საზოგადოება

აღმაშენებელზე დაზარალებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობიდან ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად დაზარალებული 20 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ლევან რატიანი აცხადებს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

მისივე თქმით, დაშავებულ 20 წლის გოგონას კედლის ჩამონგრევის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნება. კერძოდ, ქალა-თავისა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხვა.

“პაციენტი კონტაქტურია. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კულტურის სამინისტრომ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა. უწყების შეფასებით, მომხდარი “უბედური შემთხვევაა… ფასადის რეკონსტრუქცია 30 წლის წინ მოხდა, შესაბამისად პასუხისმგებლობა ვერავის დაეკისრება”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

დღეს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს მიმართვა. დირექტორის განცხადებით, მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა არ აქვთ.

12 ივლისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობიდან ბათქაში ჩამოცვივდა. ბათქაშის საკმაოდ დიდი ნატეხი იქვე ფეხით მიმავალ ახალგზრდა ქალს დაეცა, რომელიც, თვითმხილველების თქმით, მძიმედ დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე უკვე დაიწყო გამოძება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოჰყვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close