საზოგადოება

დასისხლიანებული პირველკლასელი – პედაგოგმა მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები “შემთხვევით” მიაყენა

სახისა და ყელის არეში ფიზიკური დაზიანებები პირველი კლასის მოსწავლეს საკუთარმა პედაგოგმა მიაყენა. შემთხვევა ქუთაისის ნომერ მეცამეტე საჯარო სკოლაში პარასკევს, ბოლო გაკვეთილის მიმდინარეობისას, მოხდა.

მასწავლებელი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დასასრულს ბავშვები დაღლილები იყვნენ და ძალიან ხმაურობდნენ, სიტუაციის განმუხტვისთვის მან ერთ-ერთი მოსწავლის კუთხეში დაყენება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ბავშვს ფიზიკური დაზიანებებიც სწორედ ამ დროს შემთხვევით მიაყენა.

საკლასო ოთახიდან გამოსული დასისხლიანებული ბავშვი იმ დღეს სკოლაში მისულმა უამრავმა მშობელმა ნახა.

13-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი სატელეფონო საუბარში იმავე მასწავლებლის მიერ კიდევ ერთ მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევას იხსენებს.

70 წლის მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სავარაუდო ძალადობის პოლიციაში იყო დაბარებული, პედაგოგობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვა ინციდენტების არსებობას უარყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის ბავშვს დაზიანებები სამი დღის შემდეგაც ეტყობა, დირექტორიც დარწმუნებულია, რომ ეს ფიზიკური დაზიანებები ბავშვმა შემთხვევით მიიღო.

საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ან ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ მძიმე შედეგი არ მოჰყოლია. ეს მუხლი 2 დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან შეზღუდვას ითვალისწინებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close