საზოგადოება

ბოლნისში ჩატარებული კვლევის სკანდალური შედეგები _ ,,ეს მეტალები სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია!”

სერგო ჩიხლაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი:

_ კიდევ ვკითხულობთ რატომ არის ქართულ პროდუქტებში ტყვიის და სხვა მეტალების ჭარბი, სიცოცხლისთვის საშიში კონცენტრაცია?!
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც აწარმოებს კომპანია “RMG” დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდე არის გაზრდილი.
2017 წლის კვლევის მონაცემებით, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგებსა და წყლებში კატასტროფულად არის მომატებული მძიმე ლითონების შემცველობა როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთ აღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებულად საზიანო გავლენას ახდენს.

ტყვია ზემოთაღნიშნული რაიონების სოფლებში (ნიადაგში) 300% აღემატება დასაშვებ ნორმას, კადმიუმი-600% ით, ხოლო ზოგიერთი მდინარის წყალში კადმიუმის კონცენტრაცია 1240-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

 რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა და მეცხოველეობა, RMG წარმოებით დაბინძურებული მდინარეების მაშავერას და ფოლადაურის წყალი კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბინძურდება საასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ავადდება პირუტყვი. ბოსტნეული და მცენარეები დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. ამ მწვანილს, ხორცს და სხვა პროდუქტებს მოვიხმართ ჩვენ, ყველა და ჩვენი შვილები მთელ საქართველოში!

მძიმე მეტალები გავლენას ახდენს ფაქტობრივად ყველა ორგანოზე და სისტემაზე – სასუნთქ, ნერვულ, ჰემატოლოგიურ, საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე, იმუნურ სისტემაზე.
 განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ისინი ახდენენ ბავშვებზე – თავის ტვინის დაზიანება, ჰიპერაქტიურობა, კითხვისა და მეტყველების უნარების დაქვეითება, კოორდინაციის გაძნელება, ქცევის პრობლემები. აკადემიური მოსწრება იკლებს, ინტელექტის მაჩვენებლები უარესდება, ზრდა და განვითარება ფერხდება.
 ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას მცირე რაოდენობას ტყვიაც კი ვნებს, მითუმეტეს, ისეთი ჭარბი რაოდენობები რაც ამ რაიონების ნიადაგში და წყლებშია აღმოჩენილი.
გარემოს უკიდურესი დაბინძურების გარდა, კომპანიის და მის უკან მდგომი ხალხის ინტერესებს ასევე შეეწირა ბუნებრივი და სოციალური გარემო. აგრეთვე, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის, მსოფლიოში უძველესი საყდრისის ოქროს მაღარო.

P.S. ესეც არ იკმარეს და ახლა დამატებით, კიდევ 16 ჰექტარის გადაცემა უნდათ ამ კომპანიისთვის, რომ კიდევ უკეთესად მოწამლონ გარემო და ადამიანები!

“ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკური პერსპექტივიდან” ფარგლებში. კვლევა განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს, თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close