საზოგადოება

“ვაი ამ არსებობას, კარალიოკზე პურს ვატან”_ 84 წლის უსინათლო მოხუცის ისტორია

84 წლის უსინათლო მოხუცი, რომელსაც ყოველდღიურ საკვებად პური და კარალიოკი აქვს, ახალ წელს სოციალური დახმარების გარეშე ხვდება. მას სოციალური დახმარება გასულ წელს მოუხსნეს იმ მიზეზით, რომ სახლი ჰქონდა.

ოთარ დვალიშვილი საკუთარი გაჭირვების შესახებ გადაცემაში “ცენზურის გარეშე” საუბრობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

“ჩემი შემოსავალი არის 180 ლარი, ორთავ თვალებით უსინათლო ვარ 84 წლის კაცი. მიზეზად მოიდეს, რომ სახლი ჰქონიაო და მომიხსნეს სოციალური დახმარება. ეს სახლი ჩემი და ჩემი ძმისაა. არ მაქვს შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე და მედიკამენტებზე. უსინათლობისა თურმე მერგება კვარტალში 300 ლარი, ჩვენმა გამგებელმა ახლა მითხრა. ეს სოციალური დახმარების 60 ლარი ახალ წელს მომიხსნეს იანვრის თვეში და წელიწადი გავიდა, არ მიმიღია. ვაი ამ არსებობას შვილო კარალიოკზე პურს ვატან. შაქარი მაქვს და აღარც ჩაი მესმევა. ვარ უბედურ დღეში, სული მიდგია რა! ადრე შევიტანე წამლებზე ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება და უარი მითხრეს. ორშაბათს ისევ შევიტანე და ორ კვირაში დაელოდე მესიჯსო, მესიჯი მე როგორ წავიკითხო მარჯვენა თვალი ამოღებული მაქვს, მარცხენა გადამწვარი”,- აცხადებს ოთარ დვალიშვილი.

მისი თქმით, 24 დღე იწვა საავადმყოფოში, თუმცა არ იცის ვინ აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები და ვარაუდობს, რომ ეს სახელმწიფომ გააკეთა.

უსინათლო მოხუცს საახალწლოდ გამგეობიდან ფულადი დახმარების იმედი აქვს.

“საკვებს არაფერს ვიღებ გამგეობიდან. იმ დღეს ვიყავი მისული, იქნებ საახალწლო ნობათი მომცენთქო. ვინც სასადილოებით სარგებლობს, მარტო იმათ ვაძლევთო. მე, ბრმა როგორ წავიდე სასადილოში, ყოველ დღე როგორ ვიარო? ფულადი დახმარება ვთხოვე საახალწლოდ და განცხადება დამიწერეს. იქნება, არ იქნება არ ვიცი!”,- ამბობს ოთარ დვალიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close