ჯანდაცვა

დავით სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროს ახალ გეგმაზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების ფარგლებში, საექიმო სპეციალობის მაძიებლებსა და მოქმედ რეზიდენტებს სტიპენდიის დაწესების საკითხებზე ის სიახლეები გააცნო, რომელსაც სამინისტრო გეგმავს. უწყების ახალ გეგმაზე, პირველადი ჯანდაცვის გამოწვევებსა და ხარისხიან მკურნალობაზე „მაესტრო“ დავით სერგეენკოს ესაუბრა.

 _ გთხოვთ აგვიხსნათ, რა სიახლეებს ეძღვნებოდა თქვენი დღევანდელი შეხვედრა?

_ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის გაგვეცნო ის ახალი შესაძლებლობა, რაც მათი მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ დაგეგმა. თუ 3 წლის წინ შევძელით, რომ 25-ზე მეტი დიპლომის შემდგომი განათლების მაძიებლებისთვის დაგვეფინანსებინა სწავლა მხოლოდ კონკრეტული მიზნით, რომ ისინი რაიონებში, საზღვრისპირა რეგიონებში იმუშავებდნენ და დეფიციტურ სპეციალობებს შეავსებდნენ, ამჯერად საშუალება მოგვეცა 10-მდე რეზიდენტისთვის გამოგვეხატა მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში მიზანი ისაა, რომ ის, ვისაც აქვს მაღალი მოტივაცია, ვინც მიიღებს ყველაზე მაღალ სარეიტინგო ქულას, არ შეექმნას ფინანსური ბარიერი და ამის გამო არ დაკარგოს მოტივაცია, გახდეს ექიმი. ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა პერსპექტიული ახალგაზრდების მოტივაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

  _ სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში ამბობდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. შეგიძლიათ შეაფასოთ, დღეს რა შედეგები გვაქვს ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით?

_ ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხის კონტროლი, მართლაც მოცულობითი სფეროა, ამიტომ ვეცდები იმ ორ მიმართულებაზე გავაკეთო აქცენტი, რაც ამ მიმართულების პროგრესისთვის დავიწყეთ. პირველი, ეს არის ინფექციებზე კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში და არა მარტო სამედიცინო დაწესებულებებში. დეტალებში შესვლა შემიძლია, დამერწმუნეთ, რომ ინფექციების პრევენცია და თავიდან აცილება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხარისხის უზრუნველყოფისათვის. თუკი ეს არ კონტროლდება, დამანგრეველი ფაქტორია. მეორე – ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ხშირად შეცდომით ჰგონიათ, რომ ეს არის მხოლოდ მაღალტექნოლოგიური მდგომები და მხოლოდ უპრეცედენტო ფილიგრამული ოპერაციები. სინამდვილეში, ეს არის წვდომა პირველად ჯანდაცვასთან და სინამდვილეში, ეს არის დაავადებების პრევენცია და გართულებების თავიდან აცილება. ამ მხრივ პროგრამა, რომელიც ივლისში დავიწყეთ, ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს მოხსნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ვგულისხმობ მედიკამენტების შეძენის ფინანსურ ბარიერს, რადგან ეს იყო პირველად ჯანდაცვასთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი. თუნდაც ამ ორი მიმართულების დასახელება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ აჩვენოს ჩვენი გეგმის ქმედითობა. ეს გეგმები მრავალია, მაგრამ ვეცადე ორი საკვანძო მიმართულებისთვის გამესვა ხაზი.

 _ სამედიცინო საზოგადოების განათლება ალბათ არის მთავარი, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და ამ კონტექსტში საერთაშორისო გაიდლაინების დანერგვა ალბათ მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს ექიმებს იმისთვის, რომ სწორად უმკურნალონ პაციენტებს და რაც მთავარია, საექიმო შეცდომებისგან თავი დაიცვან. ამ მხრივ თუ არის პროგრესი და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დამტკიცებულია საერთშორისო გაიდლაინები და ექიმები ერთი გარკვეული სტანდარტით მკურნალობენ პაციენტებს?

