სამართალი და კრიმინალი

გენერალს რამდენიმე ტყვია ესროლეს… _ მკვლელი კვლავ ქუჩაშია!

   რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეების განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციის თანამშრომლები ეძებენ პიროვნებას, რომლის ჩვენებითაც, სავარაუდოდ, ამ საქმეს გახსნიან. უკვე დაკითხეს მოქალაქე, რომელმაც გენერალი სამსონ ქუთათელაძე ბოლოს ნახა. სავარაუდოდ, მან ასევე ნახა ის პირი, რომელიც ქუთათელაძის კაბინეტში შევიდა.  ბაზრის მენეჯერის განცხადებით, ბაზრის ტერიტორიაზე არსებული კამერები სამართალდამცავებს ჯერ არ გაუხსნიათ. სავარაუდოდ, ის მაყუჩიანი პისტოლეტით არის მოკლული, რადგან გასროლის ხმა ბაზრის არცერთ თანამშრომელს არ გაუგია. გარდაცვლილს რამდენიმე ტყვია ესროლეს. ზოგი თავში მოხვდა და ზოგიც სხეულის სხვადასხვა ადგილებში. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის კიდევ მიმდინარეობს. 

primetime.ge-ს ინფორმაციით, კომპანიაში, რომლის მეწილე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე გახლდათ, ერთი თვის წინ ერთ-ერთი მფლობელი შეიცვალა. კერძოდ, 2017 წლის 5 დეკემბერს შპს “ერთობას” (ე.წ. სტამბულის ბაზრობა) 28 პროცენტიანი წილის მფლობელი დავით შატო-შათაშვილი გახდა. მანამდე აღნიშნულ წილს ასევე ებრაელი ბიზნესმენი პინჰას ბაიტერი ფლობდა.

ბაზრობის 28 პროცენტი კიდევ ერთი ებრაელი ბიზნესმენის, იუზელ ნონის საკუთრებაა, 15 პროცენტს ფლობს თვითმართველი ქალაქი რუსთავი, 29 პროცენტი კი სამსონ ქუთათელაძეს ეკუთვნოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პინჰას ბაიტერის მსგავსად საკუთარი წილის გასხვისებას სამსონ ქუთათელაძეც გეგმავდა.

ცნობილია, რომ პინჰას ბაიტერი დაკავშირებულია იარაღით ვაჭრობასთან. წარსულში იგი გახლდათ შპს GLOBAL DEFENSE GROUP-ის პარტნიორი. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათი საქმიანობის სფეროს იარაღით და საბრძოლო ატრიბუტიკით ვაჭრობა წარმოადგენს, თუმცა ბაიტერი ამჟამად არც ამ კომპანიაში ფლობს წილს.

ყოფილი პარლამენტარი და გენერალი, სამსონ ქუთათელაძე საჩხერეში 1964 წლის 4 მაისს დაიბადა.

სამსონ ქუთათელაძე 1991 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა.
2001 წლამდე იგი საჩხერის ბატალიონში ირიცხებოდა.
2001 წლიდან ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია.
2004-2006 წლებში იყო ეროვნული გვარდიის სარდალი.
2008 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
პარლამენტში არჩეულია როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ომში სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.
გავლილი ჰქონდა სამხედრო კურსები და წვრთნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში.
იგი დაჯილდოებული იყო
• ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
• მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის
• აშშ-ის ჯორჯიის შტატის მედალი განსაკუთრებული ღვაწლისთვის
• აშშ არმიის დეპარტამენტის მიერ გაცემული მედალი საბრძოლო მიღწევებისთვის
• აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება;
• საჩხერის საპატიო მოქალაქე
• საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი (2008)
• საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2010).

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close