საზოგადოება

,,გამალებით ფუთავენ ხელოვნების მუზეუმში ჩარჩენილ კოლექციებს და ღმერთმა იცის სად რას წაიღებენ”

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ ეს ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს და შემდეგ ვინ როგორ იმოქმედებს, იმის სინდისზე იყოს. ალბათ, გახსოვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, უფლის სამსჯავროზე მოგვიწევს წარდგომა. ახლა საქმეზე გადავალ:

იმ მუზეუმში, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის ჩამოტანილი საგანძური ინახება, მიმოსვლის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა. დღეს მუზეუმში არ შემიშვეს, იქაურობის მმართველების სიტყვიერი მითითების საფუძველზე.

საქმე ისაა, რომ 1 აგვისტოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფოიეში მომხდარი ინცინდენტის (რა დროსაც ეროვნული მუზეუმის გენდირექტორს მოადგილე მიხეილ წერეთელმა გადამღები აპარატი წამართვა და გაიქცა…) მეორე დღეს ეროვნული მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დავით ჩიხლაძემ ამავე მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს მოხსენებითი ბარათით მიმართა, რაც ბატონი ლორთქიფანიძის მხრიდან ბრძანება N1589-ის გამოცემის საფუძველი გახდა. ბრძანება ასეა დასათაურებული – „შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმოსვლის განსაკუთრებული რეჟიმის შესახებ“.

დღეს სამსახურიდან ეროვნული ბიბლიოთეკისკენ მივდიოდი და უცებ, გადავწყვიტე შემევლო ხელოვნების მუზეუმში და რატომ იცით?! ერთმა წესიერმა ქართველმა მითხრა, რომ ოქროს ფონდში შეშვებაზე პრობლემებია, ჩემი მისვლის მიზნით დაინტერესდნენ და ლამის ფეხის ზომაც მკითხეს, ჩემს თვალწინ რამდენიმე ადამიანს დაურეკეს და შევეშვი თუ არა ეკითხებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა გამატარეს, მაგრამ ვაი ამ გატარებას, დავიზაფრეო.

ხვალ, 12 აგვისტოს გადაცემა მაქვს და ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა „ობიექტივის“ მაყურებლისა და მსმენელისთვის უკეთ, რომ გამეცნო, ეროვნულ ბიბლიოთეკას გავცდი და მივედი ხელოვნების მუზეუმში. პირადობის მოწმობა გამომართვეს; შემდეგ ოფიცერი გამოიძახეს; მან რამდენიმეჯერ სადღაც გადარეკა. ბოლოს თავაზიანად მითხრა, ვერ შეგიშვებთო. რატომ-მეთქი და ასეთი სიტყვიერი მითითება მივიღეთ; დღეს რომ მოვედით სპეციალური ბრძანება დაგვხვდაო. თქვენი მინისტრი, თქვენი უშუალო ხელმძღვანელი ხომ გიორგი გახარიაა-მეთქი და დიახო, – მომიგეს. ბრძანება მაჩვენეთ-მეთქი, ვთხოვე და მეგონა ბატონი გვახარია აწერდა ხელს, მაგრამ შევცდი – ლორთქიფანიძეა ავტორი. ბრძანებას გავეცანი.

ჩემო ძვირფასო ფეისბუქმეგობრებო და რეალურ ცხოვრებაში მეგობრებო – მე როგორ ვიმოქმედებ, ზუსტად ვიცი. ჩემს გეგმას აქ არ გამოვფენ – საქმეს რომ გავაკეთებ, მერე დავწერ. იმედია, თქვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში გაინძრევით და მხოლოდ იმის წერით არ შემოიფარგლებით, რომ მე ვარ „გმირი, მამაცი და ძალიან მაგარი გოგო“. თქვენს კომენტარებს და რეაგირებას ხვალამდე ვერ ვნახავ და ვერ გიპასუხებთ.

დანარჩენს ხვალ, 12 აგვისტოს, 15 საათზე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში, გადაცემა „მემკვიდრეობაში“ ვიტყვი

ბოლოთქმა – შეგახსენებთ, რომ გამალებული ფუთავენ ხელოვნების მუზეუმში ჩარჩენილ კოლექციებს. დახურავენ მუზეუმს და შემდეგ საგანძურის შეფუთვაზე გადავლენ და ღმერთმა იცის სად რას წაიღებენ და რას როგორ დაანაწილებენ, თუ დაინაწლებენ. ეს ჩემი ვარაუდია, რასაც საფუძველი აქვს

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close