საზოგადოება

,,აღმაშენებელზე კაფე-ბარები მერიას არ დაუხურავს, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა”

   განახლებულ აღმაშენებელზე კაფე-ბარების ირგვლივ, ბოლო დღეებში განვითარებული პრობლემების შესახებ პრესასა და ტელევიზიებში განსხვავებული ინფორმაციები გავრცელდა. საკითხში უკეთ გასარკვევად, “ფოსტალიონი” ადგილზე გავიდა და ქუჩაზე  მოსიარულე დამთვალიერებლებს, კაფე-ბარების სტუმრებს, მეპატრონეებს და თანამშრომლებს გაესაუბრა.

როგორც  გავარკვიეთ, ცოტა ხნის წინ, განახლებულ ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს საკუთარი ამხანაგობა შეუქმნიათ, რომლის საშუალებითაც მერიასთან ურთიერთობები და მუშაობის პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემები ერთობლივად უნდა მოაგვარონ. “ფოსტალიონი” ახლადშექმნილი ამხანაგობის საბჭოს  წარმომადგენელს, ერთ-ერთი ბარის მეპატრონეს მამუკა გოგლიძეს შეხვდა და  გაესაუბრა. როგორც მან  გვითხრა, ბოლო დღეებში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით ატეხილი ხმაური გაზვიადებული და რეალობას აცდენილია.

     მამუკა გოგლიძე: -ამხანაგობის დაფუძნება თბილისის მერიის მოთხოვნა იყო იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ჰქონოდა იურიდიული ფორმა. გვითხრეს, რომ   შეგვიწყობდნენ ხელს სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში- იქნებოდა ეს რაიმე ნებართვა, თუ ტექნიკური სახის დეტალები. მით უმეტეს, რომ ზაფხულის სეზონის დამთავრებისთანავე, სექტემბრიდან, ვიწყებთ  ყოველ კვირეულ ღონისძიებებს და სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც მერიასთან და ყველა ბარ-რესტორანთან იქნება შეთანხმებული.
     _ რა მოხდა რეალურად თქვენს ქუჩაზე, რატომ დაიხურა კაფე-რესტორნების ნაწილი?

_ არაფერი არ დახურულა, თუკი ვინმემ თავისი ნებით კარები გადაკეტა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. არავინ მისულა და არ დაუხურია. მნიშვნელოვანია ერთი რამ- როდესაც ეს ქუჩა კეთდებოდა, აბსოლუტურად ყველა მეპატრონე იყო გაფრთხილებული, რომ ქუჩას აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც მერიის მიერაა შემუშავებული, ეს ქუჩა უნდა ყოფილიყო ტურისტული ზონა, სადაც უამრავი დამთვალიერებელი მოვიდოდა. ასევე ყველაფერი უნდა ყოფილიყო მერიასთან შეთანხმებული. დროთა განმავლობაში ქუჩის 70 % შეივსო, ყველა მუშაობს, ურალოდ ბარების ნაწილმა გარე პერიმეტრზე მოაწყო დასაჯდომი ადგილები ისე, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

   _ მეპატრონეები ამბობენ, რომ მერიამ გარე პერიმეტრიდან სკამების აღება მხოლოდ ერთ ნაწილს მოთხოვა. 

_ მე მერიის მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, რატომ მივიდა მათთან და არა სხვასთან. აქ საუბარია კონცეფციაზე. მერიამ ჩათვალა, რომ გარკვეულ ნაწილში ეს კონცეფცია და ქუჩის ვიზუალური მხარე იყო დარღვეული. ამ სახლებს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს არ არის ჩვეულებრივი ქუჩა ისეთი, როგორიც აბაშიძე, ფალიაშვილი ან სხვა. მერია ამბობს, რომ ამ ქუჩასა და ბარ-რესტორნებს შორის დაცული უნდა იყოს სინთეზი . მას არავინ დაუჯარიმებია და დაუხურია, მან უბრალოდ მისცა გაფრთხილება, რომ გარე პერიმეტრიდან აელაგებინათ სკამები და მხოლოდ მაშინ გამოეტანათ, როდესაც მიიღებდნენ ნებართვას. ეს არის შუალედური პროცესი. შემდეგ გაირკვევა, რას დაუმტკიცებენ მათ და რას არა.

