საზოგადოება

თაბორის მთას და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნეს

გუშინ, თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომაზე ოპოზიციის მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი თანამებრძოლებთან ერთად მივიდნენ და საკრებულოს არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას. იქ იყვნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. მათი პროტესტის მიზეზი კი იყო ის, რომ საკრებულომ თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატული მეტრი ფართობისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. „პანორამა თბილისის” სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

სხდომაზე თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის საკითხები გააერთიანეს და ერთად უყარეს კენჭი. საკრებულოს წევრებიდან 28 მომხრე, 3 წინააღმდეგი აღმოჩნდა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული სადაო საკითხი დაამტკიცა. კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. საკრებულოს დაცვამ მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” წევრებმა საკრებულოს სხდომის გადადება მოითხოვეს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close