზე უნდა იმსჯელოს სამთავრობო კომისიამ.
აქვე გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ არ იფიქროს ამ სამთავრობო დადგენილების არამოქმედებით გაუბედურებული მოსახლეობის მოტყუება და პრობლემის გადაგორება, რაც ძალიან ძვირი დაუჯდება. მოსახლეობას კი მივმართავთ, რომ ვისაც უკვე შეგეხოთ, ან მომავალში შეგეხებათ ეს პრობლემა, ამ სტატიის დართვით ყველამ შეიტანეთ საჩივარი ადგილობრივი ხელისუფლების მართვის ორგანოებში და ჩვენი ლიგა ყველას გვერდში დაგიდგებათ. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან კანონი და სიმართლე ჩვენ მხარეზეა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close