    _ თუმცა სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებში და ტელევიზიებში გაჟღერდა , რომ მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს აჯარიმებენ და ყრიან.

_ ასეთი არაფერი მომხდარა. კარგად ხედავთ, რომ აქ ყველა ბარ-რესტორანი მუშაობს , მათ შორის თურქისაც, ირანელისაც და არაბისაც.  მათ ქართველისგან არანაირი ნიშნით არ განასხვავებენ . უბრალოდ, თხოვენ ვიზუალის გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმას. აგიხსნით, რამ დააჩქარა ამ პრობლემის წინ წამოწევა: რამდენიმე დღის წინ, ქუჩაზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი პიროვნება, მოვიდა სასწრაფო, რომელიც ადგილზე მისვლას ვერ ახერხებდა. მოგეხსენაბათ, 15 მ. სიგანის ქუჩაზე აუცილებელია, რომ შუაში იყოს სამანქანო გზა, ეს არის ევროპული სტანდარტი. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ დაუშვებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შევიდეს ქუჩაზე. ეს ადამიანი დღეს კარგად არის, თუმცა იმ ხმაურმა, რაც გამოიწვია ამ ინციდენტმა, მერიამდე მიაღწია. როდესაც მერია მოვიდა, დახვდა ყოველგვარი წესის გარეშე მოწყობილი ბარ-რესტორნები, გადაკეტილი გასასვლელები. კაფე-ბარები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო შორს გამოვა ქუჩის შუაგულისკენ.

   _ როგორც გვითხრეს, ბოლო ხანს, უკვე ფეხით მოსიარულეებისთვისაც ძნელი იყო გავლა, ისე შორს იყვნენ გამოსულები .

_ დიახ სწორედ ასეა. მერია დაინტერესდა კონკრეტული ბარ-რესტორნების ნებართვებით , ვის რამდენი მაგიდის დადგმის ნებართვა ჰქონდა. ზედამხედველობის სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ აელაგებინათ და მხოლოდ ნებართვის აღების შემდეგ დაელაგებინათ მაგიდები. გარე პერიმეტრი სხვასაც ჰქონდა მოწყობილი, თუმცა ხელს არავის უშლიდა და კონცეფციაშიც იჯდა. მნიშვნელოვანია ერთი რამ- მერია ამბობს, რომ არ უნდა დაირღვეს ქუჩის კონცეფცია, არ უნდა იყოს სიბინძურე, დაუშვებელია გადაკეტილი საფეხმავლო გზა და ა.შ. და, რაც ყველაზე მთავარია-ამ ქუჩაზე მერია არ დაუშვებს რაღაც შემალული ობიექტების გახსნას,  არავინ რომ არ იცის შიგნით რა ხდება . მასაჟები და მსგავსი დაწესებულებები, ქალაქმა კარგად იცის, ეს რაც არის.

    – გვითხრეს, რომ  ქუჩაზე უკვე ჩილიმის მძაფრი სუნია, რაც ბევრისთვის უსიამოვნოა.

_ ეგ კიდევ ცალკე საკითხია. მერია ამასაც აღარ დაუშვებს. ის არ შედის არავის სახლში, არც შიგნით, ბარებში, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვს, რომ ქუჩაში არ იყოს გამოფენილი და აქცენტი არ იყოს გაკეთებული, რომ აქ არის საჩილიმეები. ამ შემთხვევაშიც ირღვევა კონცეფცია. მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე- მე რომ თურქეთში, ტურისტულ ზონაში ფართი ავიღო და მოვინდომო დავუშვათ, ქართული ღვინის ქვევრის ჩადგმა, ასე მარტივად არავინ ჩამადგმევინებს. ასე, რომ, არავინ არავის ერჩის, უბრალოდ ქალაქს უნდა გავუფრთხილდეთ და ყველამ წესებით უნდა ვიმუშაოთ. ქალაქში ჩილიმების ადგილი საკმაოდაა-შარდენი, აღმაშენებლის ორ კილომეტრიანი ქუჩა და სხვა. მერია ცდილობს, ახალ აღმაშენებელს დაუტოვოს ის კულტურული  სახე, რაც ეკუთვნის და ყოველგვარ ქსენოფობაზე საუბარი სისულელეა.

