პოლიტიკარედაქტორის გვერდი

,,ეს ომი არ იქნება ხანმოკლე” – რა გახდა თურქეთ-ამერიკას შორის დიდი განხეთქილების მიზეზი? (ექსკლუზივი)

  თურქეთ-აშშ-ს გეოპოლიტიკური განხეთქილების ხუთი „ვაშლი“: „თანამშრომლობით უსაფრთხოების“ მოდელის კრახი სირიაში???

სირიის აფრინთან განვიათარებული მოვლენების ფონზე და „ზეთისხილის რტოს“ ოპერაციის წარმოების გათვალისწინებით, ორი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ს და თურქეთის ფარული დაპირისპირება უკვე სააშკარაოზე გამოდის. თურქეთის ერდოღანის „რბილმა“ ავტორიტარულმა ხელისულებამ უკვე დაიწყო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური „ცურვა“ გლობალური პოლიტიკის ოკეანეში და ფაქტიურად, გამოვიდა ტრანს-ატლანტიკური გავლენის სივრციდან (დღეს-დღეობით, არმიაში ჩატარებული ე.წ. „მასობრივი წმენდის“ შედეგად, აღარ დარჩნენ ატლანტისტური, ლობისტი მაღალი და საშუალო დონის ოფიცრები და დღეს, არმია მთლიანად ემორჩილება პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანს), ჯერ მხოლოდ დე-ფაქტოდ და უახლოეს პერიოდში კი, შესაძლოა, დე-იურედაც. ამერიკელმა პოლიტოლოგმა რიჩარდ კოენმა თავის დროზე შეიმუშავა ე.წ. „თანამშრომლობითი უსაფრთხოების“ მოდელი, რომელის ოთხ რკალს მოიცავდა. მას მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პირობები უნდა შეექმნა. ამ ოთხ რკალში მოიაზრებოდა:

  • ინდივიდუალური უსაფრთხოება – ქვეყნის უნარი, დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი ტერორიტორია, გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მათ შორის სამხედრო გზით;
  • კოლექტიური უსაფრთხოება – ქვეყნების გაერთიანება საერთო სახის სამხედრო რისკების და გამოწვევების წინააღმდეგ (1991 წლის „უდაბნოს ქარიშხალი“);
  • კოლექტიური თავდაცვა – ქვეყნების გაერთიანება სხვა ქვეყნებისგან თავდაცვის მიზნით – ნატოს მოდელი, ტრანს-ატლანტიკური სოლიდარობის პრინციპი;
  • სტაბილურობის მიღწევა საერთო ძალისხმევით – ეს უფრო მეტად არის იდეალური ვარიანტი მაღალი დონის კოლექტიური უსაფრთხოების გლობალური სცენარის (იგივე საერთო ბრძოლა კვაზი-სახელწმიფოებრივი და აგრესიული არა-სახელმწიფოებრივი აქტორის – „ისლამური სახალიფოს“ წინააღმდეგ).

ფაქტიურად, ამ მოდელის მიხედვით თურქეთი უკვე თავის არჩევანს აკეთებს, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის მაგალითზე. თურქეთი იქ შეიჭრა „ინდივიდუალური უსაფრთხოების“ პრინიციპის თანახმად და აწარმოებს „წინმსწრები თავდაცვის“ სამხედრო სტრატეგიას აფრინის და შემდეგ მანბაჯის რაიონებში. ის სირიელი ქურთების წინააღმდეგ საკუთარი ტერიტორიული თავდაცვითი ძალების შექმნის – იგივე „სირიის ნაციონალური არმიის“ მეშვეობით და საკუთარი არმიის ჩართულობით აწარმოებს საბრძოლო ოპერაციებს, რომელიც უკვე გადავიდა ლოკალური ომის სტადიაში. ეს ომი არ იქნება ხანმოკლე და მიზნად ისახავს 30 კმ-იანი უსაფრთხოების ზონის შექმნას.

კოლექტიური უსაფრთხოებს კონტექსტში, ფაქტიურად, მან უკვე აამოქმედა თავისი არხები ოფიციალურ მოსკოვთან, თეირანთან. ის ფორმალურად ასევე ინარჩუნებს (თუმცა მხოლოდ ფორმალურად და მალე ეს ბარიერიც მოიხსნება) ურთიერთობას საერთო მოწინააღმდეგესთან – „ისლამურ სახალიფოსა“ და ქურთების გასამხედროებულ ნაწილებთან და უკვე არც ერიდება ზომიერ ჯიჰადისტებთან კავშირსაც (მაგალითად, „ჯუნდ აშ შამის“ დაჯგუფებასთან მუსლიმ ალ-შიშანის მეთაურობით – მურად მარგოშვილთან აფილირებასაც კი და კოალიციაში შესვლას). კოლექტიური თავდაცვის კუთხით კი თურქეთი პირდაპირ დაუპირისპირდა საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორს და ცდილობს, საკუთარი თამაში თავს მოახვიოს მას. თურქეთი ამის პარალელურად აგებს საკუთარი კოლექტიურ თავდაცვის ალიანსს არაბულს სახელმწიფოებთან – ყატართან, ირანთან და ბაჰრეინთან და უპირისპირებდა და ანალოგიურ საუდის არაბულ კოალიციას. ბოლოს თურქეთი საკუთარი სტაბილურობის მიღწევას ცდილობს შექმნას გეოპოლიტიკური „ჰარმონიის“ რკალი მუსულმანურ უმაში – „ისლამური სოლიდარობის ორგანიზაციის“ ფარგლებში და ასევე განავითაროს ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (თუმცა ეს პროცესი ჯერჯერობით ისეთი წარმატებული არ გამოდგა, თუმცა მხოლოდ ამ ეტაპზე, მაგრამ ჩინური მეგა-პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ამოქმედების შედეგად, რომელიც უკვე ამ წელს დაიწყებს რეალიზაციას, ეს ბარიერებიც მოიხსნება სრულად) და რუსეთის ფედერაციასთან ევრაზიული მიმართულებით, სადაც დაახლოებით 100 მილიონიანი მუსულმანი ცხოვრობს.