_ საერთაშორისო გაიდლაინები და პროტოკოლები ქართულად ადაპტირებული, თარგმნილი და დამტკიცებულია რამდენიმე ათასი, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ზოგ შემთხვევაში გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე საუბრისას ადამიანებს მცდარი წარმოდგენა ექმნებათ, რომ აი, თუ გაქვს გაიდლაინი, კარგად და ხარისხიანად მკურნალობ და თუ არ გაქვს, მაშინ -არა. სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი რგოლი ექიმის განათლებისა და მისი ხარისხის მწკრივში, რაც არის: საუნივერსიტეტო განათლება, დიპლომის შემდგომი განათლება, უწყვეტი სამედიცინო განათლება, მისი ყოველდღიური მუშაობა, სამეცნიერო კონფერენციები და ერთ-ერთი რგოლია ეს გაიდლაინები. ამით იმის თქმა მინდა, რომ რაოდენობრივად მართლაც ბევრი, შთამბეჭდავი რაოდენობის გაიდლაინები გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ხარისხიანი სამედიცინო მოვლის გარანტი. ეს ბევრად ფართო საკითხია.

  _ პირველადი ჯანდაცვა ახსენეთ. როგორც სხვადასხვა კვლევები აჩვენებენ, ძალიან ხშირად პაციენტები სწორედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების გვერდის ავლით მიმართავენ ხოლმე სპეციალისტებს. ამ პრობლემას როგორ ებრძვით? მათ შორის, ეს უკავშირდება ჯიბიდან გადახდების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს, როდესაც პაციენტი სახელმწიფო სქემებში ჩართული არ არის და თვითნებურად მიდის საკუთარ არჩეულ სპეციალისტთან. ამის პრევენცია როგორ შეიძლება?

_ რასაც თქვენ აღნიშნავთ, ეს ასეა და ეს სამწუხარო რეალობაა. იდეალურ ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის სამედიცინო საჭიროებების 80%-ს უნდა აგვარებდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და მხოლოდ 20%-ს უნდა სჭირდებოდეს სტაციონარისთვის მიმართვა. ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს პირამიდა თავდაყირაა და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში პაციენტები პირდაპირ სტაციონარს მიმართავენ და ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაავადება უკვე პროგრესირებულია, შორს წასულია და გართულებები მოჰყვება. ამას ბევრი მიზეზი აქვს – ინფრასტრუქტურული, კვალიფიკაციის და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო და ნაწილობრივ რჩება ასეთი რამ: სტაციონარული მკურნალობისაგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფინანსებს ყველაფერს, მათ შორის მედიკამენტებსაც. ხოლო პირველადი ჯანდაცვის ექიმთან მისვლისას პაციენტის ექიმთან ვიზიტი ფინანსდება, მაგრამ დანიშნულება, რასაც ექიმი გამოწერს, ის პაციენტმა თავად უნდა იყიდოს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ბარიერია. ბარიერებია ბევრია, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს იყო ყველაზე მთავარი და სწორედ ამის მოხსნას ვეცადეთ 1 ივლისიდან ამოქმედებული პროგრამით, როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები ჩვენ ვუზრუნველყავით და მათი შეძენა ამ ადამიანებს თვეში მხოლოდ 1 ლარი დაუჯდებათ.

 _ მედიკამენტების სიის გაფართოება თუ იგეგმება? რა ჩამონათვალიც არსებობს, პაციენტების მხრიდან ხშირად პრეტენზიის მიზეზია.

_ დამერწმუნეთ, რომ ეს სია შემთხვევით აღებული არ არის, ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული ქრონიკული დაავადებები და ეს არის ამ დაავადებების სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატები. რაც შეეხება პროექტის შემდგომ გაფართოებას. ჩვენ პირველ ივლისს დავიწყეთ ეს პროექტი და მინიმუმ ექვსი თვეა საჭირო სრული ანალიტიკის ჩასატარებლად. სამი თეორიულად დასაშვები ვარიანტია: დავტოვოთ იგივე, მედიკამენტების და ბენეფიციარებიც; მეორე – გავზარდოთ მედიკამენტების ჩამონათვალი და მესამე – გავზარდოთ ბენეფიციარების ჩართულობის კრიტერიუმი, რომ უფრო მეტს მივცეთ ამის საშუალება. იმისთვის, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ანალიზისთვის გარკვეული დრო გვჭირდება და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს მოგვეცემა ამ ანალიზის საშუალება, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში ახალი გადაწყვეტილების მზად ვიქნებით.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close