    _ თქვენის აზრით, ვინ და რატომ გადაწყვიტა, ამ ყველაფრისთვის მიეცა ქსენოფობიური სახე, როგორც ეს ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ მოგვაწოდა ?

_ ზოგს რატომღაც ტელევიზია მოსამართლის როლში გამოყავს.  გონიათ, ტელევიზიას თუ დაუძახებენ, ის ტელევიზია გამოიტანს განაჩენს და ეტყვის- შენ ხარ მართალიო. ეს არ არის ასე, ტელევიზიას მოსამართლის როლი არ ეკისრება. თუკი ვიღაცა ფართის მეპატრონემ არ გააფრთხილა, რომ არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც არ უნდა დაირღვეს, ან გააფრთხილეს, მაგრამ ყურად არ იღო, დამნაშავე საკუთარ თავში უნდა ეძებოს.

   _მეპატრონეები, რომლებსაც გაუკეთდათ ფართები და ფაქტიურად მერიამ სამუდამო კაპიტალი შეუქმნა, ალბათ იყვნენ გაფრთხილებული, რომ გაქირავებისას გარკვეული პირობები უნდა დაეცვათ?

_ აბსოლუტურად ყველა მეპატრონე იყო გაფრთხილებული. მათ შეუძლიათ იმუშაონ, ან გააქირავონ თავისი ფართები, მაგრამ თუკი ქუჩის კონცეფცია დაირღვევა, პრობლემა შეექმნება ინვესტორს და შესაბამისად მასაც. კიდევ ვიმეორებ, არავისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმა არ დაუწერიათ. მათ მიეცათ გაფრთხილება. ქალაქის ვიცემერი 3-ჯერ შეხვდა კაფე-რესტორნების მეპატრონეებსაც, ქუჩის მცხოვრებლებსაც. მათგან ერთმა ნაწილმა ვერ გაიგო, რატომ უნდა შეათანხმონ მერიასთან ვიზუალი და რისთვისაა საჭირო ნებართვა, მოიყვანეს ტელევიზიები და და ატეხეს ხმაური, ჩვენი გაყრა უნდათო. არავინ არსად არ გაუყრიათ, ქუჩა ჩვეულებრივად მუშაობს, ვიზიტორები და ტურისტებიც ჩვეულებრივად დადიან  .

   _ ამ სიტუაციაში რა როლი ეკისრება თქვენს ამხანაგობას?

_ ამხანაგობაში ნებისმიერ წინადადებას განვიხილავთ, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებთ, რომ დავჯდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება ერთს რაიმე ღონისძიების იდეა მოუვიდეს, ერთს დასუფთავების, ერთს გამოფენის იდეა. ნებისმიერ საკითხს ერთად განვიხილავთ. თუკი ვინმე თვლის, რომ არ უნდა ითანამშრომლოს ჩვენთან, არ უნდა ითანამშრომლოს მერიასთან და რადიკალურ ფორმებს უნდა მიმართოს, ისინი თავის გზაზე, ჩვენ კი ჩვენს გზაზე გავაგრძელებთ სიარულს, ეს არის მიდგომა. იმისთვის, რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილი, საჭიროა ურთიერთგაგება . ის მხარე, რომელიც მოლაპარაკებებზე არ მიდის, წაგებული რჩება. ამ გაფრთხილებული ბარ-რესტორნების მეპატრონეთაგან ბევრი მოვიდა და თქვა- მე არ ვიცოდი, მითხარით როგორ გავაკეთოო. მათ მერიამ მოუსმინა და გაუგო. შემდეგში რა იქნება, ამას საქმე დაგვანახებს.

     განახლებულ ქუჩაზე დღეს თითქმის ყველ კაფე-ბარი ღიაა და სტუმრებს მასპინძლობს. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა “ფოსტალიონთან” საუბარში აღნიშნა, ბოლო დროს, სიტუაცია ქუჩაზე ქაოტური იყო. ” სავალ ნაწილზე გამოტანილმა სკამებმა, ქოლგებმა და მაგიდებმა ქუჩის იერსახე თითქმის დაფარა და ეს ჩარევა დროული იყო.  ცივილიზებულ ქვეყანას წესრიგის მოყვარული ხალხი ქმნის”-გვითხრა მან.

წყარო: postalioni.com

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close