საინტერესოა, რაში იყო ამერიკა-თურქეთის გეოპოლიტიკური განხეთქილების ძირითადი მიზეზები და როგორ გამოიხატება ე.წ. „განხეთქილების ხუთი ვაშლის“ კონცეფტი?

  • პირველი „განხეთქილების ვაშლი“ – თურქეთში განხორციელებული წარუმატებელი სამხედრო გადატრიალება. ასევე, ფეთულაჰ გულენის ფაქტორი, რომელიც მხოლოდ საბაბი იყო ასეთი განხეთქილებისთვის. ძირითადი განხეთქილება კი იყო – თურქეთის დაღლილობა „დასავლეთის“ კარებთან კაკუნის – პირველ რიგში ევროკავშირში მისი დიდ ხნის მიუღებლობა; თურქეთის ახალი გეოპოლიტიკური ამბიციები, გამოვიდეს „დიდი ძმის“ ამპლუადან და საკუთარი საგარეო-პოლიტიკური კურსი აწარმოოს. ეს გამოიხატება თუნდაც თურქეთ-რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკურ ომში მონაწილეობის სრული იგნორით, რამაც გარკვეულწილად შეასუსტა ეკონომიკური სანქციების დარტყმის ტალღა რუსეთზე.  „სამხრეთ ნაკადის“ ენერგოპროექტისადმი „მწვანე შუქის“ ანთებამ, კიდევ უფრო შეასუსტა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების პირობები რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების კონტექსტში;
  • თურქეთის აქტიური პოზიცია და  ოფიციალური ვაშინგტონის პირდაპირი დაპირისპირება იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით. ფაქტიურად, ერდოღანის ხელისუფლება იყო ერთ-ერთი „ავტორი“ აშშ-ს დიპლომატიურ დონეზე პირველი დამარცხების საქმეში;
  • თურქეთის სახიფათო თამაშები ისლამისტურ აქტორებთან – პირველ რიგში აშშ-ს ჯერ კიდევ მტრად გამოცხადებულ – ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, ახალი სახლი, სამხედრო ალიანსის გაბმა (ამაზე ზევით გვქონდა საუბარი) და ბოლოს კი, მთლად დაუჯერებელი ფაქტი, აშშ-ს მიერ საშიშ ტერორისტად გამოხცადებული „ალ-კაიდას“ სპონსორობის ქვეშ მყოფი მუსლიმ ალ შიშანისთან და მის დაჯგუფებასთან ალიანსი;
  • თურქეთის მხრიდან ტრანსტ-ატლანტიკური თავდაცვის სოლიდარობის პრინციპის დარღევა და რუსული სამხედრო დამრტყმელი სტრატეგიული შეიარაღების – რაკეტსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის С-400- ის შესყიდვა (გარიგების ღირებულებაა 2.5 მლრდ. დოლარი) და ბირთვულ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა. ასეთ ქმდებები უკვე იწვევს ნატოში „ბრექსიტის“ პრეცენდენტის შემოტანას, სულ მცირე სამხედრო-ტექნიკური თავსებადობის სფეროში. აღნიშნული ლატენტურად უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ამ სოლიდარობას;
  • თურქეთის მცდელობა გაუკეთოს იგნორი ამერიკულ დოლარს და გადავიდეს მუსულმანურ ქვეყნებთან საკუთარ ვალუტის ურთიერთანგარიშის პრინციპზე და სავსებით დამოუკიდებლად აწარმოოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან (მათ შორის ვაშინგტონისთის მტრულად განწყობილი იყოს). ასევე, დაიწყოს პროტექციონისტური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც სრულიად წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის ანალოგიურ პოლიტიკასთან. და კიდევ, აფართოებს ბზარს ორ ქვეყანას შორის.

ასე, ამგვარად შეიძლება, მოკლედ გაანალიზიდეს საქართველოსთვის სტრატეგიულ, ორ უმნიშვნელოვანესი პარტნიორს შორის ურთიერთობების მთელი სპექტრი, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, არ ვითარდება პოზიტიურად.

ვახტანგ მაისაია, პროფესორი, სამხედრო ექეპერტი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close