ჯანდაცვა

დავით ებრალიძე: სასამართლო პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს ქართულ ჯანდაცვას

ადვოკატი დავით ებრალიძე პაციენტებისა და სამედიცინო კლინიკების დავის ასპექტებზე გვესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში სარისკოა პაციენტად ყოფნა, რადგან მცდარი დიაგნოზი და არასწორი მკურნალობა იშვიათობას არ წარმომადგენს, მაგრამ არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე რისკის ქვეშ არიან კლინიკებიც. ამჯერად, ბატონი დავითი კლინიკებისა და პაციენტების სასამართლო დავების ასპექტებს შეეხო.

დავით ებრალიძე:

_ საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენად სარისკოა საქართველოში პაციენტად ყოფნა. მცდარი დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა არც ისე იშვიათობაა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ცოტასთვის თუ არის ნათელი, რომ ასევე სარისკოა საქართველოში სამედიცინო ბიზნესი.
სახელმწიფო ჯანდაცვის საზედამხედველო ორგანობისა და ჯანდაცვის ობიექტების ურთიერთობა შეიძლება ამ ეტაპისთვის უფრო მეტად სტრესულია, თუმცა ამ სტატიაში მინდა შევეხო პაციენტსა და კლინიკას შორის პოტენციური დავის სამართლებრივ ასპექტებს, რომელიც ყურადღების საგანი უნდა იყოს როგორც პაციენტის და კლინიკის, ასევე სამედიცინო პერსონალის და ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებების მიერ.
სამედიცინო მომსახურების ზრდის ფონზე მზარდია პაციენტთა პრეტენზიები, რომელიც სასამართლო დავებშია გადაზრდილი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. თუ უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს ჩავატარებთ, გარკვეულ ტენდენციებს დავინახავთ.

_ იქნებ დააკონკრეტოთ, რა იგულისხმეთ გარკვეულ ტენდენციებში?

_ „პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ“, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამოქალაქო კოდექსია ის ძირითადი სამართლებრივი ბაზა, რაც არეგულირებს პაციენტსა და სამედიცინო პერსონალსა და კლინიკას შორის ურთიერთობებს პაციენტის მხრიდან ზიანის, ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოთხოვნისას.
ამერიკის შეერთებული შტატებში, არასწორი მკურნალობისას პაციენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, მტკიცების ტვირთი აწევს პაციენტს. საქართელოში კი მტკიცების ტვირთი სამედიცინო დაწესებულებას მოეთხოვება, რაც ძალზე დიდ უპირატესობას ანიჭებს პაციენტს სასამართლო დავისას. საჩივრის ავტორს, პაციენტს არ უწევს იმის მტკიცება, რომ მისი ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობა ცალსახად ექიმის შეცდომამ განაპირობა. პირიქით, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა ამტკიცოს საპირისპირო. ასე განიხილავენ სასამართლოები საქმეებს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის ფორმულირებაზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

მიუხედავად იმისა, რომ სადაოა სასამართლოების მხრიდან 1007-ე მუხლის ფართო ინტერპრეტაცია, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სასამართლოები ჯერჯერობით თითქმის სრულად უხსნიან პაციენტებს მტკიცების ტვირთს ამ საკითხში და შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ასეთი დავებისას პაციენტები გამოდიან გამარჯვებული.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის პაციენტის მიმართ პასუხისმგებელი პირი.

განვითარებულ ქვეყნებში მიჯნავენ კლინიკის და ექიმის პასუხისმგებლობას, იმისდამიხედვით, თუ რეალურად ვისი ბრალეულობა იკვეთება. საქართველოში ერთი სასამართლო პრეცედენტის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში კლინიკაა მოპასუხე ასეთი პრეტენზიებისას. ამის მიზეზი სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლზე დაყრდნობაა, რომლის მიხედვით: „ორგანიზაცია ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოველობის შესრულებისას.“ არ ხდება იმის გათვალისწინება, რომ სერთიფიცირებული ექიმი არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და მოქმედებს დამოუკიდებლად. შესაბამისად, იგი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჩვეულებრივი ხელქვეითი, რომელზე სრული კონტროლიც გააჩნია ორგანიზაციას. რეალურად, კლინიკასა და ექიმს შორის ურთიერთობა უფრო ნარდობის ტიპისაა, ვიდრე შრომითი. თუ ამას ვაღიარებთ, მაშინ ექიმის შეცდომიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ გადავა კლინიკაზე.

