პოლიტიკა

„დავადგინეთ, რომ გამგეობის ყველა თანამშრომელი ერთ დღეს არის დაბადებული”

თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატები მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, გამგეობების თანამშრომლები კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული.

„დავადგინეთ, რომ გამგეობის ყველა თანამშრომელი ერთ დღეს არის დაბადებული, იმიტომ, რომ ყველა აცხადებდა, რომ მისი დაბადების დღე იყო. უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საქმეს, მართლაც საგანგაშოა, იმიტომ, რომ ეს პირდაპირი სიგნალია იმის, რომ ხელისუფლება მთავარ ფსონს დებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ეს არის სწორედ მაგალითი ამისა. იმის მაგივრად, რომ მივიდნენ, ხალხს ესაუბრონ და ხალხის პრობლემები გაიგონ, ისინი კრებენ გამგეობის თანამშრომლებს და მათ მობილიზაციას ახდენენ,“ – განაცხადა „ენმ“-ის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

მერობის კანდიდატების პროტესტი იმ შეხვედრამ გამოიწვია, რომელზეც “კურიერის” ინფორმაციით, კახა კალაძე გამგეობებისა და თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების თანამშრომლებს, ერთ-ერთ რესტორანში უნდა შეხვედროდა, თუმცა საბოლოოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იქ არ მისულა.

კახა კალაძემ შეხვედრაზე მისვლა სავარაუდოდ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ტერიტორიაზე “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი მივიდა.

„ცხადია, რომ „ქართულ ოცნებას“ წარმოდგენა არ აქვს რა არის სახელმწიფო სამსახური და რა პოლიტიკური პარტია. ზოგადად ეს ტრადიცია, რომ მერიის, გამგეობების პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენების, არ დასრულდა ამ ქვეყანაში. არ დაადგა ამას საშველი და ცხადია, რომ კალაძე კამპანიაში გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს,“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

საკითხის დეტალურად შესწავლას გეგმავს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. ის არ გამორიცხავს, ცესკოსაც მიმართოს.

რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close