საზოგადოება

ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. ეს გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიიღეს, რომელიც კრაკოვში გაიმართა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, დღევანდელ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის – ბაგრატისა და გელათის საკითხი. ამის შესახებ მან 1tv.ge-ს განუცხადა.

“ბაგრატიც და გელათიც, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ერთ ნომინაციაში იყვნენ შეყვანილნი, 2010 წელს გადაიყვანეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში. ამ სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო საზღვრების მოდიფიკაცია, რაც თავისთავში გულისხმობს, რომ გელათი დარჩა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ხოლო ბაგრატი აღარ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. კომიტეტის ყველა წევრმა ერთხმად აღიარა და ერთხმად განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარმა, ჩატარებული რესკონსტრუქციის შემდეგ, დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას, პრობლემებს უკან ვტოვებთ და ახალი ფურცლიდან ვიწყებთ ყველაფერს”, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში რჩება.

1994 წელს გელათი, ბაგრატთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. 2010 წელს, ბაგრატის რეკონსტრუქციის შემდეგ, ბაგრატი და გელათი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close