 _ ექიმთა პროფესიულ დაზღვევაზე დიდი ხანია რაც საუბარი მიდის, თუმცა შედეგი, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ დგება.

_  დასავლეთის ქვეყნებში სავალდებულოა ექიმთა პროფესიული დაზღვევა, რომლის გარეშე ექიმი სამსახურს ვერ დაიწყებს. შესაბამისად, ექიმის შეცდომით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება მზღვეველის და არა კლინიკის მიერ. ჩვენთან ეს არ არის. შესაბამისად, მთელი ტვირთი გადადის კლინიკაზე.
მესამე და ყველაზე საყურადღებო: უკვე არაერთი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ ქართულ კლინიკას დააკისრა მისი უკმაყოფილო პაციენტის მიერ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის კლინიკაში მიღებული მომსახურების ხარჯები. ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებაც კი არსებობს, როდესაც სასამართლომ უცხოური კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების კი არა, არამედ მხოლოდ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დააკისრა ქართულ დაწესებულებას პაციენტისთვის ზიანის ანაზღაურება. ერთი შეხედვით ამაში საპრობლემო თითქოს რა უნდა იყოს? თუ ქართულმა საავადმყოფომ პაციენტს სათანადოდ ვერ უმკურნალა და მას ამის შემდეგ რწმენა დაეკარგა ქართული მედიცინისადმი და ზიანის (ჯამრთელობის) აღსადგენად უცხოურ კლინიკას მიმართა, სამოქალაქო კოდექსით მას ეძლევა სამართლებრივი საფუძველი, მოითხოვოს ქართული საავადმყოფოსგან იმ ხარჯების ანაზღაურება რაც გასწია, ან უნდა გაწიოს უცხოურ კლინიკაში ჯანმრთელობის აღსადგენად. მაგრამ აქ თავს იჩენს შემდეგი საკითხები: სამედიცინო მომსახურება უცხოეთში, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში იმდენად ძვირი ღირს, რომ ასეთ პროცესს შეუძლია მოპასუხე ქართული კლინიკის მარტივად გაკოტრება. ოპერაცია, რომელიც საქართველოში შეიძლება რამოდენიმე ათასი ლარი ღირს, განვითარებული ქვეყნის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში შეიძლება რამოდენიმე ასეულ ათასი ღირდეს, ამას ემატება სხვა თანმდევი ხარჯები. თუ სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით არ შეიცვალა, ამან შეიძლება ქართლულ ჯანდაცვის სისტემის ინვესტორებს სერიოზული რისკები დაანახოს და თავი შეაკავებინოს შემდგომ ინვესტიციებზე.

იმავდროულად, მიმაჩნია, რომ სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხში წინააღმდეგობაში მოდის ქართულ სამართალთან, ქართულ კონსტიტუციასთან. ქართული სამართალი აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს ნებართვით და კონტროლით დაშვებულ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს. შესაბამისად, ქართული სასამართლოც წესით არ უნდა აღიარებდეს უცხო ქვეყნის კლინიკას, როგორც სამედიცინო დაწესებულებას, რადგან იგი არ არის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული.

 _ ასეთ შემთხვევაში პაციენტის უფლებები არ შეილახება?

_ ერთი შეხედვით, ვინმეს ესეთი მიდგომა შეიძლება არასამართლიანად, პაციენტის უფლებების დამრღვევად მოეჩვენოს, მაგრამ საგულისხმოა, რომ არცერთი ნორმალური ქვეყანა არ უშვებს იმას რასაც ჩვენ, დააფინანსოს შეუზღუდავად, დათქმების გარეშე, უცხო ქვეყნები და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ჯანდაცვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close